წლის ადამიანი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

წლის ადამიანი

მაშველი, რომელმაც, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ათობით ადამიანი გადაარჩინა

მაშველები არიან ადამიანები, რომლებიც, საკუთარი სიცოცხლის რისკი ფასად, სხვისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. ამიტომ გასაკვირი იქნებოდა, რომ წლის ისტორიების ერთ-ერთი მთავარი გმირი მაშველი არ ყოფილიყო.
წლის ლევან ჯამერაშვილი გლდანი-ნაძალადევის სახანძრო სამაშველო სამსახურის მესამე ოცეულის ოცმეთაურის მოადგილეა. მისი ყოველი დღე ახალი გმირობაა. თავად ამ შეფასებას გადაჭარბებულს უწოდებს და ამბობს, რომ ადამიანების გადარჩენა მისი მოვალეობაა.
ლევან ჯამერაშვილს ბევრი საინტერესო ისტორია აქვს. 2016 წლის ყველაზე განსაკუთრებულ ამბავს კი „პრაიმტაიმს“ დეტალურად უყვება. ლევან ჯამერაშვილმა და მისი ჯგუფის წევრებმა სუიციდის მცდელობის დროს მძიმედ დაშავებული მამაკაცი სიკვდილისგან იხსნეს.
„ჩვენი მართვის სააგენტოს ოპერატორებისგან შემოვიდა შეტყობინება, რომ ე.წ. მინდელის ხიდებიდან მოქალაქე მტკვარში გადავარდა. მოქალაქე თავის მოკვლის მიზნით გადახტა მტკვარში, ჩავარდა წყლის ნაპირის მხარეს და რაღაცნაირად მოახერხა ნაპირზე გამოძრომა. ჰქონდა მნიშვნელოვანი დაზიანებები: კოდირების დაზიანებები, წელის დაჟეჟილობები და სახეზე დაშავება. თუმცა სიცოცხლის ნიშნები ეტყობოდა. ჩვენი მისვლიდან რამდენიმე წუთში გონზეც მოვიდა. მოქალაქე მტკვრიდან უნდა ამოგვეყვანა. ეს იყო ძალიან მაღალი ადგილი. იქ ჯებირები არ არის და მიწის მასა დიდი რაოდენობითაა დაყრილი. დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ეს სამუშაო. დაგვჭირდა სამაშველო შეიარაღების გამოყენება. ჩავიტანეთ სასწრაფო ეკიპაჟის ფარი, ე.წ. საკაცე. სამაშველო ჯგუფმა დაიწყო ოპერაცია. სამაშველო თოკები გავშალეთ, თოკების მეშვეობით საკაცე ჩავუშვით. ისეთი რთული ჩასასვლელი იყო, რომ სასწრაფოს ექიმიც ვერ ჩამოვიდა იქამდე, რომ მოქალაქისთვის პირველადი დახმარება გაეწია. ჩვენი ძალებით რაც შევძელით, მოქალაქეს დახმარება გავუწიეთ. უკვე კონტაქტური გახდა, შემდეგ დავაწვინეთ საკაცეზე, დავაფიქსირეთ დამზღვევი ღვედებით, საკაცეს ჩავაბით სამაშველო თოკები, ყველა მხრიდან დაზღვევა გავუკეთეთ და დავიწყეთ ნელ-ნელა თოკებით ამოწევა. სამი-ოთხი მაშველი უზრუნველყოფდა მოქალაქის უსაფრთხოებას, რომ ფარიდან არ გადაბრუნებულიყო. დაახლოებით სამი წუთი დაგვჭირდა მოქალაქის ამოსაყვანად, ფრთხილად ამოგვყავდა, რომ დაზიანებები არ მიეღო. სამ წუთში ამოვიყვანეთ და სამედიცინო დაწესებულების ეკიპაჟს ჩავაბარეთ. მათ აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და გადაიყვანეს სტაციონარში. როგორც სასწრაფო ექიმისგან შევიტყვეთ, მოქალაქე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ გადარჩა. ჩვენი სწრაფი რეაგირება და მოქმედება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის გარანტი გახდა“.
ლევან ჯამერაშვილის ხუთწლიან სამაშველო საქმიანობაში არის ისტორია, რომელიც მას განსაკუთრებულად დაამახსოვრდა და ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო შემთხვევა იყო. მართალია, ეს ამბავი 2016 წელს არ მომხდარა, მაგრამ დღემდე აქტუალურია. ლევან ჯამერაშვილის ოპერატიულმა გადაწყვეტილებებმა პროცესი სწორად წარმართა და მაშველების ჯგუფმა 20-მდე ადამიანი სიკვდილისგან იხსნა.
„ეს შემთხვევა გასული წლის 14 ივლისს მოხდა. ჩემი დაბადების დღე იყო. სამსახურში ვიყავი. დაბადების დღისთვის ტორტი მომიტანეს და აღსანიშნად ვემზადებოდით. ამ დროს ჩვენი მართვის ოპერატორთან შემოვიდა ზარი აფეთქების შესახებ.
გლდანის მეექვსე მიკროს საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე ასეთი სურათი დამხვდა: სრული პანიკა და ქაოსი იყო. დაახლოებით 100-150 ადამიანი კორპუსთან დარბოდა. ერთი სადარბაზოს სამი სართული: მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მთლიანად დანგრეული იყო. როგორც შემდგომ გაირკვა, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. მეოთხე სართულის მაცხოვრებელს სახლი დაუკეტავს და წასულა. მის ბინაში გაჟონა გაზმა, ოთახი მთლიანად ბუნებრივი აირით იყო სავსე, შემდეგ ლიფტის შახტაში ელექტრობისგან აფეთქდა ბუნებრივი აირი. გვქონდა ინფორმაცია, რომ იყვნენ დაშავებულები და შესაძლებელი იყო, მოქალაქეები ნანგრევებში ყოფილიყვნენ მოყოლილები. მისვლისთანავე გამოვიყვანეთ ცოცხალი ადამიანები, ვინც კონტაქტურები იყვნენ, ვინც დავინახეთ, ვისთანაც შევძელით მისვლა. დაახლოებით 10 დაშავებული გამოვიყვანეთ.
მისვლისთანავე მოვითხოვე დახმარება, გადავეცი სტაციონარში, რომ მჭირდებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვდა დახმარებას, რადგან მათი ოჯახის წევრები არ ჩანდნენ. ისინი კორპუსში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა კორპუსი იყო ავარიული და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩამონგრეულიყო. გამოვიძახეთ ავტომექანიკური სახანძრო კიბე, მოვითხოვე ცოცხალი ძალის დამატება, დამხმარე რაზმების მაქსიმალური რაოდენობა მოვიდა. პოლიცია ჩაერთო გამოძიებაში.
შევედით კორპუსში და პირველი სართულიდან მე-9 სართულის ჩათვლით ყველა კარი გავხსენით. მეცხრე სართულზე დამამახსოვრდა ის, რომ იყო 4 ბავშვი: ერთი ორსული და ერთი ქალბატონი, რომლებიც პანიკაში იყვნენ. დაშავებულები არ იყვნენ, მაგრამ აფეთქების შედეგად კარმა დეფორმაცია მიიღო და ვერ აღებდნენ საცხოვრებელი ბინის კარს. მეექვსე სართულზე რომ ვიდექი, მომესმა ქალის განწირული კივილი. მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, საძიებო სამუშაოებს მოვწყვიტე, რამდენიმე ბენზო ბარგალკა წავიღეთ და გამოვეხმაურეთ. კარს ვერ ვხსნით, ბავშვები ვართ და გვიშველეთო. კარის გაჭრა შევძელით და ეს ბავშვები ჩამოვიყვანეთ. ერთი გოგონა ნახევრად ნანგრევებში იყო მოყოლილი, ძალიან დაშავებული იყო, მძიმე დამწვრობა ჰქონდა მიღებული, სასწრაფო ეკიპაჟთან ჩამოვიყვანეთ, საავადმყოფოში გადაიყვანეს და ის გოგონა გადარჩა. დაახლოებით მესამე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა.
იმ სადარბაზოდან, დაახლოებით, 15 ან 20 ადამიანი ჩამოვიყვანეთ ცოცხალი. შემდეგ უკვე ამ ბინის მეპატრონეების მოძიება დავიწყეთ. ერთ-ერთი წევრი მაინც გვჭირდებოდა თვითონ ბინიდან, რომ გაგვეგო, ვინმე თუ იყო ბინაში. სავარაუდოდ, მოქალაქეები ამ სამ სართულზე ბინაში იყვნენ, მაგრამ ოჯახის წევრებისგან გვჭირდებოდა ზუსტი ინფორმაცია, სად იყვნენ.
მივაკვლიეთ მეხუთე სართულზე მცხოვრებ დედა-შვილს. დაახლოებით ერთ საათში ვნახეთ ქალბატონი. სამწუხაროდ, გარდაცვლილი იყო. საავარიოს სამაშველო აღჭურვილობის მეშვეობით ტერიტორიას სინკარი მოვაცილეთ და ის ქალი ამოვიყვანეთ, შემდეგ იმ ქალის შვილზე გადავიტანეთ ყურადღება. კორპუსის უკანა მხარეს ბოლო ოთახში უნდა ყოფილიყო. იქ დავიწყეთ ძებნა და დაახლოებით საათ-ნახევარში ვიპოვეთ. ისიც გარდაცვლილი იყო. ეს კარი უნდა გაგვეჭრა და ისე შევსულიყავით. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დანგრეულიყო კორპუსი, იმხელა ბზარები ჰქონდა და ჩვენც ჩავყოლოდით. 20-25 მაშველი ვმუშაობდით ამ ნანგრევების ქვეშ. დაახლოებით ორი სამტონიანი სინკარი იყო ჩვენს თავზე, რომელიც 2-3 რკინის კონსტრუქციაზე ეკიდა და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩამოვარდნილიყო.
შენობა დანგრევის საფრთხის წინაშე იდგა. ამ დროს მოვიდა მამაო, რომელსაც შენობაში შესვლა უნდოდა და დოკუმენტებისა და ხატების გამოტანა სურდა. თავიდან პოლიცია უარზე იყო. შემდეგ შეთანხმდნენ და შევყევით ბინაში, ხატებისა და დოკუმენტების გამოტანაში მოვეხმარეთ. მამაოს შემდეგ ორ ადამიანს მისცეს უფლება, ბინაში შესულიყო. ისინი ტანსაცმლის გამოტანას ითხოვდნენ, შიშვლები გვყავს ბავშვები და არსად წასასვლელი არ გვაქვსო.
5 ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა ამ ფაქტს, მაგრამ ბედნიერები ვართ, რომ ამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით“.

წყარო:primetime.ge
1993
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.