უცნობი მაშველის დღიური » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

უცნობი მაშველის დღიური

"ზოგჯერ ათასი საყვედურით აგავსებენ, როცა არ იციან რა სჭირს მათი ოჯახის წევრს"


უცნობი მაშველის დღიური სამაშველო სამსახურში გადასვლით ჩემთვის ცხოვრების სულ სხვა ეტაპი დაიწყო. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ მაშველები სიმაღლეზე მუშაობდნენ, მათ ავტოკატასტროფების დროს იძახებდნენ, ხშირად ცხედრების გამოყვანა უწევდათ... ვნერვიულობდი, მაშველის თოკით დაშვებისას რამე არ შემშლოდა, რადგან დახმარების დროულად აღმოსაჩენად სწრაფად და უსაფრთხოდ შეღწევა ბინაში ძალიან მნიშვნელოვანია.
რაზე არ ვფიქრობდი: რა იქნებოდა თუ მე დამიშვებდნენ სიმაღლიდან თოკით და ფანჯარას ვერ გავაღებდი, რათა ვინმეს დასახმარებლად სახლში შემეღწია; ან ჰიდრავლიკური ხელსაწყოებით სწორად ვერ გამომეყენებინა ავტოკატასტროფაში მოყოლილი ადამიანის დაზიანებული ავტომობილიდან დროულად გამოსაყვანად... მოკლედ, ბევრს ვფიქრობდი ამაზე და ამასობაში განგაშის სიგნალმაც არ დააყოვნა. შემოსული ინფორმაციის მიხედვით, ქარმა სახლს სახურავი გადახადა და მისი ჩამოვარდნის საფრთხე იდგა. სამწუხაროდ, ქარიან ამინდში ასეთი რამ ხშირად ხდება. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი სახურავს ვშლით და ვხსნით, რომ ლითონის ფირფიტა ქარმა არ გადმოაგდოს და ვინმეს არ დაეცეს. დანიშნულების ადგილამდე მალევე მივედით, სადაც 80 წლამდე მარტოხელა ბებო დაგვხვდა. სანამ ახდილ სახურავს ქვემოდან შევავლებდით თვალს, ბებომ ყველაფრის თქმა მოასწრო: რომ არც შვილები ჰყავდა, არც შვილიშვილები, არც ნათესავებსა და მეზობლებს ადარდებდა მისი ყოფა.
სწვალების მიხედვით, დაზიანებული სახურავი უნდა ჩამოგვეღო და "დანარჩენს გამგეობა მიხედავდა", ამიტომ შესაბამისი ხელსაწყოები მოვიტანე მანქანიდან, რომ საქმეს შევდგომიდით. ამ დროს კი უცნაური რამ მოხდა, ოცმეთაურმა ჯერ უფროს მაშველს გადახედა, შემდეგ კი მე და ჩემს მეწყვილეს გვითხრა, რომ ხელსაწყოები უკან დაგვებრუნებინა და მანქანიდან სამშენებლო იარაღების ყუთი მოგვეტანა. მოკლედ, სახურავის დაშლის ნაცვლად, ოცმეთაურმა სახურავის შეკეთება გვთხოვა. მართლაც საგულდაგულოდ დავამაგრეთ სახურავის დაზიანებული ნაწილი, ქვემოთ ჩამოსულებს კი აცრემლებულმა ბებომ მეც და ჩემი მეწყვილე გულში ჩაგვიკრა და დაგვლოცა. ეს კიდევ სხვა, აქამდე არგანცდილი ემოცია იყო, როდესაც შეგიძლია მარტოობით დაღლილ და უიმედოდ დარჩენილ ადამიანს გაუჩინო მასზე ზრუნვის განცდა და ამისთვის ყველაზე დიდი ჯილდო - მადლიერება დაიმსახურო. მივხვდი, რომ სულ სხვა ეტაპზე გადავიდა ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა, როცა სურვილი დაეხმარო სხვებს უკვე ყოველდღიური მოთხოვნილება ხდება.
როგორც კი გადავეცით რაციით ოპერატორს, რომ ბებოსგან შემოსული გამოძახება მშვიდობით და შედეგიანად დავასრულეთ, ახალი შეტყობინება შემოვიდა. ოპერატორმა გადმოგვცა, რომ სახლში მარტო მყოფი ბავშვი არ გამოდიოდა კონტაქტზე.
ადგილზე მისულებს განერვიულებული დედა დაგვხვდა და გვითხრა, რომ ნახევარი საათია რაც კარზე აკაკუნებენ, მაგრამ ვერ აღვიძებენ ბავშვს და ჩვენთან დარეკვა გადაწყვიტა. ბინა, სადაც ბავშვი იმყოფებოდა, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარეობდა, ამიტომ სახლში შესაღწევად მეექვსე სართულზე ავედით, რომ ზემოთ მდებარე ბინიდან თოკით ჩავსულიყავით. თოკი გავშალეთ, "აბიასკაში" ჩავიგდე და ჩემმა მეწყვილემ ქვემოთ ჩამიშვა. იმ სახლის აივანზე დავეშვი, სადაც ბავშვი იმყოფებოდა. ყველაფერს ავტომატურად ვაკეთებდი: კარი შევაღე, ბავშვი დავინახე, რომელიც დივანზე იწვა, ახლოს მივედი და რას ვხედავ, სრულიად საღ-სალამათია და მშვიდად სძინავს, როგორც ჩანს, ტელევიზორის ყურებისას ჩასძინებია.
არ გამიღვიძებია, მაშინვე კარისკენ წავედი გავაღე, რომ მშობლები შემოსულიყვნენ. შემოცვივდნენ ფერწასული აკანკალებული მშობლები, მისცვივდნენ ბავშვს, ჩაეხუტნენ და კოცნიან. ახლადგამოღვიძებულს ვერც კი გაეგო, რა ხდებოდა. ბავშვის მოფერებით რომ იჯერეს გული, ახლა მე ჩამეხუტნენ, მადლობას მიხდიდნენ, არ იცოდნენ რით დავესაჩუქრებინე, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერზე უარი ვუთხარი. ბოლოს ბავშვის მამამ თავისი ტელეფონის ნომერი ჩამაწერინა: თუ ოდესმე რამეში გამოგადექი მხოლოდ ბედნიერი ვიქნებიო. მე კი უკვე ვიყავი ბედნიერი პირველი მორიგეობის შედეგებით, თუმცა ყოველთვის ასე როდი ხდება. ზოგჯერ ყოფილა, რომ მადლობის მაგიერ ათასი საყვედურით აგავსებენ, კარის ან ფანჯრის საკეტს უფრთხილდებიან და მოითხოვენ, რომ მისი დაზიანების გარეშე შევაღწიოთ სახლში, თან ეს მაშინ, როცა არც კი იციან შიგნით მყოფ მათ ოჯახის წევრს რა სჭირს. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერს გაგებით და თმენით უნდა მოვეკიდო, რადგან მაშველი ხარ, ამ ადამიანებს კი შენი დახმარება სჭირდება.


წყარო:ambebi.ge
1150
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.