ალექსანდრიის სამეფო ბიბლიოთეკა — ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა. მდებარეობდა ალექსანდრიაში. დაარსდა ძვ. წ. III საუკუნეში, პტოლემეების სამეფოს მეფის პტოლემე II-ის დროს. ბიბლიოთეკის დაარსებაში მონაწილეობდნენ პერიპატეტიკოსები დემეტრიუს ფალერელი და სავარაუდოდ სტრატონ ლამპსაკელიც. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბიბლიოთეკაში 400-დან 700 ათასამდე პაპირუსის გრაგნილი ინახებოდა. ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერი კი შედარებით მცირე ციფრს ასახელებს — 10-დან 50 ათასამდე გრაგნილი. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა აკადემია უფრო იყო, ვიდრე უბრალოდ წიგნსაცავი; აქ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მეცნიერები, რომლებიც დაკავებული იყვნენ, როგორც კვლევითი სამუშაოებით, ისე მასწავლებლობით. ბიბლიოთეკაში ასევე არსებობდა წიგნის გადამწერთა შტატი.
ალექსანდრიის ბიბლიოთეკის პირველი მცველები იყვნენ ზენოდოტ ეფესელი (ძვ.წ 234 წლამდე), მის შემდეგ ერატოსთენე (ძვ.წ 236-დან 195-მდე), არისტოფანე ბიზანტიონელი (მიახლოებით ძვ.წ 185—180 წლები). ასევე მუშაობდნენ ელინიზმის ეპოქის სხვა გამოჩენილი მეცნიერებიც, მათ შორის ევკლიდე.
ძვ.წ 48-47 წლებში იულიუს კეისარი იბრძოდა ეგვიპტეში, კლეოპატრასა და მისი ძმის, პტოლემე XIII–ის შორის არსებულ დინასტიურ ომში. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, კერძოდ ქალაქის აღების დროს, ხანძარი გაჩნდა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ნაწილი დაიწვა. მოგვიანებით ბიბლიოთეკის შენობა აღადგინეს და ერთ-ერთო ვერსიის თანახმად, მისი წიგნების საცავი მარკუს ანტონიუსმა შეავსო პერგამონის ბიბლიოთეკიდან გადატანილი წიგნებით.
წყარო:
https://ka.wikipedia.org
კომენტარები -0