"...სწორედ იმ მანქანის მძღოლის ოჯახის სახლი იწვოდა, რომელიც სახანძროს გზას არ უთმობდა"
...საღამოობით მეხანძრე-მაშველები ფრენბურთს ვთამაშობთ ხოლმე, შიდა ტურნირებისთვის ვემზადებით. იმ საღამოსაც ვთამაშობდით, როცა შეტყობინება შემოვიდა - კუკიაზე კერძო სახლი იწვოდა. სასწრაფოდ გავედით გამოძახებაზე. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად სულ ცოტა გვაკლდა, როდესაც ჩვენს წინ მიმავალმა ავტომობილმა გზა ფაქტობრივად, ჩაგვიკეტა და გასწრების შესაძლებლობლობას არ გვაძლევდა. საყვირები, საავარიო სიგნალები, ციმციმები - სახანძრო მანქანის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ, რომ როგორმე წინ მიმავალი მანქანის მძღოლის ყურადღება მიგვექცია და გამოძახებაზე მიმავალი სახანძროსთვის გზა დაეთმო. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები არც თუ იშვიათად ხდება.
როგორც იქნა, გავასწარით წინ მიმავალ ავტომობილს და დანიშნულების ადგილამდე მივედით. დავინახეთ, რომ სახლის სახურავი იწვოდა.
15-20 კვადრატულ მეტრზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაცია მალევე მოვახერხეთ და გავრცელების საშუალება არ მივეცით. ხანძარი მალევე ჩავაქრეთ და დეტალების გარკვევისას აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ მანქანის მძღოლის ოჯახის წევრის სახლი იწვოდა, რომელიც გამოძახებაზე მიმავალ სახანძროს გზას არ უთმობდა. ბედის ირონიაა, მაგრამ სამწუხაროდ ასეც ხდება ხოლმე, ამიტომ ასეთ შემთხვევებში გულგრილი დამოკიდებულების გამოჩენისას, იქნებ ერთი წამით მაინც დავფიქრდეთ იმაზე, რომ გასაჭირში შესაძლოა, ჩვენთვის ძალიან ახლობელი ადამიანები იყვნენ...
მახსოვს, როცა პირველად ვნახე დამწვარი ადამიანი. ადამიანი, რომლის სიცოცხლეც ხანძარმა შეიწირა. მძიმე სანახავი იყო მთლიანათ დამწვარი სხეული - არცერთი ცოცხალი უჯრედი, მხოლოდ სილუეტი იყო დარჩენილი. თავიდან გამიჭირდა იმ ოთახში შესვლა, სადაც დამწვარი მამაკაცის სხეული ესვენა, მაგრამ ვიცოდი, რომ უნდა შევსულიყავი რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ცხედარი გამოგვესვენებინა, რათა ექსპერტიზაზე გადაეყვანათ. დამწვარი სხეულის მდებარეობით მივხვდით, რომ მამაკაცი თვითმკვლელობის მომენტში სკამზე იჯდა, ფეხები საწოლზე შემოეწყო და მოკუნტულიყო. იტალიური ეზოს სარდაფის პატარა ოთახში ბენზინი გადაუსხამს და თავი დაუწვავს. ასეთი სასტიკი თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი ჩვენთვის უცნობი დარჩა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს უკიდურესმა სიღარიბემ ჩაადენინა.
მაშინ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ყველა ის წინააღმდეგობა დამეძლია, რაც ნაწილ-ნაწილ დაშლილი სხეულის გადასვენებას ახლავს თან. დეტალებში არ ჩავალ, რადგან სიტყვებითაც კი მძიმეა იმის გადმოცემა, რისი გადატანაც იმ დღეს მომიხდა. თუმცა, მას შემდეგ ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპის ათვლა დაიწყო, როცა უკვე მეხანძრის უნარებთან ერთად მაშველის უნარებიც შევითვისე და მზად ვიყავი არა მხოლოდ ხანძარი ჩამექრო, არამედ სხვადასხვა მძიმე ვითარებაში ჩავარდნილი ადამიანები გადამერჩინა... ამაზე, ცოტა მოგვიანებით...
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები -0