დაუჯერებელი ამბავი რუსთავში: "სახლში ცეცხლს წელში მოხრილი რქებიანი ჭინკა აჩენს" - რას ყვებიან ოჯახის წევრი და სასულიერო პირი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » დაუჯერებელი ამბავი რუსთავში: "სახლში ცეცხლს წელში მოხრილი რქებიანი ჭინკა აჩენს" - რას ყვებიან ოჯახის წევრი და სასულიერო პირი

დაუჯერებელი ამბავი რუსთავში: "სახლში ცეცხლს წელში მოხრილი რქებიანი ჭინკა აჩენს" - რას ყვებიან ოჯახის წევრი და სასულიერო პირი

რუსთავში, ჭავჭავაძის #6 საცხოვრებელი კორპუსის 38-ე ბინაში ფოჩხუების ოჯახში, 25 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, ხანძარი გაურკვეველ და აუხსნელ ვითარებაში, უკვე მესამედ გაჩნდა. ოჯახის წევრები და მეზობლები ცეცხლის გაჩენის შესახებ დაუჯერებელ ამბებს ყვებიან. რუსთაველები ამბობენ, რომ ბინაში ცეცხლს უჩინარი ჭინკა აჩენს, ის წელში მოხრილია და თავზე რქები აქვს. ზოგი იმასაც ირწმუნება, რომ ამ უხილავ ბოროტ არსებას მხოლოდ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, 11 წლის გოგონა ხედავს, თუმცა თავიდან მისი არავის სჯეროდა, მოგვიანებით კი, როდესაც სახლში ხანძარი პირველად გაჩნდა და ოჯახის საკურთხებლად სასულიერო პირი მიიყვანეს, ლოცვის კითხვის დროს უჩინარი ჭინკა მამაომაც დაინახა. ამ დროს კარადაში ტანსაცმელი აალდა და მამაომ ეს საკუთარი თვალით იხილა.
1 ივნისს ალექსანდრე და მადონა ფოჩხუების ბინაში ხანძარი მეორედ გაჩნდა და მეორედაც გაურკვეველ ვითარებაში. ოჯახის წევრები და მეზობლები ყვებიან, რომ სახანძრო ბრიგადამ დაიგვიანა, რის გამოც ოჯახის უფროსი და მისი ძმა სიბრაზეს ვერ მალავდნენ, მათ მეხანძრესთან შელაპარაკება მოუვიდათ და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის დამატებითი ბრიგადები გამოიძახეს. პატრულის მისვლამ ეზოში შეკრებილი ხალხი გააღიზიანა და მეორე შეხლა-შემოხლა უკვე პატრულთან მოხდა. ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ არც სახანძრო და არც საპატრულო სამსახურების თანამშრომლებს ფოჩხუების არ სჯეროდათ. ოჯახში პირველი ხანძრის შემთხვევის შემდეგ, მიზეზის დასადგენად ვიდეო კამერა დაამონტაჟეს, თუმცა მალევე მოხსნეს. მეხანძრეებთან კონფლიქტის შემდეგ ძმები ფოჩხუები და მათი მეზობლები უკვე პატრულის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ ფიზიკურად. ძმები ფოჩხუები სამართალდამცავებმა იმავე ღამეს დააკავეს. რამდენიმე საათი დაკითხვაზე გაატარეს იმ მეხანძრეებმაც, ვინც ჭავჭავაძის ქუჩაზე ცეცხლის ჩასაქრობად მივიდნენ.
3 ივნისს, ცეცხლი ფოჩხუების სახლის ყველა ოთახს ელვის სისწრაფით მოედო და დაიწვა. ხანძრის ჩასაქრობად რუსთაველ მეხანძრეებს ამჯერად თბილისიდან გამოძახებული ბრიგადის დახმარება დასჭირდათ.
ოჯახის დიასახლისის მადონა ფოჩხუას დედა რიმა მეგრელიშვილი, ბინაში მომხდარ ამბებს დეტალურად ყვება და ამბობს, რომ მსაგავსი რამ, მისთვის სხვას რომ მოეყოლა, გიჟად შერაცხავდა.
"დღეს სახლში ვიყავი მე, ჩემი შვილიშვილი, სიძის მამიდა და მამიდაშვილი. აივანზე ვისხედით. მას შემდეგ, რაც 25 მაისს პირველად გაჩნდა ცეცხლი, ოთახებს ვაკონტროლებდით, კვლავ რამე რომ არ მომხდარიყო. დამწვრის სუნი ვიგრძენით, ოთახში შევედით და იქ უკვე ყველაფერს ცეცხლი ეკიდა.
პირველად რომ ცეცხლი გაჩნდა, მაშინაც შევესწარი ყველაფერს. ჩემმა ქალიშვილმა 25 მაისს დამირეკა, ფარდაა ჩემს ოთახში დამწვარი და მეშინია, ნეტა, რა არისო. გამოვიქეცი მაშინვე, ვერაფერი ვერ ვიპოვეთ ისეთი, რომ გვეთქვა, ამისგან დაიწვაო. ამ საუბარში ვიყავით, ჩემი მეორე გოგონა შევიდა საძინებელში და ყვირის, ხანძარი მძვინავრებს, ჩქარა მიშველეთო. ვერ შევედით ოთხში, ისეთი ამბავი იყო. ღმერთის წყალობით არ დავიბენი, ვერ დამაბნია იმ ეშმაკმა, თორემ ისე უმწეო ქალი ვარ. შუქი და გაზი გავთიშე, რომ არ აფეთქებულიყო, ცეცხლი კი საწოლის გადასაფარებლით მოვგუდე. მერე სამზარეულოში მოეკიდა ფარდას, ისიც მოვგუდეთ. მოვიდა სახანძრო, ვუყვებით ამბავს და რა თქმა უნდა, დაუჯერებელი
იყო ჩვენი საუბარი მათთვის იმაზე, რომ არავინ იყო ოთახში და ცეცხლი თავისით გაჩნდა. მეც ვიზიარებ მათ აზრსს, რომ დაუჯერებელია ეს ყველაფერი. მსგავსი ისტორიები სხვისგან რომ მომისმენია, გიჟად "მომინათლია", მაგრამ ფაქტის წინაშე დავდექით, რუსთავში თუ ვინმეა, საპატრულო და კრიმინალური სამსახური, ყველა ადგილზე იყო და იმათ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი,- ცეცხლი ეკიდებოდა თავისით ნივთებს, ყველა პირჯვარს იწერდა", - ამბობს რიმა მეგრელიშვილი.
Ambebi.ge-სთან საუბრისას ოჯახის ბებია ჰყვება, რომ პირველი შემთხვევის შემდეგ მამაო მიიყვანეს სახლის საკურთხებლად.
- მამაო ლოცვებს რომ კითხულობდა, კარადა, სადაც ტანსაცმელი იყო, უცებ აალდა. მამაო ეძგერა და ჩააქრო. მეორედ ეს კვირას, 1 ივნისს განმეორდა. საპატრიარქოში ვიყავი, იქნებ რამენაირად უწმინდესს შევხვდე-თქო. ხვალაც ვაპირებდი წასვლას და ამასობაში ეს სახლი აღარ არსებობს და აღარც გვინდა აქ ცხოვრება.
რიმა მეგრელიშვილი ირმწმუნება, რომ სახლში ცეცხლს რაღაც უწმინდური არსება აჩენს, რომელიც უხილავია.
- საქმე გვაქვს რაღაცასთან, ეს რაღაცა არც კანონში წერია, არც არსად, ვერავინ ვერ გვიხსნის რა, ან ვინ აჩენს ცეცხლს. ვართ დაუცველები და რა გავაკეთოთ, არ ვიცი. ვიღაცა შეიძლება იტყვის, რომ ოჯახს რაღაც დანაშაული აქვსო, შემიძლია დავიფიცო, რომ არავის ჩვენი ოჯახიდან დანაშაული ან რაიმე დიდი ცოდვა არა გვაქვს. ერთადერთი პარალელს ვავლებ, რომ ნიკო ლომოურის მოთხრობებში თუ წამიკითხავს, რომ ჩვენ სოფელს ჭინკები შემოესივნენო, აი ესეთი რამე თუა ამ სახლშიც, მე არ ვიცი, - ამბობს რიმა მეგრელიშვილი.
დღეს, ხანძრის დროს ჭავჭავაძის ქუჩაზე იყო მამა საბა ტუღუში, რომელიც მისივე თქმით, ფოჩხუების ოჯახის უფროსის კლასელი და ახლობელია.
- ლოცვა ყველაფრის მკურნალია. აქ ჩვენი მხრიდან უფრო მეტი იყო გასაკეთებელი, მაგრამ ესე მოხდა, რომ ცეცხლი კვლავ გაჩნდა და დაიწვა ყველაფერი. როცა ლოცვებს კითხულობენ, ცეცხლი არ ჩნდება. ოჯახის უფროსი ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარია. ცეცხლის გაჩენა ყველაფერს შეუძლია, არსებობს ქიმიური შენაერთები, რომელსაც აალება შეუძლია... მე ვერაფერს ვიტყვი, შეიძლება ქიმიური აალებაა, შეიძლება ეშმაკის ძალით ხდება. რომ ვთქვა ეშმაკისგანაა ეს ყველაფერიო, შეიძლება უბრალოდ ქიმიური აალება იყოს", - ამბობს მამა საბა ტუღუში.
ჭავჭავაძის #6 სახლის მაცხოვრებლები დღეს ეზოში იყვნენ შეკრებილები და ერთმანეთს მწვანე, რქებიანი და წელში მოხრილი უხლავი არსების შესახებ ამბის დეტალებზე უყვებოდნენ. ერთ-ერთმა შეშინებულმა ქალბატონმა კი ცრემლიანი თვალებით თქვა, იმათი სახლი სულ დიწვა და ახლა ალბათ ჩვენს სახლებში გადმოინაცვლებსო.

მარიამ ვარდოშვილი, Ambebi.ge
2133
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.