უცნობი მაშველის დღიური » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

უცნობი მაშველის დღიური

"საოცარი სურათი ვიხილე: ქალის სხეულის ქვეშ უგონოდ მყოფი ბავშვი იწვა"

უცნობი მაშველის დღიური ...საბედნიეროდ, პირველმა მორიგეობამ მშვიდობიანად და რაც მთავარია მსხვერპლის გარეშე ჩაიარა, თუმცა ყოველთვის ასე როდია... მინახავს ხანძრისგან გამოწვეული პანიკა, შეშინებული თვალები, სასოწარკვეთილი და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები. ამ ყველაფრის მიზეზი ხშირად კუსტარულად დამონტაჟებული, ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობა ან უყურადღებოდ დატოვებული ელექტროხელსაწყოებია. თუმცა ისეც ხდებოდა, რომ ხანძარი სწორედ იქ ჩნდებოდა, სადაც უკიდურესი გაჭირვება სუფევდა.
არასდროს დამავიწყდება ღრმად მოხუცი კაცი, რომელსაც სახლ-კარი სანთლისგან გაჩენილმა ხანძარმა დაუწვა. ახლაც მახსოვს - ცხოვრების ყველა იარას მის სახეზე გაჩენილ ნაოჭებში ამოიკითხავდი. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფს არც დენი ჰქონდა სახლში, არც გაზი. მისი სითბოც, სინათლეც და ალბათ ერთადერთი იმედიც, სანთელი იყო, რომელიც ცხოვრების უკუღმართობაზე ჩაფიქრებულს უყურადღებოდ დარჩა და ფაქტობრივად, ფერფლად აქცია ადგილი, რომელიც მის ყველა მოგონებას ინახავდა. ამ სახლში დაბადებულა, გაზრდილა, ყმაწვილკაცობა და მოწიფულობაც აქ გაუტარებია. სიცოცხლის ბოლო წლებსაც მარტოობაში ეს სახლი აძლებინებდა.
...მახსოვს ხანძარი რომ ჩავაქრეთ, სიცივისგან სველი ფორმა ტანზე შემოგვეყინა. ხელებს ვერ ვგრძობდით და აგრუხუნებულ გენერატორთან, რომელიც განათების ერთადერთი წყარო იყო, ცივ უკუნეთში გაყინულ ხელებს მორიგეობით ვითბობდით. საწყალი პაპა გადამწვარ სახლში შესვლას ითხოვდა, საპატრულო პოლიცია კი უფლებას არ აძლევდა. მოხუცი ვერა და ვერ დააოკეს და საქმეში ჩვენი ნაწილის უფროსი ჩაერთო. დაარწმუნა პოლიცია, რომ ჩვენი თანხლებით მოხუცისთვის სახლში შესვლა უსაფრთხო იქნებოდა. თითქმის ყველა ფეხდაფეხ მივყევით ბარბაცით მიმავალ მოხუცს, გვაინტერესებდა, რატომ ითხოვდა ასე დაჟინებით დამწვარ სახლში შესვლას. არც კი გაუხედავს არსად, მიზანმიმართულად მივიდა ნახევრად დამწვარ კარადასთან და იქიდან სასწაულებრივად გადარჩენილი ძველი პიჯაკი გამოიღო. აკანკალებული ხელი პიჯაკის გულის ჯიბეში ჩააცურა და იქიდან ამოღებული ფოტო გულზე მიიკრა. იმდენად ამაღელვებელი წუთი იყო, ვერავინ შევბედეთ გვეკითხა, ვის გადარჩენილ სურათს იკრავდა გულზე ასეთი დიდი სიყვარულით... ჩვენთვის დღემდე გამოცანად დარჩა, როგორ გადარჩა სრულიად დამწვარ სახლში პიჯაკი და მასთან ერთად ფოტსურათი, რომელიც მოხუცისთვის ასე ძვირფასი იყო...
ამ ამბიდან ძალიან მალე კიდევ ერთი შემთხვევა მახსოვს, რომელმაც არანაკლებ შემძრა და ღრმად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლის შიდა კედლები ფაქტობრივად, მთლიანად დაინგრა. ადგილზე მისულებს მეზობლები დაბნეულები დაგვხვდნენ, ვერ გაეგოთ რა ხდებოდა - ცეცხლი და კვამლი არსად ჩანდა. სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ფანჯრიდან შევედით და მხოლოდ მაშინ დავინახეთ, რომ საწოლს ცეცხლი ეკიდა. ხანძრის მცირე კერა მალევე ჩავაქრეთ და საწოლს რომ მივუახლოვდით, შევნიშნეთ გვერდით პირქვე ქალი ეგდო. უგონოდ იყო... ცალი ხელი მთლიანად დამწავი ჰქონდა. გარეთ მყოფ ექიმებს ვუხმეთ, მაგრამ მათ შემოსვლას ვერ დაველოდე, დავიხარე და ვცადე ქალი სახით შემსკენ გადმომებრუნებინა. როგორც კი მისი გადმოტრიალება ვცადე, საოცარი სურათი ვიხილე: ქალის სხეულის ქვეშ უგონოდ მყოფი ბავშვი იწვა...
მაშინვე ხელი დავტაცე ბავშვს, ხელში ავიყვანე და ჩემს მეწყვილეს გადავაწოდე. როგორც კი ბავშვი ექიმებს გადასცა, შემობრუნდა, რომ ქალის გაყვანაში დამხმარებოდა. ამასობაში ქალი გონს მოვიდა და ტკვილისგან ყვირილი დაიწყო. მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ ქალს თმა და სახეც მთლიანად დამწვარი ჰქონდა. ამასობაში ექიმებიც შემოვარდნენ, ქალი ისევ იატაკზე დაგვაწვენინეს, დამამშვიდებლები და გამაყუჩებლები გაუკეთეს, მერე ისიც სასწრაფო დახმარების მანქანაში გადავიყვანეთ.
...მას შემდეგ ძალიან ბევრჯერ მახსენდება ეს ორი ისტორია. ბერჯერ დამიდგა თვალწინ უსახლკაროდ დარჩენილი პაპა, ბავშვი და დედა, რომელიც შვილის სიცოცხლეს საკუთარი სხეულით და სიცოცხლის ფასად იცავდა. მას შემდეგ სულ მიკვირს, აალება ისე სწრაფად ხდება ხოლმე, როგორ მოასწრო დედამ იმის გააზრება, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო შვილის გადასარჩენად, მაგრამ ალბათ სწორედ ეს არის დედის ინსტიქტი - დაუფიქრებლად რომ ჩაგადედინებს ყველაფერს შვილის გადასარჩენად. ყველა დედა იმ ქალივით ძლიერი უნდა იყოს!



წყარო: ambebi.ge
1426
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.