აუცილებელია გამბედაობა და რისკი » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

აუცილებელია გამბედაობა და რისკი

ლევთერ ჭოჭუა

მეხანძრისათვის მთავარია პროფესიონალიზმი - მეხანძრე სპეციალისტი კარგად უნდა ფლობდეს ტექნიკა - შეიარაღებას, საბრძოლო ილეთებს და ხანძრებთან ბრძოლის დროს შეეძლოს პირადი ინციატივის გამოვლინება. დიახაც ეს მთავარია, მაგრამ არასაკმარისი. აუცილებელია აგრეთვე გამბედაობა და რისკი. არის ისეთი ხასიათის ხანძრის შემთხვევები, სადაც მეხანძრეებს არ უხდებათ მთელი ძალებისა და საშუალებების მობილიზება - ადვილად აქრობენ მას, მაგრამ ხდება ხოლმე ისეთი ხანძრებიც სადაც ძლიერი დაკვამლიანებაა, არის ჩამონგრევის ან კიდევ აფეთქების საშიშროება, ასეთ შემთხვევაში კი გამბედაობა და გარკვეული რისკიცაა საჭირო. ფოთელ მეხანძრეებს ასეთი შემთხვევები ბევრჯერ ჰქონიათ და ბევრჯერაც უსახელებიათ თავი. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ თითქოსდა ფოთის ხანძარსაწინააღმდეგო პოლიციის რაზმი ძლევამოსილია და ყოველთვის იმარჯვებენ სტიქიაზე. როგორც უძლეველი არმია არ არსებობს ისე არ არსებობს უძლეველი სახანძრო რაზმები. მაგალითად, გასულ წელს განზრახ ცეცხლის წაკიდებით განადგურდა ქალაქის ცენტრში არსებული ყოფილი პარტიის საქალაქო კომიტეტისა და აღმასკომის უნიკალური ნაგებობა, მეხანძრეთა მცდელობას ჩაექროთ ხანძარი შედეგი არ მოყოლია, ასევე ხანძრისაგან განადგურდა შს განყოფილებისა და პროკურატურის შენობა, ამ შენობათა კედლები დღესაც კვამლიასაგან შერუჯული სამოწყალოდ გამოიყურებიან. მაშინ საზოგადოებაში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. - მეხანძრეები უძლურნი არიან, ხანძარი ვერ ჩააქრეს, ვერაფერს გახდნენო. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ უძლეველი არვინ და არაფერია. არსებობს ობიექტური მიზეზები; მაგრამ ძნელია საზოგადოება დაარწმუნო, ხალხი მხოლოდ შედეგებით კმაყოფილდება, მათ არ აინტერესებთ მიზეზები. ახლა კი 22 - მარტს, როდესაც ქალაქის ცენტრში არსებულ შვიდას ადგილიან კინოსაკონცერტო თეატრი „რუსთაველის“ შენობაში ხანძარმა იფეთქა, არავის ეგონა კინოთეატრის გადარჩენა, ხანძარი ვიდეოფილმების სალონში წარმოიშვა, ვეება შავ კვამლში გახვეული ცეცხლის ალი სალონის წინა კედლეს მოსდებია და განადგურებით ემუქრებოდა ამ ერთერთ ულამაზეს შენობას. ხალხი გულისტკივილითა და აღელვებით შეჰყურებდა სტიქიას ნუთუ ვერ გადაარჩენენ, ამბობდნენ ისინი და ახლა მთელ იმედებს მეხანძრეებზე ამყარებდნენ. კინოსაკონცერტო თეატრი ხომ ქალაქის მშვენებაა, კულტურის ცენტრი და ფოთელთა სულიერი საზრდო. წუთიც და ხანძარზე გამოცხადდა მორიგე ქვეგანაყოფი ოცეულის მეთაური შ/ს ლეიტენანტი ნუკრი მაისაიას მეთაურობით. მათ სრული ოპერატიულობა და პროფესიონალიზმი გამოავლინეს. მათ მედგარი შეტევა შედეგიანი აღმოჩნდა, კვამლი მიმოიფანტა, დამარცხებული ცეცხლის ალიც აღარსად ჩანდა ახლა მხოლოდ სალონის კედლებიღა ჩანდა შერუჯული კინოთეატრის შენობა კი კვლავინდებურად მხრებგაშლილი ამაყად და თავმომწონედ გამოიყურება.


გაზეთი „საქართველოს მეხანძრე" 1993 წლის 21 აპრილი №5 გვ.6
3012
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.