ჩვეული ენთუზიაზმით » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ჩვეული ენთუზიაზმით

ალექსანდრე ჩუბინიძე


ჩვეული ენთუზიაზმით თანამოსაუბრის მაგიდაზე სამი მოზრდილი, ლამაზად გაფორმებული ალბომია, სადაც დიდი ინტერესით ვათვალიერებ 80 წელს გადაცილებული შრომისა და სახანძრო დაცვის ვეტერანის შ/ს კომიტეტის გადამდგარი პოდპოლკოვნიკის დიმიტრი კონსტანტინეს ძე მალაღურაძის მიერ განვლილ და მიმდინარე საბრძოლო, შემოქმედებით საქმიანობის ამსახველ ფოტოებს, დოკუმენტებს და ჯილდოებს.
მიუხედავად ხანდაზმულობისა, დ.მალაღურაძე მხნედ გრძნობს თავს და ჩვეული ენთუზიაზმით განაგრძობს შემოქმედებით მუშაობას. სახელოვანი ვეტერანი სიამოვნებით იგობებს ქ. თბილისის სახანძრო დაცვის უფროსის მოადგილის გ.ლითანიშვილის მიერ მიცემულ რეკომენდაციას, თავისუფალ მსმენელად შესვლის დროს მეთაურთა მოსამზადებელ სახანძრო-ტექნიკურ კურსებზე, რომელიც არსებობდა პირველი სახანძრო რაზმის ბაზაზე (ყოფ.ელიავას ქ. №4). დ. მაღლაღურაძემ შემდეგ სწავლა გააგრძელა ლენინგრადის სახანძრო ტექნიკუმში. 1930-1933წ. მსახურობდა მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო აეროპორტში, ხოლო 1935 წლიდან კი მშობლიურ მხარეს უბრუნდება. აქ მას ნიშნავენ განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ აწინაურებენ განყოფილების უფროსის მოადგილედ, ხოლო 1940-1941 წლებში კი რესპუბლიკის შსს სახანძრო დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილეა.
მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის ჩვენს ღვაწლმოსილ ვეტერანს როგორც ცეცხლთან ბრძოლაში, ასევე რესპუბლიკის სახანძრო ნაწილების საბრძოლო მომზადების, სახანძრო-გამოყენებითი სპორტის განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში, რისთვისაც იგი დაჯილდოებულია „წითელი ვარსკლავის“ ორდენით. „საბრძოლო დამსახურებისათვის“ და სხვა მრავალი მედლით, საპატიო სიგელებით და საჩუქრებით.
სახელოვანი ვეტერანი დიდი სიამაყის გრძნობით იგონებს თავის საბრძოლო ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს, როდესაც თანამებრძოლ ა. აგიმირზოვთან, გ.მამისაშვილთან, ა.ნაჭყეპიასთან, ვ.კალმიკოვთან და სხვებთან ერთად არაერთხელ ჩაუქრია რთული ხანძარი. მათ შორის იგი ასახელებს: ერთერთ სამხედრო ობიექტს თბილისში, რუსთაველის სახ. თეატრს, ხის დამამუშავებელ კომბინატს, ქეჩის ფაბრიკას, საცხოვრებელ სახლებს.
დ.მაღლაღურაძე საზოგადოებრივ საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობს. ვათვალიერებთ მის მიერ ნათარგმნ და გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოებს, მოგონებებს, პუბლიცისტურ წერილებს, რომლებშიც ნაჩვენებია ქართველ მეხანძრეთა ის ძირითადი ამოცანები, რომლებიც მებრძოლთა დასაყრდენს წარმოადგენს ქონების ცეცხლისაგან დაცვის სადარაჯოზე.
ახლახან კი ბატონმა დიმიტრიმ თარგმნა ნაშრომი, რომელშიც ასახულია ლენინგრადის მეხანძრეთა საგმირო ეპიზოდები ბლოკადის პერიოდში.
კვლავაც ჯანმრთელლობა, ბედნიერი ცხოვრება და ნაყოფიერი მუშაობა ვუსურვოთ ამ ღვაწლმოსილ ვეტერანს.

1989წ.

წიგნი „არავინ და არაფერია დავიწყებული“ თბ.1992წ. გვ.16-18
1636
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.