ქართველი "სპაიდერმენი" - რას ჰყვება მაშველი, რომელმაც 100-ზე მეტი კაცი გადაარჩინა » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ქართველი "სპაიდერმენი" - რას ჰყვება მაშველი, რომელმაც 100-ზე მეტი კაცი გადაარჩინა

ქართველი "სპაიდერმენი" - რას ჰყვება მაშველი, რომელმაც 100-ზე მეტი კაცი გადაარჩინა

ეკა ასათიანი
15-06-2015


"ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივია, მიყვარდეს ადამიანი და როცა უჭირს, დავეხმარო"
ფათერაკისა და ავბედითი შემთხვევებისას გადარჩენილი ადამი­ანების ამბები ყოველთვის საინტერესოა. თუმცა, ხშირად საზოგადოებამ არ იცის ყველაზე მთავარი, - ვინ როგორ შველის ასეთ დროს საფრთხეში ჩავარდნილებს. "კვირის პალიტრა" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა და იმ მაშველის შესახებ შეიტყო, რომელსაც 100-ზე მეტი კაცი ჰყავს გადარჩენილი. 41 წლის მახარე ბზეკალავამ საინტერესო ამბები მოგვითხრო.
- მახარე ბებიაჩემმა დამარქვა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მეორე ბავშვი ვიყავი, ჩემი დაბადება ძალიან გახარებია.
- როგორც ჩანს, ამ სახელმა სიმბოლური მნიშვნელობაც შეიძინა...
- სიმართლე გითხრათ, ძალიან მიხარია, როცა ადამიანებს ვახარებ.
- იქნებ გაიხსენოთ შემთხვევა, რომელიც მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდათ?
- ჩოხატაურის ამბავს მოვყვები, რომელიც 8 წლის წინ მოხდა. მდინარე გუბაზოულმა კაცი გაიტაცა. არასწორი ინფორმაცია მივიღეთ, გვითხრეს, მეწყერი ჩამოწვა და ერთი ოჯახის სახლ-კარი წაიღო. მამაკაცმა ცოლ-შვილის გამოყვანა მოასწრო, მაგრამ თავად ნანგრევებში მოყვაო. ჩავედით ჩოხატაურში, იქ კი გამგებელი გვეუბნება, რას ამბობთ, ის კაცი 7-8 საათია, ადიდებულ მდინარეშია დაკარგული, ალბათ, ცოცხალი აღარც იქნებაო. გავაანალიზე სიტუაცია, რა მიმართულებით გაიტაცებდა წყალი კაცს, რომელი მხრიდან შევსულიყავი­ მდინარეში და ა.შ. შემდეგ თოკი გამოვიბი და აზვირთებულ ტალღებში გადავეშვი.­ ამ დროს დგას ნაპირთან ვიღაც გურული და მომძახის: "რას შვები, ძამა შენ?!" ოდნავ დამცინავი კილო აქვს, აქაოდა, თავის დასახრჩობად ხარ შესულიო. მეც გურული ვარ და პასუხიც საკადრისი დავუბრუნე. რას ვშვრები და ქვირითს ვყრი, ვერ ხედავ-მეთქი? - ვუპასუხე და გავცურე სიღრმეში.
- ამ რთულ სიტუაციაში კიდევ ხუმრობის­ თავი გქონდათ?
- იუმორი ძალიან მშველის. ის სწორედ რთულ სიტუაციაში მადგება. მოკლედ, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავიარე და ტალღამ გატაცებულ კაცთან მიმიყვანა. ცოცხალი დამხვდა. ცოტა კიდევ რომ დამგვიანებოდა, მოკვდებოდა.
- 7-8 საათი წყალში როგორ გაძლო?
- ტალღებს ერთგან ხის ტოტები და მორები მიურიყავს და ჩასჭიდებია...
- ყველაფერს როგორ ახერხებთ: სიმაღლ­იდან ხტომას, კლდეზე ცოცვას, ყვინთვას?
- ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივია, მიყვარდეს ადამიანი და როცა უჭირს, დავეხმარო. თავს მოვალედ ვთვლი, უმაღლეს დონეზე ვიყო მომზადებული, ყვინთვაც ვიცოდე, ბაგირზე­ ასვლაც, კლდეზე ცოცვაც. სამთო მომზადებაც მაქვს გავლილი და ბევრი სხვა რამ, რაც ჩემი პროფესიისთვის აუცილებელია.
ერთ საღამოს შეგვატყობინეს, რომ ნინოწმინდის გზაზე ავტომობილები ნამქერში ჩარჩენილან. მთელი ღამე შეუჩერებლად ვიმუშავეთ და ნამქერში ჩარჩენილი სამი კაცი გამოვიყვანეთ.
გაყინულიყვნენ, თუმცა სიცოცხლის ნიშნები ჯერ კიდევ ეტყობოდათ. სასწრაფოდ წელს ზემოთ შევხსენი­ ტანსაცმელი, მივიხუტე და სათითაოდ გავათბე საკუთარი სხეულით... სამივე გადარჩა, მე კი უბედნიერესი ვიყავი.
სამივე გაზგაყვანილობის მუშა იყო.
- ძალიან საინტერესოა ჭიათურის საბაგიროს შემთხვევა...
- დიახ, საბაგიროს კალათის (სალონის) გადაადგილებას სამი ბაგირი უზრუნველყოფდა. ერთ-ერთი, გამწევი ბაგირი მოწყდა და დარჩა 16 კაცი ჰაერში გადმოკიდებული, მიწიდან 25-30 მეტრ სიმაღლეზე. შეტყობინებიდან სამ საათში­ შემთხვევის ადგილზე ვიყავით. ის ხალხი აგვისტოს პაპანაქებაში 8-9 საათი ჰაერში იყო გამოკიდებული. რამდენიმეს ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდა. ამწეს მეშვეობით გარკვეულ სიმაღლემდე ავედი, თოკი გადავაგდე, ბაგირს ჩავაბი და სალონში შევცოცდი, სადაც 16 გაბრაზებული მგზავრი დამხვდა. მითხრეს, შენი დამატებაღა გვინდოდაო... სტრესში იყვნენ და საჭირო იყო, მათი დამორჩილება, რათა წინასწარ შემუშავებული გეგმა სისრულეში მომეყვანა. როგორც იქნა, დავითანხმე და მიწაზე სათითაოდ თოკით ჩამოვსვი...
თუმცა ყველა ამბავს­ ბედნიერი დასასრული ვერ ექნება.
არასდ­როს­ დამავიწყდება გოგონა, რომელიც, ფაქ­ტობრივად, ჩემს ხელში გარდაიცვალა­. ეს საირმისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ბიჭს გოგო ცოლად მოჰყავდა და დედ-მამისთვის უნდა გაეცნო. ამ დროს მათი ავტომობილი ხევში გადაიჩეხა.
ბიჭი დროულად გადმოხტა და გადარჩა, გოგომ კი ეს მხოლოდ მაშინ მოახერხა, როცა მანქანა 15-20 მეტრით ქვემოთ დაეშვა. გოგ­ონა­ გადმოვარდა, ავტომობილი კი უფრო ღრმად გადაიჩეხა ხევში. როცა გოგონას მივაკვლიეთ, ჯერ კიდევ კონტაქტური იყო, მაგრამ ამოყვანისას სული დალია. ამ შემთხვევას ვერაფრით ვივიწყებ. თავს ვიდანაშაულებდი, რატომ უფრო ადრე არ მივედი-მეთქი. ექიმმა მითხრა, მაინც ვერ გადაარჩენდი, რადგან ყველა შიდა ორგანო დახეთქილი ჰქონდაო. ასე რომ, მაშველების ცხოვრება მხოლოდ კარგი ამბებით კი არა, სტრესებითაც არის სავსე, ურთულესი პროფესია გვაქვს.
- რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც თქვენ გადაარჩინეთ?
- მოვიკითხავდი ყველას, კარგად ყოფ­ნას ვუსურვებდი და ამასთან, ქვეყნისთვის კარგი საქმეების კეთებასაც... ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან ცხოვრებას აზრს ადამიანობა აძლევს. მინდა, გავაფრთხილო ახალგაზრდები, რომლებიც ხშირად დადიან სალაშქროდ: ყოველთვის­ თან იქონიონ ასანთი და ნაჭერი, თუკი გზა აებნევათ და დაიკარგებიან, დაანთონ ცეცხლი. დაკარგული კვამლით შეიძლება იოლად იპოვო. მახსოვს, ტობავარჩხილში თბილისიდან წასული, გზააბნეული და ხევ­ში გადაჩეხილი სტუდენტი სამი დღის შემდეგ ვიპოვეთ. მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა... თურმე სტუდენტები დაახლოებით 70%-ით დახრილ ქვიან დაღმართზე მიცოცავდნენ, როცა ბიჭი ჩაგორდა.­ კიდევ კარგი, მასთან ორი გოგონა იყო, რომლებიც დაზარალებულს უვლიდნენ. თუმცა, არც ერთს არ მოაფიქრდა, ცეცხლი დაენთო ან ვერტმფრენის ხმაზე ნაჭერი აეფრიალებინა. ასე რომ, აუცილებლად გაითვალისწინონ ჩემი რჩევები.
წყარო:www.kvirispalitra.ge
787
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.
რეკლამა