სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები საწარმოო ობიექტებისათვის » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები საწარმოო ობიექტებისათვის

სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები საწარმოო ობიექტებისათვის


მუხლი 22. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ხანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიში საწარმოო ობიექტებისათვის
1. ხანძარსაშიშ და აფეთქებახანძარსაშიშ ობიექტებში ტექნოლოგიური პროცესები უნდა ტარდებოდეს ტექნოლოგიური რეგლამენტების, ტექნიკური ექსპლუატაციის წესების და დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმატიულ-ტექნიკური და საექსპლუატაციო დოკუმენტების სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების აუცილებელი გათვალისწინებით.
2. ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერებების და მასალების გამოყენებისათვის განკუთვნილი მოწყობილობები, ტექნოლოგიური პროცესის უსაფრთხოების კონტროლისა და უზრუნველყოფის სისტემები უნდა შეესაბამებოდეს საკონსტრუქტორო დოკუმენტაციას.
3. ხანძარსაშიშ და აფეთქებახანძარსაშიშ ობიექტებში, სადაც შესაძლებელია წვადი ორთქლის ან აირის დაგროვება, აკრძალულია ისეთი ტრანსპორტის მოძრაობა, რომლებსაც არ აქვთ ან გაუმართავი აქვთ ნაპერწკალჩამქრობები (ნაპერწკალდამჭერები). ეს უბნები უნდა იყოს აღნიშნული იმ ტრანსპორტის მოძრაობის ამკრძალავი ნიშნებით, რომლებსაც არ გააჩნიათ ნაპერწკალჩამქრობები.
4. თითოეულ საწარმოში უნდა ინახებოდეს ინფორმაცია იმ ნივთიერებებისა და მასალების (მათ შორის, შუალედური პროდუქტები, ნარჩენები) ხანძარფეთქებადსაშიშროების მაჩვენებლების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ტექნოლოგიურ პროცესებში. საწარმოების ტექნოლოგიურ პროცესებში დაუშვებელია ისეთი ნივთიერებების და მასალების გამოყენება, რომელთა ხანძარფეთქებადსაშიშროების მაჩვენებლები გამოუკვლევია. ნივთიერების და მასალების შენახვისას და ტრანსპორტირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი აგრეგატული მდგომარეობა, ერთობლივი შენახვის შესაძლებლობა, აგრეთვე მათი ჩაქრობის საშუალებების ერთგვაროვნება, №8 დანართის - ნივთიერებების და მასალების შენახვის წესი - მოთხოვნების გათვალისწინებით.
5. სამღებრო კამერების (გამწოვი კარადები, საშრობი კამერები), აგრეთვე ტექნოლოგიური აპარატების და მოწყობილობების გამწოვი ვენტილაციის კონსტრუქცია უნდა იძლეოდეს ხანძარსაშიში დანალექების გაწმენდის შესაძლებლობას ხანძარუსაფრთხო ხერხის გამოყენებით.
6. საწარმოო სათავსებში, ტექნოლოგიურ აპარატებსა და მოწყობილობებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება, აგრეთვე სათავსებში, სადაც მიმდინარეობს ფეთქებადსაშიში მტვერის, ორთქლის და აირების გამოყოფასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესები, სავენტილაციო დანადგარების რემონტი და გადაიარაღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავენტილაციო სისტემასა და სათავსებში ამ ნივთიერებების კონცენტრაცია არ აღემატება ზღვრულად დაშვებულ ფეთქებადუსაფრთხო მნიშვნელობებს. სამუშაოების ჩატარების დროს შესაკეთებელი აპარატი (დანადგარი) ან სავენტილაციო სისტემის უბანი უნდა გამოითიშოს სხვა უბნებისაგან.
7. საწყობებსა და საწარმოო სათავსებში აკრძალულია სატრანზიტო ელექტროქსელის, წვადი აირების, ადვილაალებადი და წვადი სითხეების, აგრეთვე წვადი მტვერის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი მილსადენების გაყვანა.
8. ხანძარსაშიშ და აფეთქებახანძარსაშიშ სათავსებში, უბნებზე (დანადგარებზე), აგრეთვე აფეთქებახანძარსაშიში მოწყობილობების გაწმენდა-შეკეთებისას საჭიროა ნაპერწკალუსაფრთხო არამექანიზებული ხელის ინსტრუმენტის და ფეთქებადუსაფრთხო ელექტროინსტრუმენტის გამოყენება.
9. ადსორბერების კონსტრუქცია და ექსპლუატაციის პირობები უნდა გამორიცხავდეს მათში არსებული ადსორბენტის (მათ შორის, აქტივირებული ნახშირი) თვითაალების შესაძლებლობას და შეივსოს მხოლოდ დადგენილი მარკის ადსორბენტით.
10. ტექნოლოგიურ პროცესებსა და მოწყობილობებში, რომლებშიც შესაძლებელია სტატიკური ელექტროობის წარმოქმნა, საჭიროა დამცავი ზომების მიღება სტატიკური ელექტროობის განმუხტვის და წვადი გარემოს აალების შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად.
11. საწარმოო სათავსებში, რომლებშიც ავარიის დროს შესაძლებელია წვადი აირების ან ადვილაალებადი და წვადი სითხეების ორთქლის ინტენსიური გამოყოფა, საჭიროა ავტომატური აირანალიზატორების მოწყობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ავარიული ვენტილაციის სისტემის ამუშავებას შესაბამისი მოწყობილობის საშუალებით.
12. აირანალიზატორებისათვის ჰაერის სინჯების აღება უნდა წარმოებდეს წვადი აირების და ორთქლის გამოყოფის და დაგროვების ყველაზე სავარაუდო ადგილებში.
13. საწარმოო სათავსებში, სადაც შესაძლებელია წვადი მტვრის, აირების ან ადვილაალებადი და წვადი სითხეების ორთქლის დაგროვება, სავენტილაციო სისტემების კონსტრუქცია და მოწყობილობები უნდა გამორიცხავდეს ნაპერწკლების წარმოქმნის შესაძლებლობას.
14. აფეთქებახანძარსაშიშ საწარმოო სათავსებში მოწყობილი სავენტილაციო სისტემების ლითონის ჰაერსატარები უნდა იყოს დამიწებული.
15. ფეთქებად და ხანძარსაშიშ ზონებში, სადაც შესაძლებელია წვადი ორთქლ-, აირ- და/ან მტვერ-ჰაერის ნარევების წარმოქმნა, აკრძალულია:
ა) ელექტროდანადგარების გამოყენება, დამცავი დამიწების და მაბლოკირებელი მოწყობილობების გაუმართაობისას;
ბ) ელექტრომოწყობილობების ჩართვა მათი გადატვირთვისა და მოკლე ჩართვისაგან დაცვის გარეშე;
გ) დნობადი არაკალიბრებული დამცველების, აგრეთვე თბური რელეების არაკალიბრებული გამახურებელი ელემენტების გამოყენება.
16. შენობა-ნაგებობებში წვადი აირების, ადვილაალებადი და წვადი სითხეების მილსადენების გაყვანისას საჭიროა:
ა) სამშენებლო კონსტრუქციებში მილსადენების გატარების ადგილებში ღიობების (ღრეჩოები, არამჭიდრო ადგილები და ა.შ.) ჰერმეტულად შევსება უწვი მასალებით, სამშენებლო კონსტრუქციის მთელ სისქეზე;
ბ) ერთი სათავსიდან მეორეში არხებისა და თხრილების (ღია და დახურული) გადასვლის ადგილებში უწვი მასალებისაგან დამზადებული აირშეუღწევი ზღუდეების (დიაფრაგმები) გამოყენება.
17. შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ აკრძალულია კონსტრუქციული ცვლილებების შეტანა აფეთქების დროს შენობა-ნაგებობების ნგრევისაგან დამცავ მოწყობილობებში.
18. ენერგეტიკის ობიექტებზე მოძრავი სახანძრო ტექნიკის განთავსების ადგილებზე უნდა მოეწყოს დამიწება და ეს ადგილი შესაბამისად მოინიშნოს. დამიწების ადგილები უნდა განისაზღვროს ენერგეტიკის ობიექტების სპეციალისტების მიერ სახანძრო დაცვის წარმომადგენლებთან ერთად.
19. ენერგეტიკის ობიექტებზე, მათ შორის ელექტროსადგურების და ქვესადგურების ტრანსფორმატორებისა და ზეთიანი რეაქტორების ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემების გამართული მუშაობა უნდა შემოწმდეს დანადგარების შესაძლო ტექნოლოგიური გათიშვის (8 საათი და მეტი) და მათი შეკეთების შემდეგ. ტრანსფორმატორებისა და ზეთიანი რეაქტორების ჩართვა ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში დაუშვებელია.
20. ენერგეტიკის ობიექტების, მათ შორის ელექტროსადგურებისა და ქსელების, აგრეთვე ელექტროსადგურების ელექტრული ქსელების ელექტროდანადგარების და მოწყობილობების ექსპლუატაციის სახანძრო უსაფრთხოების ძირითადი ორგანიზაციული და ტექნიკური მოთხოვნები, აგრეთვე განისაზღრება „ტექნიკური რეგლამენტი - ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 31 დეკემბრის №434 საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 17 დეკემბრის №340 საქართველოს მთავრობის დადგენილებების მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 23. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები საწარმოო ობიექტებისათვის, რომელთა საწარმოო პროცესებში გამოიყენება მყარი წვადი, აგრეთვე წვადი მტვერის (ბოჭკოს) წარმომქმნელი ნივთიერებები და მასალები
1. ფქვილის საფქვავი და წვადი მტვერის გამომყოფი სხვა საწარმოების სათავსების ტექნოლოგიური დანადგარები უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამწოვი ვენტილაციის ადგილობრივი სისტემებით.
2. მტვერშემკრები კამერებისა და ციკლონების კარები და ლიუკები ექსპლუატაციის პროცესში უნდა იყოს დახურული. კამერებსა და ციკლონებში დაგროვილი წვადი ნარჩენები დროულად უნდა იქნეს გატანილი.
3. ხის ფილები თერმული დამუშავების შემდეგ შტაბელებად დაწყობამდე უნდა გაგრილდეს (გარემოს ტემპერატურამდე) თვითაალების გამოსარიცხად.
4. საშრობ დოლებზე საცეცხლე აირების მიმყვანი ფხვიერი წვადი მასალების საშრობ არხებზე უნდა მოეწყოს ნაპერწკალდამჭერები ან ნაპერწკალჩამქრობები.
5. მაღალი სიხშირის დენის საშრობებში ხის მასალის შტაბელებად დაწყობამდე უნდა გამოირიცხოს მასში ლითონის საგნების არსებობა.
6. საწარმოო სათავსების გათბობა, რომლებშიც გამოიყოფა წვადი მტვერი (ბოჭკო), უნდა განხორციელდეს ხანძარფეთქებადუსაფრთხო ხერხით.
7. საწარმოო სათავსებში, რომლებშიც გამოიყოფა წვადი მტვერი, აკრძალულია სოლღვედური გადამცემების ღვედების გაპოხვა კანიფოლით და სხვა ნივთიერებებით, რომლებიც ზრდიან ღვედების ხახუნის კოეფიციენტს, აგრეთვე მათი ზეთებით და სხვა წვადი ნივთიერებებით დაბინძურება.
8. ტრანსპორტიორების, ციცხვებიანი ელევატორების, თვითდინებითი და პნევმატური მილების ექსპლუატაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მტვრის გამოყოფის ადგილები დაცულია გამართული და ჰერმეტული საფარებით. ვენტილაციამ უნდა უზრუნველყოს საფარებიდან მტვრის მუდმივი და ეფექტური გაწოვა.
მუხლი 24. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები საწარმოო ობიექტებისათვის, რომლებშიც ბრუნვაშია ადვილაალებადი და წვადი სითხეები
1. დასაცავ სივრცეში წვადი აირების კონცენტრაციის მაკონტროლებელი აირანალიზატორები უნდა იყოს გამართული, გააჩნდეს გამართულობის თვითკონტროლის ფუნქცია და მოწმდებოდეს მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად. სტაციონარული აირანალიზატორების არარსებობის შემთხვევაში, პერიოდულად, გრაფიკის მიხედვით და გადასატანი აირანალიზატორების გამოყენებით საჭიროა გარემოს ანალიზის ჩატარება ნავთობპროდუქტების ორთქლის ფეთქებადსაშიში კონცენტრაციის დასადგენად ტექნოლოგიური სისტემების დახურულ სივრცეში, სადაც საწვავის ორთქლის არსებობა დაუშვებელია.
2. წვადი ორთქლჰაერის ნარევის შესაძლო წარმოქმნის ზონებში სამუშაოები უნდა ჩატარდეს სპეციალურად გამოყოფილ მოედნებზე ნაპერწკალუსაფრთხო
ინსტრუმენტების გამოყენებით, ხოლო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი არ უნდა იწვევდეს ნაპერწკლების წარმოქმნას.
3. დაუშვებელია დეაერაციის სისტემის მილსადენის გამოსასვლელიდან ცეცხლშემზღუდის ან ცეცხლშემზღუდით აღჭურვილი სასუნთქი სარქველის მოხსნა მილსადენების ჩამკეტი არმატურის ჰერმეტული გადაკეტვის გარეშე. ცეცხლშემზღუდის ტიპი უნდა უზრუნველყოფდეს მის ნორმალურ ფუნქციონირებას ექსპლუატაციის რაიონის კლიმატურ პირობებში.
4. აკრძალულია ფეთქებადსაშიშ ზონებში კონტროლის ხელსაწყოების და ავტომატიკის საშუალებების გახსნა ელექტრული ძაბვის მოხსნის გარეშე.
5. ხანძარფეთქებადსაშიშ და ხანძარსაშიშ ზონებში ხელსაწყოების შეკეთება დასაშვებია მხოლოდ ცივი ხერხით, ცეცხლის და მაღალი ტემპერატურების გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების (სარჩილი, საშემდუღებლო და სხვა) გარეშე.
1267
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.