სახანძრო დაცვა ძველ საქართველოში » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სახანძრო დაცვა ძველ საქართველოში

სახანძრო დაცვა ძველ საქართველოში

ი.წიქვაძე (მოამზადა ნესტან ხითარიძემ)

ძველ საქართველოში, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, მიუხედავად ტექნიკური ჩამორჩენილობისა, სახანძრო საქმის ერთგვარი ორგანიზაცია არსებობდა. ცნობილია, რომ უკვე მე-XVIII საუკუნეში თბილისის ამქრის ხელოსნებს ჰყავდათ სპეციალურად ამორჩეული პირები, რომელთაც „ხანძარჩის“ ეძახდნენ. მათ მოვალეობას შეადგენდა მიჩენილ უბნებსა და ქუჩებში ხანძრის გაჩენის საფრთხის თვალყურის დევნება, ხოლო, თუ ხანძარი გაჩნდებოდა, მატ ევალებოდათ, ხანძრის ქრობა და ამისათვის მოსახლეობისა და არსებული პირველადი საშუალებების მობილიზაცია და გამოყენება.
ხანძრის გაჩენის შესახებ განგაშის მისაცემად იყენებდნენ სამრეკლოების ზარებს, რომლის ხმაზეც „ხანძარჩების“ მოწოდებით ხალხი გამოდიოდა და ხანძრის ადგილას მირბოდა კიბით, თუნგებით ან სხვა ჭურჭლით წყლის მოსატანად და იწყებდნენ ქრობას.
მაგრამ იმის გამო, რომ ტექნიკა ჩამორჩენილი იყო, ხანძარზე ხალხის გაყვანა ბეგარით ხდებოდა, რომელსაც ბევრი თავს არიდებდა. თვით ქალაქები და სოფლები კეთილმოუწყობელი იყო, ხოლო შენობა-ნაგებობანი ცეცხლგამძლე მასალისაგან არ გახლდათ ნაგები. ძალიან ხშირად გაჩენილი ხანძრები ედებოდა მთელ ქუჩებს და უბნებს, რომლებიც პირწმინდად გადაიწყვებოდნენ ხოლმე. ცხადია რომ ხანძრისაგან მეტად ზარალდებოდა მშრომელი ხალხი, მოქალაქეები. ხელოსნები, გლეხები, რომლებიც ხანძრის შემდეგ ხშირად ულუკმაპუროდ და უთავშესაფროდ რჩებოდნენ.
ჩვენი დედაქალაქი თბილისი არაერთხელ ყოფილ გამანადგურებელი ხანძრების მომსწრე, რომლებსაც უმთავრესად უცხოელი დამპყრობლები აჩენდნენ. უკანასკნელი საშინელი ხანძარი თბილისმა განიცადა 1795 წელს, როდესაც ირანის შაჰმა აღამახმად ხანმა, აიღო რა თბილისი, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამოწყვიტა, ხოლო თვით ქალაქი ცეცხლის ალში გახვია.
XIX საუკუნის დასაწყისში თბილისის მოსახლეობის ხანძრისაგან დაცვა მიენდო ქალაქის პოლიციის მმართველობას. რომლის პოლიცმეისტერი უფლებამოსილი იყო ყველა მეპატრონისაგან მოეთხოვა გამაფრთხილებელი ზომების დაცვა ცეცხლით სარგებლობისა, ხოლო, თუ ხანძარი გაჩნდებოდა, იგი ვალდებული იყო თვითონ გამოცხადებულიყო ადგილზე. გაეცა სათანადო განკარგულება ხანძრის ქრობის ორგანიზაციისა და ამ საქმისათვის მოქალაქეების იძულებით გამოსაყვანად.
მეფის ხელისუფლება სახანძრო დაცვის მოსაწყობად არავითარ სახსრებს არ იღებდა, პოლიციას ხანძრის ქრობის არავითარი მოწყობილობა არ გააჩნდა და ისევე, როგორც წინა საუკუნეში, მოსახლეობას ბეგარის სახით ჰქონდა დაკისრებული ხანძრის ქრობაზე გამოსვლა და სათანადო ინვენტარის გამოტანა.
მთავარმართებლის განკარგულებით მოსახლეობას ნაბრძანები ჰქონდა დუქნების ადრე დაკეტვა და ღამით ცეცხლის გამოუყენობლობა, მაგრამ ასეთი ზომები შედეგს არ იძლეოდა, ამიტომ იყო, რომ მაშინდელ თბილისში ხანძრები ხშირად ჩნდებოდა და დიდი ზარალი მოჰქონდა ხალხისათვის. 1802 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად ათეულობით დუქანი და სახლი დაიწვა. ადამიანის მსხვერპლიც გამოიწვია და 150 ათასი მანეთის ზარალი მიაყენა ქალაქს, რაც იმ დროისათვის ძაალზე დიდი თანხას შეადგენდა. ერთ წელსაც არ გაევლო, რომ თბილისი ახალი დიდი ხანძრის შედეგად კვლავ დაზარალდა, მაგრამ ყოველივე ამას მეფის მოხელეების მხრივ არავითარი რადიკალური ზომების მიღება არ მოჰყოლია და ქალაქის სახანძრო დაცვის საქმე ოდნავაც არ გაუმჯობესებულა. ადვილი წარმოსადეგია, რომ, თუ ასე იყო თბილისში, რომელიც კავკასიის ცენტრს წარმოადგენდა და სადაც 25 ათასამდე მცხოვრები იყო, რა მდგომარეობა იქნებოდა საქართველოს სხვა ქალაქებსა და დაბებში. რომ არაფერი ვთქვათ სოფლებზე.
დრო გადიოდა. თბილისი თანდათან ფართოვდებოდა ემატებოდა ახალი უბნები: სოლოლაკი, გარეთუბანი, კუკია, აიგო ახალი, ევროპულ ყაიდაზე მოწყობილი შენობები. მთავარმართებლის სასახლე, შტაბი, სემინარია, კეთილშობილთა სასწავლებელი, ქარვასლები, ყაზარმები და სხვა.
მშენებლობის გაჩაღებამ, მოსახლეობის საგრძობლად ზრდამ, ხშირმა ხანძრებმა მწვავედ დააყენა სახანძრო დაცვის საქმის მოწესრიგების საკითხი. ჯერ კიდევ 1818 წელს თბილისის პოლიციის საქმიანობაში მოხდა ფუნქციების განაწილება საპოლიციო და სახანძრო დარგებად, ხოლო 1820 წელს კი მოხერხდა თბილისში პირველი პროფესიული სახანძრო რაზმის ჩამოყალიბება.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ პირველ სახანძრო რაზმში სულ რვა კაცი იყო, რომელთაგან ორი მათგანი ბრანდმაისტერის მოწაფე იყო და ევალებოდათ ცეცხლსაქრობი იარაღების გამოყენება, ხოლო ექვსი კაცი მეთულუხჩე - ხანძრის ადგილზე მტკვრიდან წყლის საზიდად .ამ რაზმის სახანძრო აღჭურვილობას შეადგენდა ორი ხელის ტუმბო, სხვადასხვა ზომის რამდენიმე მილი და რამდენიმე ათეული წერაქვი, ნიჩაბი, ნაჯახი, ბარჯი, ფიწალი და სხვა. სახანძრო ალაღი შედგებოდა რამდენიმე საზიდისა და ექვსი ცხენისაგან. აღსანიშნავია, რომ პირველ სახანძრო რაზმს ბრანდმაისტერი ,ანუ უფროსი შტატით არ ჰყავდა. რაზმი უშუალოდ ემორჩილებოდა ქალაქის პოლიცმეისტერს. მიუხედავად ასეთი პატარა შტატისა და უმნიშვნელო აღჭურვილობისა, პირველი სახანძრო რაზმის ჩამოყალიბება იმ დროს თბილისისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
1825 წლისათვის სახანძრო რაზმის შტატი 25 კაცის რაოდენობით დამტკიცდა. რაზმს დაენიშნა ბრანდმაისტერი, რომელიც თავის მხრივ პოლიცმეისტერს ემორჩილებოდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახანძრო რაზმის შენახვა წელიწადში ხარჯთააღრიცხვით ორი ათას მანეთამდე ჯდებოდა. აქედან პირადი შემადგენლობის ხელფასს უნდებოდა 900 მანეთამდე, ხოლო დანარჩენი - ცხენების კვებას, საზიდრების, კასრებისა და სხვა სახანძრო აღჭურვილობის შენახვას ხმარდებოდა.
ინტერესს მოკლებული არ იქნება აღვნიშნოთ, რომ წლიური ხელფასი ბრანდმაისტერისა უდრიდა 200 მანეთს, მისი მოწოფისა - 75 მანეთს. მჭედლისა, რომელიც იმავე დროს ნალბანდიც იყო- 75 მანეთს, ხოლო რიგითი მეხანძრისა - 20 მანეთს.
მიუხედავად ასეთი მცირე ხარჯისა, ეს თანხა შემდეგ წელს შემცირდა სამასი მანეთით, რის გამოც სახანძრო რაზმის გამწევი ძალა თითქმის განახევრდა, რასაც რაზმის შესუსტება მოჰყვა, მაგრამ სამაგიეროდ ამავე თანხით გაიზარდა პოლიციის შესანახი ხარჯები და ეს ამ პირობებში არ იყო გასაკვირი, რადგან მთავრობის და მის ერთგულ პოლიციას ხალხის მორჩილებაში ყოფნა უფრო მნიშვნელოვან ღონისძიებად მიაჩნდა, ვიდრე ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლა და ხალხის კეთილდღეობისათვის ზრუნვა.
თბილისის სახანძრო რაზმის ცხოვრებაში მთელი 15-წლის განმავლობაში - 1840 წლამდე, თითქმის არავითარი გაუმჯობესება არ მომხდარა.
ასეთი იყო მაშინდელი თვითმყრობელური მეფის მთავრობის საშინაო პოლიტიკა, საერთოდ და მისი კონკრტეული გამოხატულება. კერძოდ, საქართველოში, თბილისის სახანძრო დაცვის საქმეც ვერ აცდა პოლიციური თავაშვებულობის იმ მძიმე შედეგს რომლითაც დაავადებული იყო მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველამხარე.
თბილისის პირველი სახანძრო რაზმის ეზოში გამართული იყო ყაზარმა პირადი შემადგენლობისათვის, საჯინიბო და ფარდულები სახანძრო ალაღისათვის. იქვე იყო აღმართული სათვალთვალო სახანძრო კოშკიც.
ასეთი პრიმიტიული აღჭურვილობის მქონე მცირე რიცხოვანი სახანძრო რაზმი ვერ უზრუნველყოფდა ქალაქს ხანძრების საშიშროებისაგან. მით უმეტეს, რომ თბილისის მოსახლეობა და მთელი ქალაქი არ იყო წყლით მომარაგებული, მდინარე მტკვარი კი მისადგომების მოუწყობლობის, ქალაქის რელიეფის სირთულისა და უბნების სიშორის გამო ძნელად გამოსაყენებელი იყო.
ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ქალაქის სხვადასხვა უბნებში მოწყობილი გახდათ რამდენიმე შადრევნიანი აუზი, რომელზეც წყლთ მარაგდებდოდნენ მაამდავითის მთიდანგამომდინარე წყაროებით, მაგრან წყლის ნაკლებობის გამო, განსაკუთერბით კი ზაფხულობით ხშირად ამ აუზში წვეთი წყალი არ იყო ხოლმე.
საქმეს ვერ უშველა თბილისელ კაპიტალისტ ყორღანოვის მიერ 1861 წელს პირველი წყალსადენის გაყვანამაც. რომელიც დებიტის სიმცირის გამო (45 ათასი ვედრო დღეღამეში) სასმელადაც არ კმაროდა.
1855 წელს დიდმა ხანძარმა გაანადგურა სიონის ქუჩა. სხვა მრავალ ნაგებობასთან და დუქანთან ერთად დაიწვა იმ დროს ცნობილი სოვდაგრის არწრუნის დიდი ქარვასლაც.
აღსანიშნავია, რომ ხანძრებისაგან ყველაზე მეტად ზარალდებოდნენ ქალაქის მშრომელები და ღარიბ-ღატაკები. რაც შეეხება კაპიტალისტებს, ისინი ხანძრებისაგან ნაკლებ ზარალს ღებულობდნენ, ვინაიდან თავის ქონებას აზღვევდნენ და ხანძრის შემთხვევაში დამზღვევი საზოგადოებისაგან მსხვილი თანხა ეძლეოდათ. არა იშვიათად ისიც ხდებოდა რომ კაპიტალისტები განგებ უკიდებდნენ ცეცხლს თავიანთ ქონებას იმ ვარაუდით რომ სადაზღვევო ანაზღაურება მიეღოთ და თავი გაკოტრებულად გამოეცხადებინათ რათა აეცილებინათ კრედიტის გაადხდა.
დიდიხნის განმავლობაში თბილისის სახანძრო რაზმის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ შეიძინეს ორი ხელის ტუმბო, ოდნავ გაიზარდა რიგითი მეხანძრეთა რიცხვი და წლიურად ხელფასზე თითეულს 4-4 მანეთი მოემატა.
სახაანძრო დაცვის სააქმისადმი თბილისის მმართველობის მესვეურთა და პოლიციის დანაშაულებრივ გულგრილობას არ შეიძლებოდა დამღუპველი შედეგ არ მოჰყოლოდა.
1874 წელს ცეცხლი გაუჩნდა ერევნის (ამჟამად თავისუფლების) მოედანზე არსებულ კაპიტალისტ თამამშევის დიდ ქარვასლას. აქ გარდა მაღაზიებისა და დიდი საბითუმო საწყობებისა მოთავსებული იყო თბილისის საოპერო თეატრის დარბაზი, რომელსაც მნახველები აღტაცებაში მოჰყავდა, როგორც ერთერთ საუკეთესო თეატრს მთელ იმპერიაში.
თბილისის სახანძრო რაზმი, მართალია,სულ რამდენიმე ათეული ნაბიჯით იყო დაშორებული ქარვასლა, მაგრამ სავსებით უძლური აღმოჩნდა ცეცხლთანსაბრძოლველად. ან კი რა უნდა გაეკეთებინა რაზმს ასეთი გრანდიოზული ხანძრის ჩასაქრობად მხოლოდ ერთი ხელის ტუმბოთი. ხუთი წყლის კასრითა და ზოგიერთი წვრილი ინვენტარის. მით უმეტეს, რომ მოედანზე არსებულ აუზში წყალი არ იყო. საქმეს ვერ უშველა ვერც ჯარის ნაწილების გამოყვანამ, ვერც მოქალაქეთა თავდადებამ, რომელნიც რიგად დამდგარნი მტკვრიდან წყალს ვედროებით ხელიდან ხელში გადასცემდნენ ხანძრის ადგილზე.
ხანძრისაგან გამოწვეული ზარალი ნახევარ მილიონ ვერცხლის მანეთს უდრიდა, რაც იმ დროს დიდ თანხას შეადგენდა. როგორც შემდეგ გამოირკვა, ეს ხანძარიც განგებ იყო გაჩენილი, რის შედეგად დაზარალდნენ წვრილი ვაჭრები. რაც შეეხება ქარვასლისა და თეატრის პატრონს თამამშევს, მან, როგორც „დაზარალებულმა“, დამზღვევი საზოგადოებისაგან სადაზღვევო ანაზღაურების სახით 360 ათასი ვერცხლის მანეთი მიიღო.
აღნიშნულმა ხანძარმა დიდი მითქმა - მოთქმა და უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში და აიძულა მმართველი წრეები გადამწყვეტი ზომები მიეღოთ.
მართლაც 1876 წელს ჩატარდა სახანძრო რაზმის რეორგანიზაცია, რის შედეგადაც მისი პირადი შემადგენლობა 60 კაცამდე გაიზარდა, ცხენების რიცხვი კი - 20- მდე გაიზარდა წლიური ხელფასებიც: უფროსი უნტეროფიცრისა - 113 მან. 20 კაპ-მდე, უმცროსი უნტეროფიცრებისა - 77 მან. 20 კაპ-მდე.
თბილისის შემდეგ საქართველოს ქალაქებიდან სახანძრო დაცვის ორგანიზაცია პირველად ქუთაისში განხორციელდა. გასული საუკუნის 70-იან წლებამდე ქუთაისში პროფესიული რაზმი არ არსებობდა. პოლიციის სამმართველოს შენობაზე მოწყობილი იყო სათვალთვალო კოშკი, რომელზეც ქალაქის დარაჯი იდგა და ქალაქს გადაჰყურებდა. ხანძრის შემჩნევისას დარაჯი მოჰყვებოდა საგანგაშო ზარის რეკვას. რითაც მოსახლეობას მოუწოდებდა გამოსულიყო ბეგარის სახით ხანძრის ჩასაქრობად.
ქუთაისელი მეთულუხჩეები პოლიციის ბრძანებით მოვალენი იყვნენ რიონიდან წყალი ეზიდათ. ხოლო მზიდავებს სახანძრო ინვენტარი უნდა გადაეტანათ ხანძრის ადგილამდე. სახანძრო ინვენტარის მოსავლელად და გამოსაყენებლად პოლიციას გამოყოფილი ჰყავდა „სახანძრო ზედამხედველი“, რომელსაც თვეში 13 მანეთი ეძლეოდა.
პირველი პროფესიული სახანძრო რაზმი ქუთაისში შეიქმნა 1977 წელს ბრადმაისტერის, ვინმე გერფუროვის ხელმძღვანელობით. რაზმი შედგებოდამ 9 კაცის, 5 ცხენის, 3 წყლის კასრისა და ერთი საზიდურისაგან. რომელთა შესაბამისადაც წელიწადში მთავრობა „გერფუროვს აძლევდა 3 ათას მანეთს. ხანძრისქრობის გარდა რაზმს ევალებოდა აგრეთვე ქუჩების მორწყვაც.
რამოდენიმე წლის შემდეგ გერფუროვი დარწმუნდა, რომ დიდ ხეირს რაზმიდან ვერ ნახავდა და სულ მიატოვა იგი. ამის მერე ქუთაისის სახანძრო რაზმი წლების განმავლობაში ვიგინდარა უფროსების ხელში იყო და ბრძოლისუნარიანობას სრულებით მოკლებული. ცხადია, რომ ასეთი რაზმის ხელში ქუთაისში ხანძრიანობა დიდი უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ ქალაქში შენობების ნაწილი ხისა იყო.
მთელმა რიგმა გამანადგურებელმა ხანძრებმა აიძულა პოლიცია გასული საუკუნის დასასრულს ნაწილობრივ მაინც გაეუმჯოსებინა ქუთაისის სახნძრო დაცვის საქმე. ამ მიზნით გადიდდა რაზმი 13 კაცით, ხოლო ცხენების რიცხვი 21-მდე გაიზარდა. რაზმის ხელმძღვანელად დაინიშნა გამოცდილი ბრანდმაისტერი ვინმე ხარიტონჩიკი, რომლის ინციატივით ააგეს საჯინიბო და შეიძინეს სახანძრო ინვენტარი. ამან რაზმის ბრძოლისუნარიანობა შესამჩნევად გაზარდა.
გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში თბილისში გამანადგურებელი ხანძრები იყო რომლის შედეგად დაიწვა ზუბალაშვილების დიდი სახლი და არწუნის ქარვასლა, ღარიბთა სახლების მთელი კვარტალი, თეკლე ბატონიშვილის ქარვასლა, მესანგრეთა ბატალიონის ყაზარმა და სხვა.
როგორც წინათ, ამჯერადაც თბილისის სახანძრო რაზმი უსუსური აღმოჩნდა ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს არც იყო გასაკვირი სახანძრო „ტექნიკა“ რამდენიმე ხელის ტუმბოს, ოცამდე სახელურის, წყლის 10 კასრის, საზიდრის, ამდენივე ვედროს, კიბისა და სხვა წვრილმანი ინვენტარებიდან შედგებოდა. გამწევ ძალად გამოყენებული იყო 22 ცხენი, რომელთა უმრავლესობა უვარგისის იყო, ხოლო მთელი პირადი შემადგენლობა 61 კაცისაგან შედგებოდა.
თბილისის სახანძრო რაზმი დაკომპლექტებული იყო ყოფილი პოლიციელების, ბოქაულების, ჟანდარმების, ურიადნიკებისა და სხვა მსგავსი პროფესიის ადამიანებისაგან. ბრანდმაისტერებად, როგორც წესი, მუშობდნენ პოლიციის ბობოლა ჩინოვნიკები და ისინი გამოირჩეოდნენ თავისის უხეირობით, გინებით, ლოთობითა და მექრთამეობით.
მეხანძრეებში არავითარი კულტურული მუშობა არ წარმოებდა, რის გამოც მათში უმეცრება და ლოთობა იყო გამეფებული. ისინი ერთთავად რაზმში იმყოფებოდნენ და ქალაქში გასვლა შეეძლო მხოლოდ ბრანდმაისტერის ნებართვით. ზოგჯერ გამონაკლისის სახით რაზმიდან ნებას რთავდნენ უნტეროფიცრები, მაგრამ ამ „წყალობისათვის“ მეხანძრე, როგორც წესი, არყით უნდა გამასპინძლებოდა მათ.
მეტად ორიგინალური სახეობის წარმოადგენდა სახანძრო რაზმის ხანძარზე გასვლა. განგაშის მიცემისას მეხანძრეები იცვამდნენ სპეცტანსაცმელს, გამოიყვანდნენ საჯინიბოდან ცხენებს, შეაბამდნენ ფურგონებსა და კასრიან საზიდებში და ზარების განუწყვეტელი რეკვვითა და საშინელი რახრახით გაეშურებოდნენ ხანძრის ადგილისკენ. თუ რამე იყო, მეხანძრეები გზას ანთებული ჩირაღდნებით ინათებდნენ.
გამწევი ძალისა და საზიდრების ნაკლებობის გამო მეხანძრეების ნაწილი ქვეითად მიდიოდა ხანძარზე, რაც ძალზე მომქაცველი იყო და ხანძრის ადგილზე მათ დაგვიანებით მოსვლას იწვევდა. ხანძარზე სწრაფად მისვლის მიზნით პოლიცმეისტერის ბრძანებით მეხანძრეებს უფლება ჰქონდათ გაეჩერებინათ კერძო ეტლები, გადმოეყარათ მგზავრები, ჩასხმდარიყვნენ და ეიძულებინათ მეეტლე წაეყვანა ისინი ხანძრის ადგილისაკენ. მაგრამ განაპირა ქუჩებში მეეტლების შოვნა ძნელი იყო და ამიტომ ხანძარზე გასვლისას ჯერ სოლოლაკის ქუჩით ერევნის მოედანზე გაივლიდნენ, სადაც მეეტლების დაჭერა შეიძლებოდა, ხოლო შეწდეგ ხანძრის ადგილისაკენ გაეშურებოდნენ.
მეეტლეები კი ბეგარისაგან თავის დასაძვრენად თავისებურ ხერხს მიმართავდნენ. როგორც კი გაიგონებდნე ნ სახანძრო ზარის რეკვას, იმ წუთში დაიმალებოდნენ სხვა ქუჩებში, ან ეზოებში და ელოდებოდნენ, ვიდრე რაზმი არ გაივლიდა...
მიუხედავად მუშაობის არახელსაყრელი პირობებისა, ქალაქის ადმინისტრაციისა და პოლიციის მხრივ უყურადღებობისა, პრიმიტიული სახანძრო ტექნიკისა და სხვა მრავალი ნაკლისა, ძველი თბილისის რიგითი მეხანძრეები მაინც გამოირჩევიან თავისი სიმამაცით, გამბედაობითა და თავგანწირვით - ხანძრის ქრობისას არაერთ მათგანს გამოუჩენია თავი და გადაურჩენია ხიფათში ჩავარდნილი ადამიანები.
თბილისის თვითმმართველობამ უარი თქვა გაეღო რაიმე თანხა ხანძრისქრობის ტექნიკური მოწყობილობებისა და სასუალებების შეძენაზე. რაზედაც უცხოეთის ფირმები თუ ცალკეული პირები წინადადებით მიმართავდნენ.
სახანძრო საქმის საერთო ჩამორჩენილობისა და სახანძრო რაზმების სუსტი ბრძოლისუნარიანობის მიუხედავად, პირადი შემადგენლობის დიდი უმრავლესობა ერთგულად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას., თავგამოდებით ებრძოდა ხანძრებს, ხოლო ცალკეული მამაცი მეხანძრეები, თავგანწირვასა და გმირობას იჩენდნენ. მათ არაერთხელ გადაურჩენიათ ცეცხლისაგან ადამიანთა სიცოცხლე, რისთვისაც ბევრი მათგანი სპეციალური მედლითაც კი იყო დაჯილდოვებული.
როდესაც 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ მეფის ჯალათ გენერალ ალიხანოვის ველურ ყაზახთა დამსჯელი რაზმები დასავლეთ საქართველოს შეესივნენ და ცეცხლითა და მახვილით ანადგურებდნენ მშრომელთა სიცოცხლესა და ქონებას. ქუთაისელი მეხანძრეები მშრომელთა მხარეზე დადგნენ და თავგამოდებით ებრძოდნენ იმ დიდ ხანძრეებს, რომლებსაც განგებ აჩენდნენ ყაზახები. მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს ქალაქებიდან მხოლოდ თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და სოხუმს ჰყავდათ სახანძრო რაზმები, რომლებშიც საერთო ჯამით ასკაცამდე ითვლებოდა. რაზმების ტექნიკური აღჭურვილობა ძალზე პრიმიტიული იყო, პირადი შემადგენლობა ვერ ფლობდა ხანძრისქრობის ტექნიკას, არავითარი პროფილაკტიკური მუშაობა არ მიმდინარეობდა.
რაც შეეხება საქართველოს სხვა დაბა-ქალაქებს, ისინი „ღვთის ანაბარად“ იყვნენ მიტოვებულნი. იქ არავითარი სახანძრო დაცვის ორგანიზაცია არ არსებობდა. სწორედ ამით უნდა აიხსნას ის გამანადგურებელი და ხშირი ხანძრები, რომლებიც ქალაქებისა და დაბების მთელ კვარტლებს ნთქავდნენ და მხოლოდ მაშინ აქრობდნენ მათ, როდესაც დასაწვავი აღარაფერი რჩებოდა. ტყულად კი არ იყო, რომ დიდი ხანძრების დროს მოსახლეობა ცეცხლის ქრობაზე კი არ ფიქრობდა, ვინაიდან ეს უიმედო იყო, არამედ ზრუნავდა ქონების გადარჩენაზე და ძარცვა - გლეჯისაგან მის დაცვაზე.
მიმდინარე საუკუნის მთელი ოცი წლის განმავლობაში არაფერი საყურადღებო არ მომხდარა სახანძრო საქმეში. არ იზრდებოდა მისი პირადი შემადგენლობა. არ გაუმჯობესებულა აღჭურვილობა. პირიქით, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში კიდევ უფრო დაქვეითდა, ხოლო მენშევიკების ბატონობის წლებში სავსებით მოიშალა, დაცვა და ბრძოლისუნარიანობა დაკარგა. რის გამოც 1915 წელს დაიწვა ქართული თეატრის შენობა, მენშევიკების ბატონობის წლებში დაიწვა ყოფილი სათავადაზნაურო საკრებულო შენობა, სამხედრო სასტუმროს შენობა და მრავალი სხვა შენობა -ნაგებობანი.
1921 წელს აგვისტოში საქართველოს სახანძრო დაცვის ისტორიაში პირველად შეიქმნა რესპუბლიკური სახანძრო დაცვის განყოფილება, რომელიც ემორჩილებოდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის კომუნალური მეურნეობის მთავარ სამართველოს.
სახანძრო დაცვის საქმე მთელს რესპუბლიკაში სახელმწიფო მნიშვნელობის საქმედ იქნა აღიარებული და ხელი შეუწყო მის რეორგანიზაციას და შემადგენლობის გეგმაზომიერ განვითარებას. მშრომელთა ინტერესების შესაბამისად. ჩატარდა მანამდე არსებული სახანძრო რაზმების რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა ახალი სახანძრო რაზმები ქობულეთში, გურჯაანში, ზესტაფონში, ლანჩხუთში, სამტრედიაში, სიღნაღში, თელავში და მთელ რიგ სხვა ქალაქებში. მომდევნო წლებში სახანძრო რაზმები შეიქმნა ყველა რაიონულ ცენტრში.
განსაკუთრებით ყურადღება მიექცა თბილისის სახანძრო დაცვის გაძლიერების საქმეს. ამ მიზნით 1922 წელს შეიქმნა მეორე რაზმი. 1923 წელს მესამე, ხოლო 1925 წელს მეოთხე რაზმი. ყველა რაზმი გადავიდა ავტომექანიკურ წევაზე, რისთვისაც გამოყენებულ იქნა ძველი სატვირთო ავტომანქნები. შეძენილ იქნა სხვადასხვა სახანძრო ინვენტარი. ხოლო 1925 წელს საზღვარგარეთიდან შეძენილ იქნა სპეციალური სახანძრო დანიშნულების მანქნები - მექანიკური კიბე, ავტოტუმბოები და სხვა, რომელთა გამოყენებამ დიდად შეუწყო ხელი სახანძრო რაზმების ბრძოლისუნარიანობის ზრდას.
სახანძრო ინვენტარის რემონტისათვის მოეწყო სარემონტო სახელსონო. მსხვილ წარმოებებთან მუშებისაგან იქმნებოდა მოხალისეთა სახანძრო რაზმეულები.
ომისშემდგომ პერიოდში სახანძრო დაცვამ მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა ძირფესვიანად გაუმჯობესდა მისი სახანძრო - ტექნიკური შეიარაღება ახალი მანაქანა-იარაღებით.
დღესისათვის საქართველოს ყველა სახანძრო რაზმი აღჭურვილია თანამედროვე სახანძრო მანქანებით. ბევრგან აშენდა ახალი სახანძრო დეპოები, აიგო წყალსაცავები და გატარდა მთელი რიგი ღონისძიებანი, რომელთა შედეგადაც სახანძრო დაცვის ბრძოილისუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.


გაზეთი „საქართველოს მეხანძე“
2967
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.