ფოთელებმა იმარჯვეს » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ფოთელებმა იმარჯვეს

ამ ოციოდე წლის წინათ ქ.ქუთაისში სსრკ სპორტის ოსტატი ბ. შანიძის სახელობის პრიზზე ჩატარდა შეჯიბრება სახანძრო გამოყენებით სპორტში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ თბილისის, აჭარისა და აფხაზეთის ასსრ, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის, ახალციხისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საუკეთესო მეხანძრე სპორტსმენები. საბრძოლო სტარტზე იდგა ჩვენი რესპუბლიკის ორმოცზე მეტი სპორტის ოსტატი და ოსტატობის კანდიდატი.
ესტაფეტაში 4X100-მ ფოთელ მეხანძრეთა გუნდმა ზ.შეროზიას, ზ.ჩაკვეტაძის, ი.პატარაიასა და ს. ბაირამიდის შემადგენლობით საგრძნობლად დაჩაგრა მეტოქეები და პირველი ადგილი დაისაკუთრა, პირველი ადგილი მოიპოვა აგრეთვე, ფოთელმა ს. ბაირამიდმა ას მეტრიან დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში, საიერიშო კიბით სამოსწავლო კოშკის მეოთხე სართულზე ასვლაში ფოთელმა ზ. შეროზიამ არვის დაუთმო პირველი ადგილი.
საერთო გუნდური პირველი ადგილი დამსახურებულად ერგო ქ.ფოთის სახანძრო დაცვის ნაკრებ გუნდს, მეორე ადგილი დაიკავა თბილისის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა აჭარის ასსრ ნაკრებ გუნდს.
შეჯიბრების მთავარი მსაჯი იყო საქართველოს სსრ შსს სდს-ს სამსახურისა და მომზადების განყოფილების უფროსი შ/ს პოდპოლკოვნიკი, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი ო.ნანიკაშვილი, პასუხისმგებელი მდივანი - შ/ს მაიორი ა.ჩაკვეტაძე. მათ ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ ფოთელ მეხანძრე სპორსმენთა გამარჯვება დამსახურებულია და არცაა გასაკვირი, სამწუხარო ისაა, რომ ცხინვალისა და ახალციხის გუნდები წლების მანძილზე ვერ ავლენენ მაღალ მაჩვენებლებს, ვერც ქუთაისელებმა გვიჩვენეს მომზადების მაღალი დონე. საჭიროა მეტი პასუხისმგებლობითა და ინტერესით მოვეკიდოთ სახანძრო გამოყენებით სპორტს, მასიური გავხადოთ სპორტის ეს სახეობა.
სტიქიასთან ბრძოლა მხოლოდ ფიზიკურად გაწვრთნილ და მამაც ადამიანებს ძალუძთ. ჩვენი მიზანიც ეს არის და ვფიქრობთ, სახანძრო დაცვის მესვეურებიც ამ საკითხს მეტი ყურადღებით მიუდგებიან.
2178
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.