უცნობი მაშველის დღიური » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

უცნობი მაშველის დღიური

"როგორც კი ცხედარი წყლიდან ამოწია, ჩემს ზურგს უკან ქალის კივილი გაისმა..."

უცნობი მაშველის დღიური ...უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა, რაც სამაშველო სამსახურში გადავედი. აღარც სიმაღლის მეშინია, არც ცხედრის დანახვისას ვნერვიულობ და ჯერ შენიშვნაც არ მიმიღია. მეტიც, ჩემ მიერ შესრულებულ დავალებებზე ლაპარაკობენ კიდეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ.
ბევრი რამ ვნახე, მაგრამ ამ დრომდე არ მქონია შემთხვევა, რომ სუიციდის მცდელობის ადგილზე გამოვეძახეთ. ბევრს ვფიქრობ, როგორ მოვიქცევი, როცა ადამიანი ხიდიდან მტკვარში გადახტომას აპირებს. ასეთი შემთხვევებისთვის წინასწარ გაწერილი სწავლება და ინსტრუქცია არ არსებობს, ვერავინ მოგამზადებს როგორ უნდა დაატანო თავს ძალა და თვითმკვლელის გადასარჩენად, ზამთარში გაყინულ და ჩქარ მტკვარში შეხვიდე.
ჯერ არ ვიცი როგორია, როცა სველ, გაყინულ სხეულს ვეღარ გრძნობ და შენს გასაკეთებელს მაინც აკეთებ - სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვი! იბრძვი სიცოცხლისთვის, რომელიც მის პატრონს შესაძლოა აღარც კი უღირს, შენთვის კი იმ წუთას შენს სიცოცხლეზე მეტია, რადგან საკუთარს აგდებ საფრთხეში მის გადასარჩენად.
...და აი ამ შემთხვევამაც არ დააყოვნა. შემოვიდა შეტყობინება, რომ მტკვარში მამაკაცი გადახტა. სანაპიროს რომ მივუახლოვდით, მეთაურმა გვკითხა მე და ჩემს მეწყვილეს: რომელი შეხვალთ წყალშიო. წამით დავფიქრდი, მხოლოდ წამით... ჩემმა მეწყვილემ დამასწრო, როგორც ჩანს არც უფიქრია. ისევე სწრაფად გაემზადა წყალში ჩასასვლელად, როგორც იქ ჩასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მანქანიდან წყლის თოკი ჩამოვიღე, ერთი ბოლო "აბიასკაზე" დავამაგრე, მეორე კი მე მივიმაგრე და მეწყვილე წყალში შევუშვი. სანამ შეეძლო და ფსკერს გძნობდა ფეხით შედიოდა, შემდეგ კი შეცურა. მის მაგივრად ამაკანკალა...
ადგილამდე, რომ მივიდა რაციით გადმოგვცა - მამაკაცი გარდაცვლილი იყო. მეთაურმა უბრძანა, ცხედარი ნაპირზე გამოეტანა. წყლის დონე დაბალი იყო, ამიტომ ნავი ვერ შევიდოდა. როგორც კი ცხედარი წყლიდან ზემოთ ამოწია, ჩემს ზურგს უკან ქალის კივილი გაისმა. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა კაცი წინა ღამეს სახლში არ მისულა და ოჯახის წევრები და მეგობრები ეძებდნენ. ჩემმა მეწყვილემ ცხედარი ნაპირისკენ წამოიღო. როცა ნაპირს დაახლოებით ერთი-ორი მეტრით მოუახლოვდა, შევატყე მთლიანად გაყინულიყო. მეც წყალში ჩავედი და ორივე ნაპირისკენ მოვქაჩე, რათა ჩემი მეწყვილეს შესაძლებლობა ჰქონოდა ნაპირზე რამეს მოსჭიდებოდა. ვიგრძენი, როგორ გამეყინა ძარღვებში სისხლი (აბა რა იქნებოდა, იანვარი იდგა). ცხედარი ექსპერტიზის მანქანაში გადავასვენეთ.
როგორც შემდეგ გავიგეთ, გარდაცვლილი 21 წლის ახალგზარდა იყო. ონლაინკაზინოში თამაშობდა თურმე და დიდი თანხა წაუგია. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა სუიციდის მიზეზი. გაირკვა, რომ სასოწარკვეთილი ახალგაზრდა ღამით გადამხტარა მტკვარში და ვერავინ ვერ შენიშნა თვითმკვლელობის მომენტში. მხოლოდ მეორე დღეს შეამჩნიეს შემთხვევით გამვლელებმა წყალში ადამიანი და სამაშველოს დაუკავშირდნენ. სამწუხაროდ, მისი შველა დაგვიანებული იყო...
ეს იყო ჩემი პირველი გაკვეთილი წყალში მუშაობის. იმ დღეს მე და ჩემი მეწყვილე სრულიად სველი და გაყინული დავბრუნდით ნაწილში, უნიფორმა გამოვიცვალეთ და ცხელი წყლით ძლივს გავითბეთ გაყინული სხეული. სხეული კი გამითბა, მაგრამ შინაგანად ისევ სიცივეს ვგრძნობდი. თავიდან არ ამომდიოდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, მან კი ყველაფერზე თამაშის გამო თქვა უარი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მე და ჩემმა მეწყვილემ მომხდარი არ განვიხილეთ. სათქმელიც არაფერი იყო, მხოლოდ უსაზღვრო სინანული, არაფრის გამო დაკარგული სიცოცხლის გამო...

უკანგაგრძელება იქნება...


წყარო: ambebi.ge
1464
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.