საქართველოს სახანძრო სამსახურს აქვს თავისი ისტორია.
თბილისის სახანძრო სამსახური XIX საუკუნეში შეიქმნა. მაშინ ხანძრის ჩაქრობას ხშირ შემთხვევაში ყარაჩოხელთა ამქარი საკუთარი ძალებით ცდილობდა. ქეიფობდნენ სადმე, ორთაჭალის ბაღში და დაინახავდნენ, რომ რომელიმე სახლს ცეცხლი უკიდია, მიდიოდნენ ცხენებით და ცეცხლის ჩასაქრობად ყოველგვარ ღონეს ხმარობდნენ. მაშინდელ პატარა ქალაქში წყალგაყვანილობის სისტემა არ იყო და წყალს თულუხჩები ყიდდნენ. თუ საერთოდ ლიტრი 5 კაპიკი ღირდა, ხანძრის შემთხვევაში, ერთი სამად მეტ ფასს ადებდნენ და ხეირს თვითონაც ნახულობდნენ.
თბილისის მაშინდელმა მცხოვრებლებმა ყარაჩოხელებს „ხანძარჩი” შეარქვეს, რაც თურქული სიტყვაა და ქართულად, ცეცხლის ჩამქრობს ნიშნავს.
განუწყვეტელმა ხანძრებმა თბილისში მჯდომი რუსეთის მეფის ნაცვალი აიძულა 1818 წელს დასახმარებლად „ცარს” მიემართა. მოგვიანებით, 1825 წლის 25 დეკემბერს, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, შეიქმნა საგანგებო სახანძრო რაზმი, რომლის შემადგენლობაშიც სულ 25 კაცი შედიოდა. სამწუხაროდ, მათი ვინაობა ისტორიისათვის უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ მეთაურად
რუსი ნიკოლაი კალმიკოვი იყო, თბილისის პირველი ბრანდმეისტერი. მაშინდელი მეხანძრეთა ბრიგადა პოლიციის შემადგენლობაში შედიოდა, მას ექვემდებარებოდა და უნდა ითქვას, რომ პოლიციელები მეხანძრეებს ძალიან ცუდად, სასტიკადაც კი ეპყრობოდნენ. თუ პოლიციელი დაინახავდა, რომ მეხანძრე სამსახურში გაზეთს კითხულობდა, ან რაიმე სხვა საქმეს აკეთებდა, მას ფიზიკურადაც კი უსწორდებოდა.
ბრანდმეისტერი შემთხვევის ადგილამდე მისასვლელ მანძილს ცხენზე ამხედრებული წინ მიუძღოდა რაზმს და იძლეოდა სასიგნალო ხმოვან ბრძანებებს. „კომანდის” დანარჩენი შემადგენლობა ცხენებშებმულ ოთხთვალაზე იყვნენ მოკალათებულნი. ცალკე ცხენის ეტლები იყო გამოყოფილი წყლის საქაჩი მოწყობილობისთვის და 30-ლიტრიანი „ბოჩკების” საზიდად. ასევე ცეცხლის გაჩენის მომენტიდან დაწესებული იყო საეკლესიო ზარების რეკვა და საგანგებო ადგილზე დაწესებული იყო სადღეღამისო მორიგეობა.
მე-XIX საუკუნეში არ იყო სახანძრო მანქანები, არც სპეცტექნიკა. მიდიოდნენ ცხენებით, წყალი ტიკებითა და რუმბებით მიჰქონდათ. მაშინ სატელეფონო კავშირი არ იყო, და როგორ შეატყობინებდნენ მეხანძრეებს ცეცხლის გაჩენის ამბავს? თბილისი პატარა ქალაქი იყო და არც ამდენი რაიონი ჰქონდა. ჰოდა, მოიფიქრეს ასეთი რამ: იდგა მაღალი კოშკურების მსგავსი ნაგებობა (ან ანძა), რომელზეც მორიგეობდა მეხანძრე. იქიდან მაშინდელი „ტიფლისი” ხელისგულივით მოჩანდა. სხვადასხვა უბნის მიხედვით სხვადასხვა ფერის ბურთებს ფენდნენ აივნიდან იმის მისანიშნებლად, რომ იქ ხანძარი გიზგიზებდა. ავლაბარში, მაგალითად, წითელ ბურთს ფენდნენ, სოლოლაკში ლურჯს და ასე შემდეგ, ღამით კიდევ ნათურებით სარგებლობდნენ, უფრო სწორად ფარნებით. მაგალითად, ავლაბარში ერთ ფარანს აანთებდნენ, სოლოლაკში სამს და ასე შემდეგ. ასე იყო ეს სისტემა აწყობილი. სხვათა შორის, თბილისის სახანძრო რაზმი რეგიონებშიც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობაში. განსაკუთრებით ხშირი იყო ხანძრები დასავლეთ საქართველოში, სადაც ხის ოდები ერთმანეთთან ახლო-ახლო იყო განლაგებული. თუ ერთი სახლი იწვოდა, ხშირად ცეცხლი მეზობელ სახლებსაც გადაედებოდა. ასე ნადგურდებოდა მთელი სოფლები. მაგალითად, ქუთაისში 1928 წელს მომხდარი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ებრაელების უბანი, ხოლო 1904 წელს ლეჩხუმში, სოფელი ლაილაში მთლიანად განადგურდა 150 სახლი. საქართველოს წარმომადგენელმა რუსეთში, ვინმე პაიჭაძემ იმპერატორ ნიკოლოზ II დახმარებისთვის მიმართა, რომელმაც ფულადი სახსრები გამოყო ახალი სოფლის ასაშენებლად. არაფრით არ მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა, თან ზამთარი იყო, თოვლი და ყინვა მეხანძრეებს ძალიან უშლიდა ხელს მუშაობაში.
1920-1930 წლებში შედგა სახანძრო პარკის მოდერნიზაცია ავტოტექნიკით. მნიშნოლოვნად გაიზარდა მეხანძრეების რიგებიც.
თბილისში ყველაზე გახმაურებული 2 ხანძარი საოპერო თეატრს უკავშირდება. ადრე ერევნის მოედანზე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) იდგა არაჩვეულებრივი, მთელ ევროპაში სილამაზით განთქმული ოპერის თეატრი, რომელიც იტალიელმა არქიტექტორმა, რასტრელიმ ააშენა. ბუნებრივია, ხელით ასეთ დიდ ხანძარს ვერ ჩააქრობდნენ და მართლა მსოფლიო მნიშვნელობის შენობა მთლიანად განადგურდა. სხვათა შორის, ეს ის ოპერაა, რომელიც ალექსანდრე დიუმას „კავკასიაში” აქვს აღწერილი. მეორედ ოპერის თეატრი ბევრად გვიან, 1973 წლის 9 მაისს დაიწვა.
საქართველოს სახანძროში ბევრი თვალსაჩინო კაცი მსახურობდა, მაგალითად, ბაშარ შამბე, აფრიკელი, მავრული წარმოშობის, რომელსაც საინტერესო ისტორია ჰქონდა. შამბე ცარიზმის დროს ერთმა რუსმა „კნიაზმა” იყიდა, შემდეგ იმან კი მავან ქართველ თავადს აჩუქა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, შამბეს ბატონი მენშევიკებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. შამბე არ გაჰყვა ბატონს, დარჩა თბილისში და სახანძრო სამსახურში დაიწყო მუშაობა. გამბედაობა, მამაცობა და საქმისარდმი ვაჟკაცური მიდგომა კეთილშობილურ განწყობას ქმნიდა მის კოლეგებში. ბაშარ შეირთო რუსი ქალბატონი. სხვათა შორის, მისი შვილიც სახანძროში მუშაობდა – მულატი, ქართულიც იცოდა და რუსულსაც კარგად ფლობდა. მაგის შთამომავლები საქართველოში ცხოვრობდნენ. 1932 წელს ბაშარს პირველს ქართველ მეხანძრეთა შორის გადასცეს საბჭოთა კავშირის შრომის წითელი დროშის ორდენი. შამბე ივანე პერესტიანის ცნობილ ფილმ „წითელ ეშმაკუნებში” თამაშობს.
მნიშნოლოვანი კვალი სამსახურის ისტორიაში დატოვა 1919-1937 წლებში თბილისის მთავარი ბრანდმეისტერი ალექსანდრე ბერიძე, კარგი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი პიროვნება. მის სახელთანაა დაკავშირებული ქალაქის სახანძროს ფეხზე დაყენება, ტექნიკურად აღჭურვა და მეხანძრე კადრების მომზადება, ერთიანი კოლექტივის შექმნა. მაგი 1928 წ. ქ.ქუთაისში ძლიერი ხანძრის დროს თბილისის მეხანძრეები მატარებლით ჩაიყვანა და რაზმს თავში ჩაუდგა. ასევე თბილისის სამხედრო არსენალის შენობა ცეცხლისგან გადაარჩინა. თბილისის გარნიზონი 4 მანქანა მიიღო, მათ შორის ერთი გერმანიიდან ჩამოყვანილი, „მერსედეს დაიმლერის” სისტემის. ბერიძე თავისი ცოდნა, უნარი და გამოცდილება მოახმარა საქმეს, რომელიც ძლიერ უყვარდა. სამწუხაროდ, ეს ადამიანი როგორც ერის მოღალატე დახვრიტეს.
დიდი სამამულო ომის დროს, 1942წ. აპრილის თვეში თბილისში შექმნილი იყო ქალაქის ქალთა რაზმი, რომელიც იცავდა კიროვის რაიონს, 50 კაცის შემადგენლობით და 2 სახანძრო ავტომანანის შეიარაღებით, რომლებმაც გამოაჩინეს გულადობა და მამაცობა ხანძრის ქრობაში ტყავის ქარხანაში, ნადიკვარის ქ.N4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ცელულოიდის და სამკერვალო ფაბრიკებში და მრავალი სხვა. მოწინავე ორგანიზატორი იყო რაზმის უფროსი ზინაიდა კუზნეცოვა, კეთილსინდისიერი განყოფილების უფროსი -
ვენერა ტურაბელიძე. ერთ-ერთი ახალგაზრდა კომკავშირელი ამ სურათიდან, ასია თამრაზიანმა, თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი 1938-1995წ. დაუთმო ამ სამუშაოს, და მისი საქმე შვილმა ალექსანდრემ გააგრძელა. საერთიდ, სახანძრო სამსახური ცნობილია მრავალ-მრავალი პროფესიონალური დინასტიებით და შეუღლებებით. ბევრი ახალგაზრდა ოჯახი შექმნილა შინ სამსახურში.
მეხანძრის და მაშველის სამუშაო ხშირად სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვცემთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ ამხანაგებს:
ამბროსი ახვლედიანი, შახმად ახმედოვი, სერგო ბაიდაშვილი, უშანგი ბადაგაძე, კარლო ბარამიძე, ენვერ ბებია, თამაზ გაგიშვილი, ნუკრი გეგია, გივი გუზიტაშვილი, გონერ დგებუაძე, ირმა დგებუაძე, სერგო დოლიძე, ივანე ეფიმოვი, ოთარ თორაზე, გივი კაკაშვილი, ომარ კაპანაძე, ზაზა კოწოწაშვილი, ჯემალ კახიძე, ბორის კირცხალია, ამირან კოლოჩევა, გოჩა კოპალიანი, სიმონ კრისტი, რევაზ ლომიძე, ივანე მალცევი, გოგი მანველიძე, ოთარ მასუქაშვილი, თემურ სისიური, ვალერი ფოტიადი, თემურ ხაზალია, კახა ხიდაშელი, ჯემალ ხურცია, ივანე ქსოვრელი, ბონდო შანიძე, გელა ჩანადირი, ჯემალ ცხვარაძე, ავთანდილ ჭიპაშვილი.
მეხანძრე ივანე ქსოვრელი მთაწმინდის რაიონის ნაწილის უფროსი იყო. 1978 წელს საბავშვო ბაღში მომხდარ დიდ ხანძარს შეეწირა. ყველა ბავშვი გამოიყვანა ცეცხლმოკიდებული შენობიდან, ბოლოს შებრუნდა, რომ შეემოწმებინა, ვინმე ხომ არ დარჩა შენობაშიო, ამ დროს გავარვარებული ჭერი ჩამოინგრა და მეხანძრე ქვეშ მოიყოლა.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ერთ-ერთ ობიექტზე დაიღუპა მრავალჯერადი ჩემპიონი ბონდო შანიძე, რომლის სახელობის ტურნირი ტარდებოდა სახანძრო-გამოყენებითი სპორტის სახეობებში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნების 1990-წლებში სამოქალაქო ომს მოყვა სახლების ნგრევა, მეხანძრეები სრული მობილიზებით მოქმედებნენ. ერთი მადდგანი, სერგო ბაიდაშვილი, ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. მანქანები ფარეხში არ შესულან, და ბევრი შენობა გადაარჩინეს გულდამწვარმა ხანძრის გუშაგებმა.
2008 წლის აგვისტოში თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახური ოკუპაციით გამოწვეულ კატასტროფებს და ტყის ხანძრებს ებრძოდა კონფლიქტის რეგიონებში. ყველაზე მძიმე ტრაგედია დაბომბვის და რუსეთის სახმელეთო ჯარის შეჭრის შედეგად გორის რაიონს შეეხო. მეხანძრეები, მაშველები ადგილებზე ათენებდნენ და აღამებდნენ მომხდარის გამო, და მრავალი ობიექტი გადაარჩინეს
თავად მუზეუმი 1981 წლის 25 დეკემბერს დაარსდა. სხვათა შორის, ამ დღეს, საქართველოში მეხანძრის პროფესიული დღე აღინიშნება. მაგას ხშირად დიდი ინტერესით სასწავლებლების ექსკურსიები ეწვევიან. სურათებზე ამ მუზეუმის რამდენიმე ექსპონატია:
კომენტარები -0