თავდადებული » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

თავდადებული

დიმიტრი მალაღურაძე


1927 წლის მაისის თვე იყო, როცა ახალგაზრდა ვასილ ბარამიძემ, განცხადებით ხელში, თბილისის სახანძრო დაცვის უფროსის ალექსანდრე ოტიას ძე ბერიძის სამუშაო ოთახის კარი შეაღო, რომელიც პირველი სახანძრო რაზმის შენობაში, სოლოლაკის მიდამოებში, ელიავას ქუჩაზე მდებარეობდა.
ბატონმა ალექსანდრემ ახალგაზრდას გამოჰკითხა ვინაობა. იგი ჩოხატაურის რაიონიდან იყო წარმოშობით, ისევე როგორც თვითონ. ბერიძის განკარგულებით, ახლად მოსული პირველ სახანძრო რაზმში რიგით მებრძოლად მიიღეს. მან პირველი სახანძრო რაზმის ერთ-ერთ ქვედანაყოფში, ყარაულის უფროს გიორგი წიქარიშვილთან დაიწყო მუშაობა.
გიორგი წიქარაშვილმა გულთბილად მიიღო კარგი გარეგნობის ახალგაზრდა და ყარაულში ტელეფონისტობა დაავალა, რადგან ყარაულის სხვა მეხანძრეებს უჭირდათ ამ მოვალეობის შესრულება.
ახალგაზრდა მეხანძრე ვასილ ბარამიძე, გულმოდგინედ შეუდგა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. ტელეფონისტმა, რაც შეიძლება ზუსტად უნდა მიიღოს მოქალაქეებისაგან შეტყობინება ხანძრის შესახებ, ჩაიწეროს მისამართი, მისცეს განგაშის ზარი, გამოწეროს საგზური და დროულად გადასცეს ყარაულის უფროსს ხანძრის სალიკვიდაციო ზომების მისაღებად.
სულ მოკლე დროში თავისი ქცევით ვასილმა ყარაულში თავი გამოიჩინა. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სახანძრო ნაწილის მუშაობაში, ეხმარებოდა ადგილკომის თავმჯდომარეს ვასილ ტრემბას, ატარებდა მოსახლეობაში ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, აგიტაციას, ახსნა-განმარტებით მუშაობას. მალე ვ. ბარამიძე ახალგაზრდა მეხანძრეებთან ერთად- სოხაძე, ტარიელაშვილი, ბიურუკოვი და სხვა. - მოწინავე მეხანძრეების რიგში ჩაირიცხა. საქმისადმი სერიოზული მიდგომით და აქტიურობით უფროსების ყურადღება და პატივისცემა დაიმსახურა.
თავდადებული

ვასილ ბარამიძე

1930 წლებში საქართველოს სახანძრო დაცვა კადრების დიდ ნაკლებობას განიცდიდა. სახანძრო რაზმებში ხელმძღვანელი თანამდებობები თვითნასწავლ, დაბალი კვალიფიკაციის, მაგრამ მამაც ადამიანებს ეჭირათ. საჭირო იყო ადგილობრივი კადრების მომზადების საკითხი გადაწყვეტილიყო, მაგრამ როგორ, ჯერ კიდევ გარკვეული არ იყო.
ამ საქმეში ჩაერია ისეთი ავტორიტეტული პიროვნება, როგორიც იყო ალექსანდრე ბერიძე- თბილისის სახანძრო დაცვისა და საქრთველოს სახალხო კომისარიატის კომუნალური მეურნეობის სახანძრო განყოფილების უფროსი. იგი ადრე, ოქტომბრის რევოლუციამდე, პეტერბურგის ერთ-ერთ სახანძრო ნაწილში მუშაობდა, სადაც დიდი გამბედაობა და თავგანწირვა გამოიჩინა. კარგი მუშაობისთვის ა. ბერიძე დააწინაურეს. 1921 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იგი თბილისის სახანძრო დაცვას ჩაუდგა სათავეში. ა. ბერიძე კარგად იცნობდა ლენინგრადის სახანძრო ტექნიკუმის უფროსს მ. ბექტაშევს, რომელსაც სთხოვა კადრების მომზადების საკითხში დახმარება, კერძოდ 1930-31 სასწავლო წლებში სახანძრო ტექნიკუმში მოსამზადებლად მიეღო ორი ქართველი ახალგაზრდა.
თბილისის სახანძრო დაცვისა და საკვამლე მილების საწმენდი და ღუმელების შემკეთებელი ტრესტის ხელმძღვანელობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამ დაწესებულების ხარჯზე 1930 წელს ლენინგრადის სახანძრო ტექნიკუმში სასწავლებლად მივლინებული იყვნენ ახალგაზრდა მეხანძრეები- ვასილ ბარამიძე და დიმიტრის მალაღურაძე.
ლენინგრადში ჩასვლისას, საქართველოდან წარგზავნილებს დიდი სიხარულით შეხვდნენ ტექნიკუმის ხელმძღვანელები და კავკასიიდან მივლინებული მე-3 კურსის სტუდენტი ვასილ კალიაევი, რომელიც კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა
ტექნიკუმის ხელმძღვანელობასა და სტუდენთა შორის. ტექნიკუმის ხელმძღვანელობასთან გასაუბრების შემდეგ საქართველოდან ახლად ჩამოსულები ტექნიკუმის პირველ კურსზე ჩარიცხეს, ხოლო ბინა მათ საერთო საცხოვრებელში მიუჩნეს.
იმ დროს ლენინგრადის სახანძრო ტექნიკუმში მაღალი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლები მოღვაწეობდნენ. ესენი იყვნენ: პროფ. ტიდემანი და მისი თანაშემწე დოცენტი სციბორსკი (წვის ქიმია), ი. ვილემი (სამშენებლო ხელოვნება). პროფ. პოზდნეევი (წყალმომარაგება), ელესინი (სახანძრო პროფილაქტიკა), ვასერმანი (ტექნიკური შეიარაღება). სახანძრო სამწყობრო მომზადებას ასწავლიდნენ, ისეთი გამოცდილი მასწავლებლები როგორიც იყვნენ მეოცე სახანძრო ნაწილის უფროსი კ. კოზირევი, პეტერბურგის სახანძრო დაცვის ოპერატიული მორიგე სკლაუნი, მე-8 სახანძრო ნაწილის უფროსი კერტლინგი, ხოლო სახანძრო ტაქტიკას ასწავლიდა სახანძრო დაცვის უფროსი არტემეევი, რომელიც თავისი ძირითადი სამუშაოს დამთავრების შემდეგაც მოდიოდა ტექნიკუმში, რომ სტუდენტებთან გაკვეთილი ჩაეტარებინა. ამ პიროვნებას დიდად აფასებდნენ ტექნიკუმის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
პრაქტიკულ საქმიანობას ლენინგრადის სახანძრო ტექნიკუმის სტუდენტები სახანძრო დაცვის ნაწილებში გადიოდნენ, ისინი დღისით ესწრებოდნენ მეცადინეობას, გაკვეთილების შემდეგ კი სახანძრო რაზმებში ასრულებდნენ რიგითი მეხანძრის მოვალეობას. ასე გრძელდებოდა სწავლის მთელ პერიოდში. აქვე უნდა ითქვას, რომ სტუდენტთა რაოდენობა სახანძრო ტექნიკუმში მცირერიცხოვანი იყო -50-60 კაცს არ აღემატებოდა.
სწრაფად გაიარა დაძაბული სწავლისა და მუშაობის სამმა წელმა, 1935 წლის ოქტომბერში, სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ვასილ ბარამიძე, სახანძრო ტექნიკუმ დამთავრებული, სახანძრო საქმის სპეციალისტი, დაუბრუნდა თავის საყვარელ თბილისს, სადაც მოსვლისთანავე პირველი სახანძრო რაზმის უფროსად იქნა დანიშნული. აქ ის 3 წლის წინათ, რიგით მებრძოლ მეხანძრედ მუშაობდა. ვ. ბარამიძე ამ საპასუხისმგებლო დავალების შესრულებას შეუდგა და იქვე პირველ სახანძრო რაზმის შენობაში, მესამე სართულზე, მისცეს საცხოვრებელი ბინა.
1934 წელს მთელი სახანძრო დაცვა გადავიდა სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში. ამ დროს თბილისში ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის სახანძრო დაცვის სამმართველო, რომლის პირველი უფროსი, საკმაოდ განათლებული, გამოცდილი კაცი ბ-ნი დავიდოვი იყო. ამ პერიოდში ვასილ ბარამიძე სამმართველოში გადაიყვანეს ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე, აქ მაინ წარმატებით გააგრძელა მუშაობა, როგორც საქმის გამოცდილმა სპეციალისტმა. 1938 წელს კი ის ბათუმის, აჭარის ასს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო ინსპექციის უფროსია, სადაც ორ წელზე მეტი დაჰყო. ამ პერიოდში აჭარის სოფლებსა და ქალაქებში წარმატებით ტარდებოდა ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები და მოსახლეობაში აგიტმასიური მუშაობა, რის შედეგად ავტონომიურ რესპუბლიკაში საგრძნობლად შემცირდა ხანძრიანობა და მისგან მიყენებული ზარალი.
1939 წელს ვასილ ბარამიძე გადმოიყვანეს თბილისში, აქ აგრძელებს მუშაობას 1942 წლამდე, როდესაც ის დაწინაურებულ იქნა რესპუბლიკის სახანძრო დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სადაც მან, გამოცდილმა სპეციალისტმა, დიდი მონდომებით დაიწყო მუშაობა. ვ. ბარამიძეს საკმაო წვლილი მიუძღვის რესპუბლიკის სახანძრო დაცვის განვითარების საქმეში, სადაც ის ამ თანამდებობაზე 1988 წლამდე, დამსახურებულ პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა.
სახანძრო დაცვის სამმართველლოს უფროსის მოადგილედ ყოფნის პერიოდში ვასილ ბარამიძემ მთელი მუშაობის ტვირთი თავის თავზე აიღო. დიდი ღვაწლი მიუძღვის მას, აგრეთვე, სახალხო მეურნეობის ობიექტებზე და მოსახლეობის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების და აგიტმასიური მუშაობის გაუმჯობესების საქმეში. საკავშირო სოციალისტური შეჯიბრების ვალდებულობათა შესრულებაში ვ. ბარამიძე გამარჯვებული გამოვიდა, მისი დამსახურების წყალობით, სსრკ-ს შ. ს. კომიტეტის 1943 წლის 14 თებერვლის ბრძანებით, სახანძრო დაცვის სამმართველოს გადაეცა ხანძრისაგან დაცვის მთავარი სამმართველოს გარდამავალი დროშა და პროფკავშირების სიგელი, ხოლო ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას გამოეცხადა მადლობა.
ვ. ბარამიძემ 1971-73 წლებში ქართულსა და რუსულ ენებზე გამოსცა წიგნი „ცეცხლთან ბრძოლა“, რომელშიც გაშუქებულია რევოლუციამდელი რუსეთისა და საქართველოს სახანძრო დაცვის განვითარების მნიშვნელოვანი გზები. ასახულია პირადი შემადგენლობის თავდადებული და გმირული მუშაობა, საქართველოს ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოებისა და სახანძრო გამოყენებითი სპორტის ორგანიზაცია და სხვა.
ვ. ბარამიძე ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას საქართველოს სახანძრო დაცვის საიუბილეო გამოცემებისა და ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, სტატიების მომზადებისა და გამოქვეყნების საქმეში. პენსიაზე გასვლის დღიდან ის არჩეულ იქნა ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ, მის მეგობარ გ. ი. მგელაძესთან ერთად, რომელიც იმ დროს ამ საზოგადოების თავმჯდომარე იყო. ვ. ბარამიძემ დიდი შემოქმედებითი მუშაობა გასწია ჩვენი რესპუბლიკის საწარმოო ობიექტების, სოფლის მეურნეობის და მოსახლეობის პირველადი ხანძრის ქრობის საშუალებებით უზრუნველყოფის საქმეში. ამ მიმართულებით საწარმოო კომბინატის ბაზაზე ათვისებულ იქნა ხანძრის ქრობის პირველადი საშუალების „ოხპ-10“-ის და მუხტის სრული ტექნოლოგიური პროცესი, რომლის დამზადების დონემ 1984 წელში 100 ათ. ცალს მიაღწია.
ვ. ბარამიძის ინიციატივით ათვისებულ და წარმოებაში დანერგილ იქნა სახანძრო-სანგრევი იარაღები: ძალაყინი, სხვადასხვა ხის კონსტრუქციების სანგრევი კოჭები, ნიჩბები, წყლის კასრები, ბოგდანოვის ტიპის სახელურების შემაერთებელი ბოლოები, საწარმოო ხასიათი მიიღო ხანძარსაწინააღმდეგო პლაკატებისა და სახანძრო სტენდების წარმოებამ.
სრული დატვირთვით დაიწყო მუშაობა საწარმოო კომბინატმა, რაც დიდი მიღწევა იყო რესპუბლიკის ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოების მუშაობაში. აქ დამზადებული პირველადი სახანძრო ტექნიკური შეიარაღების პროდუქცია იგზავნებოდა სხვა რესპუბლიკების ქალაქებსა და რაიონებში.
ვ. ბარამიძე ორმოც წელზე მეტ ხანს ემსახურა სახანძრო დაცვას, მან დიდი წვლილი შეიტანა რესპუბლიკაში ტექნიკური გადაიარაღების, სახანძრო დეპოების მშენებლობის, კადრების მომზადების, სახანძრო პროფილაქტიკური და აგიტმასიური მუშაობის თანამედროვე მოთხოვნის დონეზე დაყენების საქმეში.
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახანძრო დაცვის ორგანოებში უმწიკვლო და შემოქმედებითი მუშაობისთვის ვ. ბარამიძე დაჯილდოებულია წეთელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, საქართველოს უმაღლესი საბჭოს სიგელით, საბრძოლო მედლებით, სამკერდე ნიშნით.
მისი შემოქმედებითი ცხოვრება და თავდადებული მუშაობა, მაგალითია რესპუბლიკის სახანძრო დაცვის ყველა მუშაკისათვის.

1990 წ.


წიგნი „არავინ და არაფერია დავიწყებული“ თბ.1992წ. გვ.8-15
694
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.