სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების ობიექტებისათვის » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების ობიექტებისათვის

სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების ობიექტებისათვის

მუხლი 15. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები საცხოვრებელი ობიექტებისათვის
1. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბინებში, საერთო საცხოვრებლების საცხოვრებელ ოთახებსა და სასტუმროების ნომრებში აკრძალულია სხვადასხვა სახის აფეთქებახანძარსაშიში სახელოსნოებისა და საწყობების მოწყობა, სადაც გამოიყენება და ინახება ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერებები და მასალები.
2. სასტუმროების, კემპინგების, მოტელების და საერთო საცხოვრებლების შენობების ნომრებში უნდა იქნეს გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმები, ოთახის ნომრის და საევაკუაციო გასასვლელებისაკენ მოძრაობის მიმართულების აღნიშვნით (ქართულ და ინგლისურ ენებზე). სასტუმროს ადმინისტრაცია ვალდებულია გააცნოს სტუმრებს სასტუმროს შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია სასტუმროს ადმინისტრაციისათვის მისაღები ფორმით.
მუხლი 16. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები სამეცნიერო ლაბორატორიების სათავსებისათვის
1. სამეცნიერო ლაბორატორიებში კვლევის დაწყებამდე სამუშაოების ხელმძღვანელი ვალდებულია ჩაუტაროს პერსონალს ინსტრუქტაჟი სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ.
2. ექსპერიმენტების ჩატარებისას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ექსპერიმენტის ხელმძღვანელს.
3. ადვილაალებადი და წვადი სითხეების და წვადი ნივთიერებების მარაგი უნდა ინახებოდეს სპეციალურად მოწყობილ სათავსებში (საკნები).
4. ქიმიური რეაქტივები, რომელთა ერთმანეთთან, წყალთან და ჰაერთან ურთიერთქმედება შეიძლება გახდეს ხანძრის ან აფეთქების მიზეზი, უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე, შესაბამის შეფუთვაში, უწვ კარადებში. ქილებზე, ბოთლებსა და სხვა შეფუთვებზე, სადაც ინახება ქიმიური რეაქტივები და ნივთიერებები უნდა იყოს წარწერები დამახასიათებელი საშიშროების აღნიშვნით: „ხანძარსაშიში“, „ფეთქებადხანძარსაშიში“, „შხამიანი“, „ქიმიურად აქტიური“. ლაბორატორიის სათავსებში ადვილაალებადი და წვადი სითხეები და აირები სამუშაო ადგილზე უნდა მიეწოდოს შეფუთულ და მსხვრევისაგან დაცულ ტარაში.
5. ლაბორატორიის სათავსებში ყველა სამუშაო, რომელსაც თან ახლავს ფეთქებადხანძარსაშიში ორთქლის და აირის გამოყოფა, უნდა ჩატარდეს გამწოვ კარადებში. აკრძალულია სამუშაოების ჩატარება გამწოვ კარადებში, რომლებსაც აქვთ გაუმართავი ვენტილაცია.
6. გამწოვ კარადებში უნდა იყოს გათვალისწინებული ჰაერის ზედა და ქვედა გაწოვა, თუ ჩატარებულ სამუშაოებს თან ახლავს ხანძარფეთქებადსაშიში ორთქლისა და აირების გამოყოფა.
7. ლაბორატორიის მაგიდები და გამწოვი კარადები, რომლებიც განკუთვნილია ადვილაალებად და წვად სითხეებსა და წვად აირებთან, აგრეთვე ხანძარფეთქებადსაშიშ ნივთიერებებთან სამუშაოდ, უნდა იყოს შესრულებული უწვი მასალებისაგან.
8. ადვილაალებადი და წვადი სითხეების კანალიზაციაში ჩაღვრა დაუშვებელია.
9. ხანძარსაშიშ სათავსებსა და ხანძარფეთქებადსაშიშ მოწყობილობებზე უნდა იყოს გამოკრული ღია ცეცხლის გამოყენების ამკრძალავი სახანძრო უსაფრთხოების ნიშნები.
10. წითელი ფოსფორი უნდა ინახებოდეს მჭიდრო საცობის ან ხუფის მქონე მინის ან ლითონის ტარაში, წყალბადის ზეჟანგი (30%-იანი) - ლითონის კონტეინერში მოთავსებულ კორპისსაცობიან მუქი ფერის მინის ჭურჭელში. წითელი ფოსფორი და წყალბადის ზეჟანგი შეიძლება ინახებოდეს ნეიტრალურ მარილებთან (კარბონატები, სულფიდები) ერთად დამჟანგველების, ლითონის ფხვნილებისა და ტუტელითონებისაგან განცალკევებით.
11. ქიმიური ნივთიერებები და მასალები უნდა ინახებოდეს ცალკე სათავსებში ჯგუფებად ფიზიკური, ქიმიური და ხანძარსაშიში თვისებების ერთგვაროვნების მიხედვით.
12. აზოტის და გოგირდმჟავას შენახვისას უნდა იყოს მიღებული ზომები, რომლებიც გამორიცხავენ მათ შეხებას ხის მასალებსა და სხვა ორგანული წარმოშობის ნივთიერებებთან.
13. სათავსებში, სადაც ინახება ხანძრის დროს გალღობის უნარის მქონე ქიმიური ნივთიერებები, უნდა იყოს გათვალისწინებული ნალღობის თავისუფალი დაღვრის შემზღუდავი საშუალებები (ქიმები, ზღურბლები).
მუხლი 17. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ობიექტებისათვის
1. სასწავლო წლის დაწყებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების შენობებში ობიექტის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ობიექტის მზადყოფნის შემოწმება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების ფარგლებში.
2. სკოლამდელი სასწავლო დაწესებულებების (მათ შორის, გამაჯანსაღებელი დაწესებულებები ბავშვებისა და მოზარდებისათვის) შენობებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის და ევაკუაციის მართვის სისტემის გამართულ მუშაობას. ამ შენობების სათავსებიდან და სართულებიდან გათვალისწინებული უნდა იქნეს სამშენებლო ნორმებით და წესებით დადგენილი რაოდენობის და ზომების საევაკუაციო გასასვლელის მოწყობა. დაუშვებელია: ხის შენობების მანსარდის სათავსებში ბავშვების განთავსება, ასევე ხისა და სხვა წვადი მასალების შენობებში 50-ზე მეტი ბავშვის განთავსება; სათავსებში განათებისათვის სანთლის და ნავთის ლამპის გამოყენება; ხანძარსაშიში სამუშაოების წარმოება, როცა სათავსებში ბავშვები იმყოფებიან.
3. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მრავალსართულიან შენობებში სკოლამდელი და დაწყებითი სწავლების კლასები უნდა განთავსდეს შენობის პირველ-მეორე სართულებზე.
4. მოსწავლეებს უნდა ჩაუტარდეთ მეცადინეობები სახანძრო უსაფრთხოების წესების შესასწავლად სპეციალურად შემუშავებული პროგრამით.
5. საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში ქიმიური ნივთიერებების, მასალების შენახვა, ქიმიურ ლაბორატორიებში (კაბინეტებში) სასწავლო სამუშაოების ჩატარება უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
6. ფიზიკის და ქიმიის ლაბორატორიების სათავსებში აკრძალულია მოსწავლეების მიერ რეაქტივების გამოყენება, ელექტრო და სხვა გამახურებელ ხელსაწყოებთან მუშაობა ლაბორანტის ან პედაგოგის ზედამხედველობის და ხელმძღვანელობის გარეშე.
7. ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარება საგანმანათლებლო დაწესებულების შენობაში დასაშვებია მხოლოდ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვით.
8. მეცადინეობის დამთავრების შემდეგ მასწავლებელი ვალდებულია უზრუნველყოს კაბინეტებიდან, ლაბორატორიებიდან და სახელოსნოებიდან ყველა ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერების და მასალის გატანა მათი დროებითი შენახვისათვის განკუთვნილ სათავსში.
მუხლი 18. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები სანახაობრივი დანიშნულების ობიექტებისათვის
1. სანახაობრივ ობიექტებზე, მათ შორის, თეატრებსა და ცირკებში (სეზონის გახსნამდე), კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში და ზოოპარკში ობიექტის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ობიექტის მზადყოფნის შემოწმება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების ფარგლებში.
2. გალერეებსა (მათ შორის საგამოფენო დარბაზებსა და საგამოფენო სალონებში) და მუზეუმებში უნდა იყოს შემუშავებული ექსპონატების, წიგნების და მატერიალურ ფასეულობათა, ხოლო ცირკსა და ზოოპარკში ცხოველთა ევაკუაციის გეგმები.
3. სცენის კოლოფის ხის კონსტრუქციები (ცხაურები, კიდული ხიდები, სამუშაო გალერეები და ა.შ.), წვადი დეკორაციები, სასცენო გაფორმება უნდა იყოს დამუშავებული ცეცხლდამცავი შემადგენლობით.
4. დაუშვებელია დეკორაციების, ბუტაფორიის, ფარდების, ინვენტარის და სხვა ქონების შენახვა ტრიუმებში, ცხაურებსა და სამუშაო მოედნებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კიბის საფეხურებისა და ბაქნების ქვეშ.
5. დადგმების გაფორმებისას სცენის პლანშეტის ირგვლივ უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მ სიგანის თავისუფალი წრიული გასასვლელი. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ყველა დეკორაცია და ბუტაფორია უნდა იყოს დაშლილი და გატანილი სცენიდან სპეციალურ საწყობებში.
6. სცენის პლანშეტზე უნდა იყოს გავლებული ხანძარსაწინააღმდეგო ფარდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაშვების საზღვრის აღმნიშვნელი წითელი ხაზი. დეკორაციები და სასცენო გაფორმების სხვა საგნები არ უნდა სცდებოდეს ამ ხაზს. სპექტაკლის (რეპეტიციის) დამთავრების შემდეგ ხანძარსაწინააღმდეგო ფარდა უნდა იყოს დაშვებული.
7. სცენაზე აკრძალულია ღია ცეცხლის გამოყენება, ხოლო მაყურებელთა დარბაზსა და დამხმარე სათავსებში ჩირაღდნების, სანთლების, კანდელაბრების, რკალური პროჟექტორების, ფეიერვერკების და სხვა სახის ცეცხლის ეფექტების მქონე საშუალებების გამოყენება. ზამთრის პერიოდში საკვამლე ლიუკების სარქველები უნდა იყოს დათბუნებული და პერიოდულად შემოწმებული შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად.
8. სამაყურებლო ობიექტებზე აკრძალულია საევაკუაციო გასასვლელების და ხანძრის ჩაქრობის საშუალებებთან მისასვლელების ჩახერგვა.
9. ცირკი-შაპიტოს მოწყობისას საჭიროა შემდეგი მოთხოვნების დაცვა:
ა) სახანძრო-სადარაჯო სამსახურის ორგანიზება;
ბ) გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების არსებობა;
გ) ნაგებობის ირგვლივ სახანძრო მანქანების შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა.
10. ცირკ-შაპიტოში ხანძრის ჩაქრობის მიზნით დროებითი ხანძარსაწინააღმდეგო წყალგაყვანილობის გამოყენებისას უნდა იყოს გამოყოფილი პასუხისმგებელი თანამშრომელი, რომელიც ამოწმებს სისტემის გამართულ მუშაობას წარმოდგენის დაწყებამდე და იმყოფება მის სიახლოვეს წარმოდგენის დამთავრებამდე.
11. ცირკ-შაპიტოებში წვადი მასალების კონსტრუქციები, დეკორაციები, სცენის გაფორმება უნდა იყოს დამუშავებული (გაჟღენთილი) ცეცხლდამცავი შემადგენლობით.
12. ცირკ-შაპიტოების წვადი მასალებისაგან შესრულებული ტენტური გადახურვა არ უნდა ავრცელებდეს წვას გარე თბური (ალის) ზემოქმედების არარსებობის შემთხვევაში ამონაწვის ფარგლებს გარეთ და უნდა ეკუთვნოდეს იმ ჯგუფს, რომელიც არ ავრცელებს წვას.
13. მუზეუმების და ბიბლიოთეკების წიგნების საცავების სათავსებში უნდა იყოს მოწყობილი საევაკუაციო გზები და გასასვლელები. სტელაჟები უნდა იყოს დამზადებული უწვი მასალისაგან.
14. საგამოფენო დარბაზებში სადემონსტრაციო სტენდების (ექსპონატები, ვიტრინები) მოწყობისას გადასატანი ტიხრების განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს ხანძრის დროს ადამიანთა უსაფრთხო და დროულ ევაკუაციას შენობა-ნაგებობიდან.
15. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილ ობიექტებში ევაკუაციის გზების სახანძრო უსაფთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შეუსაბამობის და დამატებითი გასასვლელების მოწყობის შეუძლებლობის შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს ერთდროულად მყოფ დამსწრეთა რაოდენობა. მათი მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა განისაზღვრება ხანძრის დროს უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფის პირობების გათვალისწინებით.
მუხლი 19. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებისათვის
1. ადვილაალებადი და წვადი სითხეები და წვადი აირები (მათ შორის, აირის ავზები, ლაქ-საღებავები, გამხსნელები), საბრძოლო მასალები, პიროტექნიკური ნაკეთობა, ნივთიერებები აეროზოლურ შეფუთვებში და სხვა მაღალი სახანძრო საშიშროების საქონელი უნდა იყიდებოდეს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად მოწყობილ სავაჭრო ობიექტებში.
2. სავაჭრო, საზოდაგოებრივი კვების და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტებზე წვადი საქონელი, აგრეთვე ნარჩენები, შეფუთვები და კონტეინერები უნდა ინახებოდეს ამ მიზნებისათვის სპეციალურად განკუთვნილ სათავსებში. ნარჩენები, აგრეთვე შეფუთვები, რომლებიც არ გამოიყენება საქონლის გაყიდვისას კონტეინერებში დაგროვებისთანავე უნდა იყოს გატანილი დარბაზიდან და შემდეგ სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის ფაგლებს გარეთ. სავაჭრო დარბაზში კონტეინერების არარსებობისას ნარჩენები და გამოუყენებელი შეფუთვები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი დარბაზიდან.
3. აკრძალულია წვადი საქონლის ან წვად შეფუთვაში მოთავსებული საქონლის შენახვა სათავსებში, რომლებიც საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით არ არის გათვალისწინებული ამ მიზნებისათვის.
4. ხანძარსაშიში საქონლით (საყოფაცხოვრებო ქიმიის საქონელი, ლაქები, საღებავები, გამხსნელები, ავტოზეთები და სხვა) ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ სპეციალიზებულ განყოფილებებში (სექციები) ან სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში.
5. წვადი სითხეების გაყიდვა ავტოცისტერნებიდან უნდა წარმოებდეს უახლოესი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ფუნქციური დანიშნულების ობიექტიდან არანაკლებ 15 მ-ის დაცილებით, ადგილის რელიეფის გათვალისწინებით, რომელიც გამორიცხავს ავარიის შემთხვევაში სითხის დაღვრას მომიჯნავე შენობა-ნაგებობების მიმართულებით.
6. შენობა-ნაგებობებში მოწყობილი სასურსათო და სამრეწველო საქონლის ბაზრობების (მათ შორის, კონტეინერული ტიპის ბაზრობები კონტეინერების რიგებს შორის გადახურვით) სავაჭრო დანადგარების რიგებს შორის უნდა იყოს თავისუფალი გასასვლელი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციას ხანძრის დროს.
7. საბრძოლო მასალების (დენთი, კაფსულები, დატენილი ვაზნები) ნაწარმის გაყიდვა დასაშვებია მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში ან სპეციალიზებულ განყოფილებებში (სექციები). საბრძოლო მასალებისა ნაწარმის სექციები უნდა იყოს განლაგებული მაღაზიების ბოლო სართულებზე. აღნიშნული განყოფილებების (სექცია) განლაგება უშუალოდ საევაკუაციო გასასვლელებთან აკრძალულია.
8. დაუშვებელია ერთ სავაჭრო დარბაზში იარაღის (სამოქალაქო და სამსახურებრივი), საბრძოლო მასალის (დენთი, კაფსულები, დატენილი ვაზნები) და ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხანძარსაშიში საქონლის გაყიდვის შეთავსება.
9. ვაზნები და პიროტექნიკური ნაკეთობა უნდა ინახებოდეს ხანძარსაწინააღმდეგო ტიხრებით შემოსაზღვრულ სათავსებში დადგმულ ლითონის კარადებში. დაუშვებელია ამ კარადების განთავსება შენობების და მიწისზედა ნაგებობების სარდაფების სათავსებში. აკრძალულია დენთის შენახვა კარადაში კაფსულებთან ან დატენილ ვაზნებთან ერთად.
10. პიროტექნიკური ნაკეთობების რეალიზაცია დასაშვებია სპეციალიზებულ მაღაზიებში, განყოფილებებში (სექციები), პავილიონებსა და ჯიხურებში, სადაც ისინი დაცული იქნებიან პირდაპირი მზის სხივებისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისაგან. დასაშვებია მათი განლაგება ერთსართულიან შენობებში ან ორი და მეტი სართულის მქონე შენობების ბოლო სართულებზე. აღნიშნული განყოფილებების (სექციები) განლაგება უშუალოდ საევაკუაციო გასასვლელებთან აკრძალულია.
11. საცალო ვაჭრობის ობიექტებში პიროტექნიკური ნაკეთობების შენახვისას დაცული უნდა იქნეს მათი შენახვის და გამოყენების ინსტრუქციის მოთხოვნები.
12. პიროტექნიკური ნაკეთობის რეალიზაცია აკრძალულია:
ა) საცხოვრებელ შენობებში, სადგურების შენობებში (საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო), რკინიგზის პლატფორმებზე, მეტროპოლიტენის სადგურების მიწისზედა ვესტიბიულებში, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და სხვა ნაგებობებში განთავსებულ სავაჭრო ობიექტებზე, საერთო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებში, ხანძარსაშიშ ობიექტების ტერიტორიაზე;
ბ) პროდუქციის საიდენფიკაციო ნიშნების არარსებობისას (დაკარგვისას), ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, დაზიანების ნიშნების არსებობისას, ექსპლუატაციის ინსტრუქციის გარეშე.
13. პიროტექნიკური პროდუქციის რეალიზაციისას თვითმომსახურების მაღაზიების სავაჭრო დარბაზებში უნდა იქნეს გამორიცხული საყოფაცხოვრებო დანიშნულების პიროტექნიკურ ნაკეთობებთან მყიდველების უშუალო კონტაქტი.
14. პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება აკრძალულია:
ა) ნებისმიერი ფუნქციური დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, სათავსებში;
ბ) ფეთქებადსაშიში და ხანძარსაშიში ობიექტების ტერიტორიებზე, რკინიგზის, ნავთობსადენების, გაზსადენების, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გასხვისების ზოლში;
გ) შენობა-ნაგებობების სახურავებზე, აივნებზე, ლოჯიებსა და ფასადის გამოშვერილ ნაწილებზე;
დ) სასცენო მოედნებზე საკონცერტო და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარებისას;
ე) მიტინგების, დემონსტრაციების, მსვლელობების, პიკეტირების დროს.
15. სავაჭრო დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში აკრძალულია:
ა) ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარება სავაჭრო დარბაზებში მომხმარებელთა ყოფნის დროს;
ბ) სავაჭრო დარბაზებში წვადი აირის ავზების დადგმა და გამოყენება.
გ) ადვილაალებადი, წვადი სითხეებით, წვადი აირით და პიროტექნიკური ნაკეთობებით მოვაჭრე განყოფილებების, სექციების განთავსება 4 მ-ზე ახლოს სავაჭრო დარბაზების გასასვლელებთან, კიბის უჯრედებსა და სხვა საევაკუაციო გზებთან;
დ) სავაჭრო ადგილების ორგანიზება კიბის უჯრედების ბაქნებზე, ტამბურებსა და სხვა საევაკუაციო გზებზე;
ე) სავაჭრო დარბაზებსა და საევაკუაციო გზებზე წვადი მასალების, ნარჩენების, შეფუთვების და კონტეინერების დროებითი შენახვა;
ვ) წვადი ან უწვი საქონლის წვადი შეფუთვით იმ სათავსში შენახვა, რომელსაც არ გააჩნია ფანჯრის ღიობები ან კვამლის გაწოვის შახტები, გარდა შემთხვევებისა, რომლებიც ნებადართულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული აქტებით.
16. სასადილო დარბაზებში მოწყობილობების ან ავეჯის განლაგება არ უნდა აფერხებდეს მომხმარებელთა თავისუფალ ევაკუაციას ხანძრის შემთხვევაში.
მუხლი 20. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები სამედიცინო დანიშნულების ობიექტებისათვის 1. სამედიცინო დანიშნულების ობიექტის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (ან მორიგე ექიმი) უნდა ფლობდეს ინფორმაციას თითოეულ შენობაში მყოფი ავადმყოფებისა და სამედიცინო პერსონალის რაოდენობის და ადგილსამყოფლის შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს.
2. სამედიცინო დანიშნულების ობიექტი, სადაც მუდმივად იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება, უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკაცეებით, ხუთ პაციენტზე ერთი საკაცის ანგარიშით.
3. დაუშვებელია ჟანგბადის ავზების განთავსება-გამოყენება და შენახვა სამედიცინო დანიშნულების შენობებში.
4. ჟანგბადი პალატებში სამედიცინო საჭიროებისათვის მიეწოდება ცალკე მდგომი დანადგარიდან (მათ შორის ჟანგბადის ერთავზიანი რამპიდან), რომლებიც განთავსებულია შენობის გარე უწვ კედელთან ფანჯრისა და კარების ღიობებიდან არანაკლებ 4 მეტრის მანძილზე (ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად) მოწყობილ კარადებში ან უწვი მასალის ერთსართულიან მინაშენებში. დანადგარში ჟანგბადის ავზების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ერთეულს (თითოეული 40 ლიტრის ტევადობით).
5. ადვილაალებად და წვად სითხეებს მიკუთვნებული მედიკამენტები და რეაქტივები (სპირტი, ეთერი და ა.შ.) უნდა ინახებოდეს ამ მიზნებისათვის გამოყოფილ სათავსებში, საკეტის მქონე სპეციალურ ლითონის კარადებში, მათი თავსებადობის გათვალისწინებით.
6. სათავსებში 4 კგ-მდე რენტგენის ფირებისა და რენტგენოგრამების შენახვა დასაშვებია ლითონის კარადებში (ყუთებში), გამათბობელი ხელსაწყოებიდან არანაკლებ 1 მ მანძილზე.
მუხლი 21. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტებისათვის
1. სპორტული დარბაზების (12 მ და მეტი სიმაღლის მქონე) მთელ სიმაღლეზე დეკორაციების მოწყობისას საჭიროა სახანძრო უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გატარება, მათი ხანძრისაგან დასაცავად.
2. სპორტული ღონისძიებების ჩატარებისას აკრძალულია ტელე- და ვიდეოკამერების დადგმა საევაკუაციო გზებსა და საევაკუაციო გასასვლელებში.
3. საცხენოსნო-სპორტული კომპლექსის ცხენების სადგომ სათავსებში აკრძალულია თივის, ფურაჟის შენახვა თავლის ტამბურებსა და საევაკუაციო გასასვლელებში.
4. საცხენოსნო-სპორტულ კომპლექსში წყლის გაუსნებოვნების მიზნით ნატრიუმის ან კალციუმის ჰიპოქლორიდის, კირ-ქლორის გამოყენებისას მათი მარაგი უნდა ინახებოდეს მზის სხივებისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისაგან დაცულ, განიავების შესაძლებლობის მქონე ცალკე სათავსში. ნატრიუმის ან კალციუმის ჰიპოქლორიდის, კირქლორის შენახვისას უნდა იყოს გათვალისწინებული ხსნარების გამოშრობის, 400 С მეტ ტემპერატურაზე გაცხელების, აგრეთვე მჟავეებსა და ორგანულ ნივთიერებებთან კონტაქტის გამომრიცხავი ზომები.
1649
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.