მეწყერი არის მიწის მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილება მთის კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით. მეწყერი უფრო ხშირად წარმოიქმნება იქ, სადაც წყალშემაკავებელი ( თიხოვანი) და წყლიანი ( მაგ.: ქვიშა-ხრეშიანი) ქანები ერთმანეთს ენაცვლება და შრეთა დაქანება კალთის დაქანების თანხვედრილია. მეწყრის მიზეზია ქანების წონასწორობის დარღვევა, რასაც იწვევს ფერდობის ძირის გამორეცხვა, გამოფიტვის ან ზედმეტი დატენიანების გამო ქანების სიმტკიცის შესუსტება, სეისმური ბიძგები, ადამიანის სამეურნეო საქმიანობა ადგილის გეოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლად.
როგორ დავიცვათ თავი შესაძლო მეწყრის შესახებ სიგნალის მიღებისთანავე:
მიყევით შესაბამისი სპეციალური სამსახურების მოსახლეობის, შინაური ცხოველებისა და ქონების ევაკუაციის ინსტრუქციებს.
აივნებზე და ეზოებში განთავსებული ქონება სახლში გადაიტანეთ, ძვირფასი ნივთები, რომელთა წაღებაც შესაძლებელია, დაიცავით ტენისა და ტალახის ზემოქმედებისგან.
კარგად დახურეთ კარებები, ფანჯრები, სავენტილაციო და სხვა ხვრელები.
გამორთეთ ბუნებრივი აირი, ელექტრომოწყობილობები და წყალმომარაგების სისტემა.
სახლიდან გაიტანეთ ადვილად აალებადი და მომწამვლელი ნივთიერებები, განათავსეთ ისინი ცალკე ორმოებში ან სარდაფებში.
მოემზადეთ დაუყონებლივი ევაკუაციისათვის.
თუ 24 საათის განმავლობაში მეწყერი 0,5-1 მეტრზე მეტ მანძილზე გადაადგილდა, ევაკუაცია დაუყონებლივ უნდა განხორციელდეს.
ევაკუაციის დროს თან წაიღეთ დოკუმენტაცია და პირველადი საჭიროების ნივთები ( საკვები, ტანსაცმელი და ა.შ.).
თუ საფრთხეზე გაფრთხილებული ხართ უშუალოდ სტიქიური უბედურების წინ ან შეამჩნიეთ მისი მოახლოება: შეატყობინეთ შესაბამის სამსახურებს.
შეატყობინებთ მეზობლებს, რომლებიც შეიძლება, დაზარალდნენ.
ქონებაზე ფიქრის გარეშე დატოვეთ შენობა.
კომენტარები -0