ჩემი თავგადასავალი -1 » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ჩემი თავგადასავალი -1

ლევთერ ჭოჭუა

ჩემი თავგადასავალი -1 მკითხველი იტყვის: - ვის რაში აინტერესებს ამის თავგადასავალი, რომელი გამოჩენილი პიროვნება ეს არისო.
მე მათ ვუპასუხებდი, რომ ქვეყნად არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ გააჩნდეს საკუთარი თავგადასავალი. ყველას გააჩნია საინტერესო, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი და განუმეორებელი თვისებები.
ასე, რომ გთხოვთ შეფასებაში ნუ აჩქარდებით ... სოფლის უბრალო გლეხის შვილი ვიყავი, როგორც ხალისიანი ისე სევდიანიც იყო ჩემი ბავშვობა, ჩემი სიყმაწვილე. მაინც მიხაროდა, სკოლის მასწავლებლები მაქებდნენ, კარგი მოსწავლეაო. ჩემთან კლასში სწავლობდა სოფლის ექიმის გოგო. ერთხელაც მამამისს საშინაო დავალების რვეული დაუთვალიერებია, სადაც ერთ გვერდზე, თავიდან ბოლომდე ჩემი სახელი ყოფილა ჩამოწერილი. შვილზე უთქვამს, ეს რა გიქნია, საშინაო დავალების რვეულში თანაკლასელის სახელი ჩამოგიწერიაო, შვილს კი უპასუხნია, რომ სკოლაში ლევთერი ყველაზე საუკეთესო მოსწავლეაო...
სოფლის კლუბში ჩამოყალიბებულ დრამწრეშიც ვმონაწილეობდი. თანაკლასელებმა „კაკო ყაჩაღი“-ს ინსცენირება მოვაწყვეთ. ბატონის როლს მე ვასრულებდი, ზაქრო და მამამისის როლს შესაბამისად თანაკლასელები ასრულებდნენ. ბოლო მომენტში ზაქრო თოფის ორჯერ გასროლით კლავს ბატონს, მაყურებლისათვის უფრო საინტერესო და ემოციური, რომ ყოფილიყო, ორლულიანი თოფის ორივე გილზები ასაფეთქებელი წამლით დავტენეთ. სცენარის მიხედვით პირველ გასროლას მეორე უნდა მოყოლოდა რომლის საპასუხოდ ერთი წინადადება მქონდა სათქმელი და მერე უნდა დავცემულიყავი. პირველი გასროლა მარჯვენა მხარეზე მომიწია,მეორე კი უფრო ქვემოთ, წელთან. სუნთქვა შემეკრა, სათქმელის თავი სად მქონდა, დავეცი, მაყურებლები ამოცვივდნენ, წამომაყენეს, საშიში არაფერი იყო, თუმცა სისხლში ვიყავი ამოსვრილი, სახლში წამიყვანეს, სოფლის ექიმმა პირველადი დახმარება გამიწია.
მართალია საფანტი არ იყო, მაგრამ ახლო მანძილიდან ნასროლი ახლაც მამჩნევია.
სწავლა ფოთის ჰიდრომელიორაციულ ტექნიკუმში გავაგრძელე, შემდეგ კი სამხედრო სამსახურიც გავიარე და როგორც იტყვიან, სადაცაა ბედი შენი იქ მიგიყვანს ფეხი შენიო და მართლაც ისეთ ორგანიზაციაში მოხვდი, სადაც ჩემი ახალგაზრდობის წლები ამ ორგანიზაციას შევალიე, აქ მე 42 წელიწადი დავყავი. ეს იყო ფოთის პროფესიონალური სახანძრო დაცვის ოტრიადი. მაშინდელი სახანძრო დაცვის უფროსის შოთა სალუქვაძის რეკომენდაციით სწავლა გავაგრძელე თბილისის სახანძრო ტექნიკურ სასწავლებელში. არასოდეს დამავიწყდება ცნობილი ოფიცერ - მასწავლებლები. ბექიშვილი, ქსოვრელი, მაზმიშვილი, იშხანოვი, მაჩაიძე და აფაქიძე. ისინი გვასწავლიდნენ სახანძრო პროფილქტიკას, ტაქტიკას, სახანძრო ტექნიკა - შეიარაღებას, სამსახურის ორგანიზაციას, ხაზვას, ისტორიას, სამოქალაქო თავდაცვას და სხვა.
მე გამორჩეულად მიზიდავდა, პროფილაქტიკა, ტაქტიკა და ხაზვა, თუმცა ყველა საგნები ფრიადზე მაქვს დამთავრებული> ერთხელ ტაქტიკის მასწავლებელი გ.ქსოვრელი,რომელიც ავტოსაინჟინრო სასწავლებელში სწავლობდა, მოვიდა ჩემთან და მითხრა: - ლევთერ, შენი დახმარება მჭირდება, თორემ ფინთად მაქვს საქმეო. -მე რა შემიძლია მეთქი ვუპასუხე. თურმე სახელმწიფო გამოცდები ეწყობოდა, და ავტომობილის ერთ-ერთი დეტალი უნდა დაეხაზა-მასშტაბში.
მე თანხმობა მივეცი,თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი უშეცდომოდ შევასრულებდი თუ არა ნახაზს. იმ ღამით,როცა ყველას ეძინა, მე არ მეძინა, საკლასო ოთახში ვიჯედი, ვღელავდი, ხუმრობა ხომ არაა, მასწავლებელმა დახმარება გთხოვოს და შენ კი ვერ შეძლო. არა, არა მღელვარებამ მალე გამიარა და ახლა მშვიდად ვასრულებდი იმ რთულ დავალებას, რომელსაც ტექნიკური დეტალის მასშტაბში დახაზვა ჰქვია.
ჩემი ნამუშევრით გ.ქსოვრელი კმაყოფილი იყო, მე ორჯერ მეტად გახარებული.
სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ დავინიშნე ფოთის პროფესიონალური სახანძრო დაცვის ოტრიადში, უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. ჩემი მოვალეობა იყო განპიროვნებულ ობიექტებზე მაღალ დონეზე ჩამეტარებინა ხანზარსაწინააღმდეგო ღონისძიებები. ძალღონის დაუზოგავად ვმუშაობდი, ჩემი მიზანი ასევე იყო მომსახურეობის ობიექტებზე ყოფილიყო სახანძრო უსაფრთხოების სანიმუშო მდგომარეობა და ადგილი არ ქონდა ხანძრის ან წვის არც ერთ შემთხვევას. ამ ამოცანებს წარმატებით ვართმევდი თავს, რამაც განაპირობა კიდევაც ჩემი დაწინაურება სახანძრო დაცვის უფროსის მოადგილის პოსტზე.
ახლა უკვე ქალაქში განლაგებული ხუთასამდე ობიექტებისა და 1500-მდე ინდივიდუალური და კომუნალური საცხოვრებელი სახლების სახანძრო უსაფრთხოებაზე ვიყავი პასუხისმგებელი. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ფუნქციებს მაშინ ასრულებდა სამი სახანძრო ნაწილების უფროსთა სამი მოადგილე და აპარატის 4 ინსპექტორი. ჩემი ხელმძღვანელობით. აქ რა მოსატანია, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ სამსახურში თავის გამოჩენა მიყვარდა. მინდოდა ყველამხრივ რესპუბლიკაში გვქონოდა საუკეთესო შედეგები. მე ამას ვაღწევდი, ობიექტების სახანძრო ტექნიკური გამოკვლევის ხარისხიანად ჩატარებასთან ერთად. ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარე აწგარდაცვილი ბატონ ჯემალ მაისაიასთან ერთობლივი გეგმის მიხედვით ვატარებდით ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა-აგიტაციას, როგორიცააა: ბეჭვდითი, თვალსაჩინო და ზეპირი აგიტაცია-პროპაგანდა. მაღალ დონე ვატარებდით საობიექტო და საქალაქო სახანძრო თემატურ საღამოებს, ტარდებოდა ხანძარსაწინააღმდეგო ერთთვიური.
ჩემი თაოსნობით გადაღებული იქნა ხანძარსაწინააღმდეგო თემაზე ცხრა წუთიანი ფილმი. ვატარებდით მოხალისეთა სახანძრო რაზმეულების საქალაქო შეჯიბრებებს, ობიექტების ინჟინერ ტექნიკურ პერსონალებთან წელიწადში ორჯერ ვატარებდით თათბირ-სემინარებს. აღნიშნული და რიგი სხვა ღონიძისებების მაღალ დონეზე ჩატარებით მიღწეული იქნა ობიექტებისა და ინდსაცხოვრებელი სახლების სახანძრო უსაფრთხოების საგრძნობლად გაუმჯობესება, რასაც შედეგად ხანძრებისა და მათგან გამოწვეული ზარალიანობის მკვეთრად შემცირება მოყვა. რესპუბლიკაში გამოცხადებულ ყველა სახის კონკურსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვასრულებდით დროულად და წარმატებით.
ჩვენი მიღწევები მხედველობიდან არ გამორჩენია როგორც ზემდგომ ისე ადგილობრივ ორგანოებს.
არაერთხელ ვიყავით დაჯილდოებული მათ მიერ, პირადად მე მომენიჭა პროფესიაში საუკეთესოს წოდება და შეტანილი ვარ შსს -ს საპატიო წიგნში.
უფროსის მოადგილედ შვიდი წელიწადი ვიმუშავე სხვათაშორის უფროსის თანამდებობაზე, როგორ არ მიფიქრია, მაგრამ ოდესმე უფროსად, რომ დავინიშნებოდი ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია თუმცა ამ თანამდებობაზე მე 1974 წელს დამამტკიცეს. იმ წლებში მოხდა სსზ-ს ინსპექციის შექმნა, რომლის უფროსად სახანძრო დაცვის უფროსი რ. ალასანია დანიშნეს, რომელიც შსს ფოთის მილიციის განყოფილებას ექვემდებარებოდა.
პარტიის საქალაქო კომიტეტის წარდგინებით, როცა შსს სდს-მ სახანძრო დაცვის უფროსად დამნიშნა ნამდვილი საფიქრალი მაშინ გამიჩნდა. ახლა მე პასუხს ვაგებდი მთელს პ/შემადგენლობაზე, მათი სახანძრო -საბრძოლო მომზადებაზე, ტექნიკა-შეიარაღებით უზრუნველყოფაზე, ხანძრის ქრობაზე. ოტრიადი სამი ნაწილისაგან შედგებოდა, სულ 200 -მდე საშტატო ერთეულით.
ადვილია ადამიანმა იოცნებოს მაღალ თანამდებოპბაზე, ძნელია უნაკლოდ თავი გაართვა მაღალ თანამდებობას. მაშინ მე ჩემს თავს ვუთხარი: აბა ლევთერ თავის გამოჩენა, რომ გიყვარს, მიდი საქმით და საქმემან ანახოს შეძლება შენი მეთქი და გაორმაგებით შევუდექი მუშაობას. სამსახურში გვიანობამდე ვრჩებოდი, თუმცა ისედაც არანორმირებული საათები გვქონდა.
მთავარი ჩემი მიზანი იყო სამსახურისა და საბრძოლო მომზადების მკვეთრად გაუმჯობესება, ამას მე ვაღწევდი და ამის მკაფიო დასტურია ის გარემოება,რომ ერთმა ქვედანაყოფმა ჯერ საქართველოში სამსახურისა და საბრძოლო მომზადების დარგში გაიმარჯვა, შემდგომ კი საკავშირო კონკურსში გაიმარჯვა. პ/შემადგენლობას გადაეცა ფულადი ჯილდო და საკავშირო ალამი.

გაგრძელება
147
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.