ტყის ხანძარი ჩნდება ბუნებრივი და ანთროპოლოგიური მიზეზებით. ბუნებრივი მიზეზებია - ელვა და გვალვა, ანთრიპოლოგიური კი - ადამიანის დაუფიქრებელი ქმედება. ტყის ხანძარს თავიდან ავიცილებთ, თუ:
არ გადავაგდებთ ჩაუმქრალ სიგარეტს.
არ დავწვავთ ბალახს ან ნაგავს ქუჩაში, გამწვანების ზოლში, მინდვრებში და ტყის სიახლოვეს.
არ დავანთებთ ცეცხლს ტყის, გამხმარი ბალახის ან ტოტების სიახლოვეს.
არ დავტოვებთ ნაგავს ტყეში, რადგან არსებობს მისი თვითაალების საშიშროება.
არ გამოვიყენებთ ღია ცეცხლს და არ მოვწევთ სიგარეტს მოსავლის აღების დროს.
ტყის ხანძრები სწრაფად ვრცელდება და მოიცავს ტყის მასივებს და სხვა მწვანე მცენარეებს - ბუჩქებს, ბალახს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიწ და მიტოვებული ადგილების მახლობლად.
როგორ დავიცვათ თავი:
ტყის მასივების წვისას აუცილებელია: მოსახლეობის დროული ევაკუაცია მიმდებარე რაიონებიდან.
ხანძრის კერის სიახლოვეს დარჩენილმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე საჭიროა ცხვირ-პირის დაფარვა ხველი დოლბანდით, პირსახოცით ან ცხვირსახოცით, ელექტროენერგიის გათიშვა.
მოსახლეობა უნდა წავიდეს მდინარეებისაკენ, წყაროებისაკენ.
მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოხდეს ცეცხლის გავრცელების პერპენდიკულარული მიმართულებით.
თუ თქვენი სახლი მდებარეობს ტყეში, მის სიახლოვეს ან მწვანე ნერგების ზონაში:
სახლიდან 20 მეტრის რადიუსში მოთიბეთ ბალახი, შეაგროვეთ და გაიტანეთ გამხმარი ბალახი, ფოთლები და ტოტები.
ეზოდან გაიტანეთ ხმელი ფოთლები და ტოტები. მიაქციეთ ყურადღება, რომ ტოტები არ ეხებოდეს სახლის კედლებს, სახურავს და აივნებს.
არ შეინახოთ ადვილად აალებადი მასალები და საწვავი სახლთან ახლოს.
შეიძინეთ ცეცხლმაქრები და რეგულარულად შეამოწმეთ მათი მდგომარეობა.
დააყენეთ წყლის მიწოდების ონკანები, ძალიან გრძელი შლანგი, რომ მისწვდეს მთელ ტერიტორიას, ყოველთვის გქონდეთ წყლით სავსე რეზერვუარები და მექანიური წყლის პომპა.
თუ ხანძარი თქვენი სახლის მიმართულებით ვრცელდება: შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
გადაიტანეთ საწვავი მასალები თქვენი სახლიდან შორს დაცულ და დახურულ ადგილას, რათა არ მოხდეს ხანძრის შემდგომი გავრცელების პროვოცირება.
თქვენი სახლის სიახლოვეს გადაკეტეთ გაზისა და საწვავის მოწოდების ყველა ვენტილი.
უზრუნველყავით სახანძრო მანქანების შეუფერხებელი გავლის შესაძლებლობა.
ძლიერი კვამლის შემთხვევაში ჩართეთ ყველა შიდა და გარე განათება.
თუ ხანძარმა თქვენს სახლამდე მოაღწია: პირველ რიგში, შეატყობინეთ სახანძრო სამსახურს.
არ გამოხვიდეთ სახლიდან, თუ არ იქნებით დარწმუნებული, რომ ეს უსაფრთხოა.
შეიყვანეთ სახლში ოჯახის წევრები და შინაური ცხოველები.
დახურეთ ყველა კარი და ფანჯარა, ამოქოლეთ ყველა ნაპრალი სველი ნაჭრებით.
ჩამოხსენით ფარდები.
ავეჯი გადაიტანეთ ოთახის ცენტრში ფანჯრებიდან მოშორებით.
სახლში დახურეთ ყველა კარები.
უზრუნველყავით წყლის მარაგი.
შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ფარანი იმ შემთხვევისთვის, თუ ელექტროენერგია გაითიშება.
ტყის ხანძრის გამოწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზია - ჩაუმქრალი სიგარეტი. არასდროს გადააგდოთ მოკიდებული სიგარეტი მიმავალი მანქანიდან. მოწევის შემდეგ ყოველთვის ჩააქრეთ სიგარეტი!
კომენტარები -0