ფოთის პირველ მეხანძრეს პოეზია და ნადირობაც იტაცებს » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ფოთის პირველ მეხანძრეს პოეზია და ნადირობაც იტაცებს

ფოთის პირველ მეხანძრეს პოეზია და ნადირობაც იტაცებს

ფოთში პირველი მეხანძრე ლევთერ ჭოჭუა ხანძარსაწინააღმდეგო რაზმში მეგობრის რჩევით მოხვდა. სპეციალური განათლება თბილისის სახანძრო სასწავლებელში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ სახანძრო პროფილაქტიკის ინსპექტორად დაინიშნა, საიდანაც სახანძრო რაზმის უფროსად გადაიყვანეს. ამჟამად იგი მუნიციპალური ხანძარსაწინააღმდეგო რაზმის უფროსია. -მეხანძრეს, პირველ რიგში, გამბედაობა და სიმამაცე მოეთხოვება. "მეხანძრე ხანძარზე ძლიერიაო", იტყვიან, მაგრამ ეს გამოთქმა ყოველთვის არ ამართლებს. დროის ფაქტორზეა ყველაფერი დამო- კიდებული, ზოგჯერ სტიქია გვამარცხებს, - ამბობს ბატონი ლევთერი. -კომუნისტების დროს, - იხსენებს იგი, სოც. ვალდებულება იყო, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქცია შეექმნათ, სხვებისაგან განსხვავებით ჩვენ გეგმაში გვეწერა, რომ ხანძართა რაოდენობა შეგვემ- ცირებინა. მუნიციპალურ ხანძარსაწინააღმდეგო რაზმს სამი მანქანა ემსახურება. შარშან მეხანძრეები 44 შემთხვევაზე გავიდნენ. შეტყობინებას რომ ვიღებთ, ობიექტის აუცილებლად გადარჩენაზე ვფიქრობთ, -ამბობს ბატონი ლევთერი, რომელსაც, ვინ იცის, რამდენი ადამიანის სიცოცხლე თუ მატერიალური ქონება გადაურჩენია, რითვისაც მთავრობამ დააჯილდოვა კიდეც მედლით "ხანძარზე მამაცობისათვის". ლევთერ ჭოჭუა ცნობილი მეხანძრეა, მაგრამ ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ მშვენიერი ლექსებსა და მინიატურებსაც წერს. 1996 წელს გამოიცა მისი წიგნი "ჩემს ფოთს", მისი ლექსები: "ფოთის შემოგარენი", "შენ დაგეძებ", "ოდა წიგნს". დამეთანხმებით, რომ საოცარი ლირიზმითაა გამსჭვალული მისეული სტრიქონები:
"შენ დაგეძებ, შენ ერთადერთს,
მხოლოდ შენთვის ვიღწვი
და უკუღმართ ჟამთასვლაში
სანთელივით ვიწვი.
...შენს ეზოში შესვლა მინდა,
სანამ დაღამდება,
ჭადრის მჩრდილში ჩამოვჯდები,
გულიც ამღერდება,
თანაც ვშიშობ, ვეღარ გნახო,
დამიღამდეს იქნებ,
მაშინ სიოს ჩამონაქროლს
გამოვატან ფიქრებს!"

ერთი ლექსი, სხვათა შორის, ხანძარსაც, უფრო ზუსტად, ჩერნობილის ავარიის დროს დაღუპულ მეხანძრეებს მიუძღნა, რომელიც საქართველოს ტელევიზიითაც გადაიცა. თუმცა, უფრო ხშირად ლექსებს სტიქიაზე კი არა, მაშინ წერს, როცა უხარია. ასე გაუხარდა მდინარე რიონზე ახალი ხიდის გადება და ამ სიხარულმა ლექსიც დააწერინა. - "ახალი ხიდი". ...პოეზიასთან ერთად ნადირობაც იტაცებს, საქართველოს საპატიო მონადირეა. ნადირობა ნადირ-ფრინველის დახოცვა კი არა, ბუნების სიყვარულიო, - ამბობს იგი. ტყეში ხეტიალი კი განსაკუთრებით ზაფხულსა და ზამთარში უყვარს. ერთ-ერთ მინიატურაში წერს კიდეც. "ძალიან მიყვარს ბუნება: ზაფხულში დაჩრდილული ხეივნები და შარა-გზები, სიმწიფეში შესული ბაღ-ბოსტნები, მზე და ზღვა, ჩვენი მშვენიერი მოშარიშურე ტყე-პარკი... ზამთარი მაინც სულ სხვაა, აბა რა სჯობს თოვლის ფიფქებში ჩაფუმფული ბუნების ცქერას, როცა თოვს, ბარდნის და ფართო ფანტელები უწყვეტ ნაკადად ძირს ეშვებიან... ასეთ დროს კარგია ნადირობა!" პოეზიითა და ნადირობით გატაცებული პირველი მეხანძრე საუბარს მაინც ხანძრით ამთავრებს და თანაქალაქელთ სიფრთხილისა და ყურადღებიანობისაკენ, სახანძრო უსაფრთხოების წესების განუხრელი დაცვისაკენ მოუწოდებს.

გაზეთი "ფოთი და ფოთელები" №2(32) თებერვალი 2004წ
1926
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.