უბერებელი სპორტსმენი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

უბერებელი სპორტსმენი

დიმიტრი მალაღურაძე

ღამის ოთხი საათი იყო. ქალაქი ძილს მისცემოდა. მხოლოდ მეხანძრეები იდგნენ ფხიზლად საგუშაგოზე. უცებ სახანძრო კავშირგამბულობის ცენტრალურ პუნქტში ტელეფონის ზარმა დაიწკრიალა: რუსთაველის გამზ. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი სახლს ცეცხლი უკიდიაო.
შემთხვევის ადგილას გავიდა საქართველოს სახანძრო-გამოყენებითი სპორტის ნაკრები გუნდი, რომელიც მაშინ საწრთნელი მეცადინეობას გადიოდა და საკავშირო შეჯიბრებისათვის ემზადებოდა. მის შემადგენლობაში იყვნენ ათმეთაური მიხეილ დარცმელია, მეხანძრე სპორტსმენები უშვერიძე, სარიშვილი, დ.კაკაურიძე...
უბერებელი სპორტსმენიმდგომარეობა რთული იყო. ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა და ახლომდებარე შენობაზე გადასვლით იმუქრებოდა.
ხანძრის ქრობის ხელმძღვანელის ბრძანებით მიხეილი თავისი ბიჭებით უნდა ასულიყო სახურავზე და წყლის ნაკადით ცეცხლის ენებისათვის გზა გადაეჭრა. დარცმელია ელვისებურად ეკვეთა კიბეს, კატასავით მოხერხებულად ავიდა შენობის სახურავზე და წინ უშიშრად გაიყოლია თავისი ამხანაგები. კიდევ ცოტა ხანიც და... წყლის ძლიერმა ნაკადმა გადაუღობა გზა გაშმაგებულ ცეცხლს. მაგრამ კვამლიანობა აძნელებდა მათ მუშაობას, სუნთქვა გაძნელდა... ცეცხლის ფრონტის მებრძოლები კი სულ წინ და წინ მიიწევდნენ...
-უცებ გაახსენდა მიხეილს 1948წელი, როდესაც საქართველოს პირველობაზე სახანძრო-გამოყენებით სპორტში მან გაიმარჯვა საიერიშო კიბესა და ორჭიდში და ჩემპიონის წოდება მოიპოვა. მომდევნო ორ წელიწადსაც არ დაუთმია ეს საპატიო სახელი, ხოლო 100-მეტრიანი ზოლის გადალახვაში მიხეილს ბადალი არ ჰყავდა.
...და აი, სად გამოადგა დარცმელიას მისი მაგარი ნავარჯიშევი კუნთები, სისწრაფე, ღონე, მოქნილობა... იგი მუცელზე სრიალით ძლიერი იდაყვებისა და მუხლების დახმარებით დაკვამლიანებულ სხვენში ბრძოლით ათავისუფლებდა ყოველ ნაკვეთს.
უბერებელი სპორტსმენიმალე საერთო ძალებით ცეცხლის კერა მოსპობილ იქნა.
ხანძარზე მამაცობისათვის, ენერგიული და საზრიანი მუშაობისათვის სხვებთან ერთად დაჯილდოებულ იქნა მეხანძრე-სპორტსმენი მიხეილ დარცმელიაც.
...1955 წელი. უკრაინის დედაქალაქ კიევში ტარდებოდა საკავშირო შეჯიბრება სახანძრო-გამოყენებით სპორტში.
მიხეილ დარცმელია შესანიშნავად გამოვიდა ამ შეჯიბრებაზე და ორჭიდში საკავშირო ჩემპიონის წოდება მოიპოვა, ხოლო სარიშვილთან ერთად 100-მეტრიანი ზოლის გადალახვაში, სიახლის გამოყენებით, ყველაზე ნაკლები დრო დახარჯა.
არ, რას წერდა ამის შესახებ უკრაინის მეხანძრეთა გაზეთი „ბოევოი სიგნალი: „აი, სტარტზე არიან საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო დაცვის სამმართველოს ნაკრები გუნდის მონაწილენი დარცმელია და სარიშვილი. სიახლე რომ გამოიყენეს სახელურს თავების შეერთებაში, რაც გამოიხატება მისი სირბილის დროს შესრულებაში, უჩვენეს საუკეთესო დრო -24 წამი.
ვერც ერთმა მონაწილემ, ვინც კი აიღო სტარტი ვერ შეძლო ამ შედეგის გაუმჯობესება.
საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო დაცვის სამმართველოს ჩემპიონის წოდება ორჭიდში მ.დარცმელიას მიენიჭა, ხოლო დაბკოლებათა 100 - მეტრიანი ზოლის გადალახვაში კი- ამირან სარიშვილს“.
ამავე წელს მან სახანძრო-გამოყენებით სპორტის ოსტატის წოდება მიიღო.
ვინ მოსთვლის, რამდეჯერ წარმატებით დაუცავს ჩვენი რესპუბლიკის ღირსება მიხეილ დარცმელიას, რამდენჯერ გამარჯვებული გამოსულა და პრიზიორთა რიგებშიც მოხვედრილა.
მაღალი კულტურა, მტკიცე ნებისყოფა, დაუშრეტელი ენერგია, გულმოდგინება, წვრთნაში ახლის ძიება - აი, ის ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს მისი წარმატებანი სპორტის სარბიელზე.
დარცმელია უცვლელი მონაწილეა ჩვენი რესპუბლიკის შეჯიბრებისა და თუ ბათუმის ნაკრები გუნდურ ჩათვლაში არაერთხელ გამოსულა გამარჯვებული, ეს, პირველი ყოვლისა, დარცმელიას დამსახურეებაა, რომელიც მისი წევრიც, მწვრთნელიც და სულისჩამდგმელიც იყო.
ახლა მიხეილი ორმოცს უახლოვდება და სპორტსმენი ვეტერანი მწვრთნელის სარბიელზე გადადის - იგი ბათუმის ნაკრებ გუნდს ავარჯიშებს. მართალია, მიხეილი ამ გუნდის ინტერესებსაც იცავს შეჯიბრებაში, როგორც მონაწილე, მაგრამ მისი მთავარი ყურადღება უკვე გამახვილებულია ახალი თაობის აღზრდაზე, გუნდის მომზადებაზე.
1965 წლის საქართველოს პირველობაზე მონაწილეთა შორის ჩვენ კვლავ ვხედავთ უბერებელი სპორტსმენს მ.დარცმელიას. მის მიერ ვარჯიშების შესრულება არ ჩამოუვარდებოდა ახლანდელ ჩემპიონებს. ამიტომაც იყო, რომ მიხეილმა როგორც სახანძრო-გამოყენებითი სპორტის ვეტერანმა, გაზეთ „საქართველოს მეხანძრის“ სპეციალური პრიზი დაისაკუთრა და შეყვანილ იქნა საქართველოს ნაკრებში.
უბერებელი სპორტსმენისაქართველოს ნაკრებმა გუნდმა საბჭოთა კავშირის 1965 წლის პირველობისათვის მზადება დაიწყო სპეციალურ შეკრებაზე, ნაკრების მომზადება ოთარ ჭაბუკიანთან ერთად მიხეილსაც მიანდეს.
იგი თავის მდიდარ გამოცდილებას ფართოდ უზიარებს ნაკრების ახალგაზრდა წევრებს.
საკონტროლო შემოწმების დროს დარცმელიასა და მისი მეგობრის და კოლეგის ო.ჭაბუკიანის, აგრეთვე შეკრების უფროსის ა.აღამირზოვის გაწეულმა შრომამ კარგი შედეგი გამოიღო - ნაკრების მონაწილეთა უმრავლესობამ სპორტის ოსტატის კანდიდატის შედეგები უჩვენა, ეს მნიშვნელოვანი წარმატება იყო.
და აი, ჩვენი ბიჭები ლენინგრადში ჩავიდნენ. ჩასვლისთანავე ისინი სხვა გუნდის მონაწილეთა რკალში მოექცნენ. საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთ ფავორიტად თვლიდნენ. განსაკუთრებით ყველას ყურადღება მიიპყრო მ. დარცმელიას გამოჩენამ. შეჯიბრების გახსნის წინ მთავარი მსაჯი, რუსეთის ფედერაციის სახანძრო დაცვის სამმართველოს უფროსი, გენერალი მ.ზემსკი ხელის ჩამორთმევით შეეგება მიხეილს და შეჯიბრებაში წარმატება უსურვა მას და მის გუნდს.
ამ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა გუნდმა, რომლის ერთ-ერთი მონაწილე და მწვრთნელი მ. დარციმელია იყო, გუნდურ ჩათვლაში მესამე საპატიო ადგილი დაიკავა. ეს იყო დიდი წარმატება ნაკრების ყველა წევრისა, მისი მწვრთნელისა.
ახლა ნაკრების წევრების, მისი მწვრთნელებისა და, კერძოდ, მიხეილ დარცმელიას წინაშე დგას ახალი ამოცანები და ეჭვს გარეშეა, რო უბერებელი ვეტერანი მეხანძრე, ამაგდარი სპორტსმენი, მიხეილი დარცმელია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა დაპყრობილ იქნეს ახალი მწვერვალები ჩვენი მეხანძრე სპორტსმენების მიერ.

1969 წელი.
2750
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.