სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსებისათვის » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსებისათვის

სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსებისათვის

მუხლი 25. სახანძრო უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები
1. ეს თავი ადგენს სახანძრო უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების, ტექნოლოგიური მოწყობილობის მიმართ, სატრანსპორტო საშუალებების ნავთობპროდუქტებით, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის და შეკუმშული აირის საწვავით გამართვის დროს, აგრეთვე მათი შენახვისა და გაცემის წესს.
2. ავტოგასამართ სადგურებზე და კომპლექსებზე უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ხანძარსაშიში სიტუაციებისა და ხანძრების ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის გეგმა;
ბ) უახლოესი წყლის წყაროების გეგმა-სქემა მანძილების და წყლის წყაროების დებიტების აღნიშვნით;
გ) ავტოგასამართი სადგურების და კომპლექსების ტერიტორიიდან ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის გეგმა;
დ) ავტოგასამართი სადგურების და კომპლექსების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუქციები;
ე) ავტოგასამართი სადგურების და კომპლექსების მეხამრიდ სისტემებზე ჩატარებული სარეგლამენტო და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალი.
3. ავტოგასამართი სადგურების საწვავის რეზერვუარების საწვავით შევსების დონე არ უნდა აღემატებოდეს მათი შიდა გეომეტრიული მოცულობის 95%-ს. წვადი აირების რეზერვუარების შევსების დონე მიწისქვეშა განლაგების დროს არ უნდა აღემატებოდეს 90%-ს, ხოლო მიწისზედა განლაგებისას - 85%-ს.
4. ავტოგასამართი სადგურების და კომპლექსების ძირითად და დამხმარე ტექნოლოგიურ მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ დაცვა სტატიკური ელექტროობისაგან. რეზერვუარების საწვავით შევსების დროს ავტოცისტერნები უნდა იყოს მიერთებული დამიწების მოწყობილობასთან. მოქნილი დამიწების სადენი მუდმივად უნდა იყოს მიერთებული ავტოცისტერნასთან და გააჩნდეს დამიწების მოწყობილობასთან შემაერთებელი ჭახრაკი ან ჭანჭიკის ბუნიკი.
5. ტექნოლოგიური ჭების ლუკების ხუფები, ავტოგასამართი სადგურის კარები და ლუკიები, უნდა იყოს ნაპერწკალუსაფრთხო (შესრულებული ფერადი ლითონებისაგან ან აღჭურვილი ნაპერწკალუსაფრთხო შუასადებებით).
6. ავტოგასამართ სადგურებზე და კომპლექსებზე სატრანსპორტო საშუალებების გამართვისას საჭიროა შემდეგი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა:
ა) მოტოციკლებისა და მოტოროლერების ძრავას ამოქმედება და გამორთვა უნდა ხდებოდეს საწვავ-სარიგებელი სვეტიდან არანაკლებ 15 მ მანძილზე, ხოლო ავტომობილები უნდა მოძრაობდნენ თავისი სვლით;
ბ) დაღვრილი ნავთობპროდუქტები უნდა დაიფაროს სორბენტით. სორბენტი და გაზეთილი საწმენდი მასალები უნდა შეგროვდეს ნაპერწკალუსაფრთხო ხუფების მქონე ლითონის ყუთებში და შევსებისთანავე გატანილ იქნას ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან;
გ) მანძილი გასამართ ავტომობილსა და მის უკან მდგომ ავტომობილს შორის უნდა იძლეოდეს უსაფრთხო მანევრირების და ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან გასვლის შესაძლებლობას;
დ) საწვავის ჩასხმა მინის ან პოლიეთილენის ტარაში ანტისტატიკის გარეშე აკრძალულია.
7. ავტოგასამართ სადგურებსა და კომპლექსებზე, აგრეთვე მოძრავ ავტოგასამართ სადგურებზე დაუშვებელია:
ა) ძრავაჩართული სატრანსპორტო საშუალებების გამართვა;
ბ) მიწისქვეშა რეზერვუარებზე სატრანპორტო საშუალებების გადატარება, თუ ეს არ არის გათვალისწინებული ტექნოლოგიური სისტემების ტექნიკური პირობებით და ტექნიკურ-საექსპლუატაციო დოკუმენტაციით;
გ) ავტოგასამართი სადგურების და კომპლექსების რეზერვუარების საწვავით შევსება და მომხმარებელზე გაცემა ჭექა-ქუხილის და ატმოსფერული განმუხტვის საშიშროების არსებობის დროს;
დ) ავტოგასამართი სადგურების და კომპლექსების მომსახურე პერსონალის საწვავით დაბინძურებული და ნაპერწკლების წარმოქმნის საშიშროების მქონე ტანსაცმლით და ფეხსაცმლით მუშაობა;
ე) სატრანსპორტო საშუალებების გამართვა, რომლებშიც იმყოფებიან მგზავრები (მსუბუქი ავტომობილების გარდა);
ვ) საშიში ტვირთის (ასაფეთქებელი ნივთიერებები, შეკუმშული და გათხევადებული საწვავი აირები, ადვილაალებადი სითხეები და მასალები, მომწამლავი და რადიაქტიული ნივთიერებები და სხვა) გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების გამართვა, გარდა ამ მიზნებისათვის სპეციალურად გათვალისწინებული საწვავ-გასამართი პუნქტებისა (მითითებული გამონაკლისი არ ვრცელდება აირის ავზების მქონე ავტომობილის გამართვაზე);
ზ) ტრაქტორების შესვლა, რომლებიც არ არის მოწყობილი ნაპერწკალ-ჩამქრობებით;
თ) სამუშაოების ჩატარება, რომლებიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ავტოგასამართი სადგურის მოწყობილობის, შენობა-ნაგებობების შეკეთებასთან;
ი) საწვავ-სარიგებელი სვეტიდან გამართვა, თუ მათთან ტექნოლოგიური მილსადენებით დაკავშირებულ რეზერვუარებში ხორციელდება ჩასხმა-ჩამოსხმის ოპერაციები. ამ შემთხვევაში საწვავ-სარიგებელ სვეტებსა ან გასამართ კუნძულებზე (უბნებზე) უნდა გამოიკრას გამაფრთხილებელი ნიშნები;
კ) საწვავის გადასხმა გამართვის დროს;
ლ) სარემონტო და საცეცხლე სამუშაოების განხორციელება ჩასხმა-ჩამოსხმის ოპერაციების ჩატარების ადგილიდან 20 მეტრის რადიუსში;
მ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ავტოცისტერნის მოედანზე ჩასხმა-ჩამოსხმის ოპერაციების ან ტექნოლოგიური ჭების სახურავების გახსნის დროს;
ნ) სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება (საწვავით გამართვის გარდა), ტექნიკური მომსახურება ან მძღოლებისა და მგზავრების მომსახურება;
ო) შენობა-ნაგებობების, სათავსების და დანადგარების გამოყენება საპროექტო- დოკუმენტაციით განსაზღვრული მიზნობრივი დანიშნულების გარდა.
8. სახანძრო-სამაშველო დანაყოფთან შეთანხმებულ სპეციალურად გამოყოფილ მოედანზე მოძრავი ავტოგასამართი სადგურების ექსპლუატაციის დაწყებამდე საჭიროა:
ა) მოძრავი ავტოგასამართი სადგურების მოწყობილობის ჰერმეტულობის შემოწმება ავარიის საწინააღმდეგო დაცვის სისტემების საკონტროლო ხელსაწყოებით და ვიზუალურად;
ბ) კავშირის საშუალებების გამართულობის შემოწმება;
გ) მოძრავი ავტოგასამართი სადგურის დამიწების გამტარის მიერთება მოედნის დამიწების მოწყობილობასთან;
დ) მყარი საყრდენების მოწყობა და მათზე ბარიერების დამაგრება, რომლებიც შეზღუდავენ მოძრავ ავტოგასამართ სადგურთან სატრანსპორტო საშუალებების მიახლოებას არანაკლებ 1 მ-ზე;
ე) ცეცხლმაქრების მზადყოფნაში მოყვანა;
ვ) საწვავის ცისტერნაზე ყველა ლიუკის და სახშობების ჩაკეტვა, ხოლო ცისტერნის სივრცის დაკავშირება ატმოსფეროსთან ცეცხლშემზღუდის მქონე სასუნთქი სარქველით;
ზ) გამოსაბოლქვ მილზე ნაპერწკალჩამქრობის მოწყობა;
თ) სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ სპეციალური ბანერის და უსაფრთხოების ნიშნების განთავსება.
ი) დაღვრილი ნავთობპროდუქტების ლოკალიზაციისათვის სპეციალური ქვესადგამების მოწყობა.
9. დაუშვებელია მოძრავი ავტოგასამართი სადგურებად ავტოსაწვავ-გასამართების და სხვა ამ მიზნებისათვის გაუთვალისწინებელი ტექნიკის გამოყენება.
10. არასამუშაო საათებში ავტოგასამართი სადგურის და კომპლექსის ელექტრო-მოწყობილობა, რომელიც არ გამოიყენება უსაფრთხოების სისტემებში, უნდა გაუდენურდეს ელექტროენერგიის ძირითადი ამომრთველების გათიშვით.
11. დაუშვებელია ფეთქებადსაშიშ ზონებში იმ ელექტრომოწყობილობის ექსპლუატაცია, რომელსაც არ გააჩნია ქარხანა-დამამზადებლის აფეთქებისაგან დაცვის სპეციალური ნიშნები.
12. ზონებში, რომლებშიც შესაძლებელია წვადი ორთქლ-ჰაერის ნარევების წარმოქმნა, აკრძალულია:
ა) ელექტროდანადგარების გამოყენება, რომელთა დამცავი დამიწება და მაბლოკირებელი მოწყობილობები გაუმართავია, ხოლო გარსი დაზიანებულია;
ბ) ელექტრომოწყობილობის კორპუსის დაშლა, თუ მისი დენგამტარი ნაწილები იმყოფება ძაბვის ქვეშ;
გ) დაცვის აპარატებით ავტომატურად გათიშული ელექტროდანადგარების ჩართვა, მათი გათიშვის მიზეზების დადგენამდე;
დ) ელექტროდანადგარების ჩართვა გადატვირთვისა და მოკლე ჩართვისაგან დაცვის გარეშე;
ე) დამცველების დნობადი არაკალიბრებული ნაწილების, აგრეთვე თბური რელეების გამახურებელი ელემენტების გამოყენება;
ვ) ნაპერწკალუსაფრთხო ხელსაწყოების კვების წყაროებში სხვა აპარატების ან წრედების მიერთება, რომლებიც არ შედის აღნიშნული ხელსაწყოს კომპლექტში.
13. ავტოგასამართი სადგურის და კომპლექსის სათავსებში ჰაერგამაცხელებელ და გამათბობელ ხელსაწყოებთან მისასვლელები უნდა იყოს თავისუფალი. სათავსებში დასაშვებია მხოლოდ ქარხნული წარმოების ზეთის საყოფაცხოვრებო ელექტროგამაცხელებლების ან წყლის (ორთქლის) გათბობის გამოყენება.
14. ავტოგასამართი სადგურები და კომპლექსები უნდა იყოს აღჭურვილი არანაკლებ 3 მ სიგრძის ბუქსირის ხისტი შტანგით, ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან ცეცხლმოდებული სატრანსპორტო საშუალების ევაკუაციისათვის.
15. ავტოგასამართი სადგურის და კომპლექსის ტერიტორიაზე, შესასვლელთან, უნდა იყოს გამოკრული ტერიტორიაზე მოძრაობის ორგანიზაციის სქემა. შემსვლელი და გამომსვლელი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები არ უნდა იკვეთებოდეს.
16. ავტოგასამართი სადგურების და კომპლექსების საწარმოო და საზოგადოებრივი დანიშნულების სათავსებისათვის ცეცხლმაქრის ტიპის შერჩევა და საჭირო რაოდენობა უნდა განისაზღვროს მათი ცეცხლმაქრი თვისებებიდან, აგრეთვე სათავსის ფართობიდან, წვადი ნივთიერებებისა და მასალების ხანძრის კლასიდან გამომდინარე ამ ტექნიკური რეგლამენტის №7 დანართის №5 ცხრილის მოთხოვნების გათვალისწინებით.
17. ავტოგასამართი სადგურების და კომპლექსების ხანძარსაშიში სიტუაციებისა და ხანძრების ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის გეგმა უნდა იყოს შემუშავებული შესაძლო ხანძარსაშიში სიტუაციების, მათი განვითარების სცენარის, ავტოგასამართი სადგურების და კომპლექსის მომსახურე პერსონალის და ავტოცისტერნის მძღოლის მოქმედების, აგრეთვე ხანძრის გავრცელების შესაბამის სტადიებზე ავტოგასამართი სადგურის და კომპლექსის მომსახურე პერსონალის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებთან ურთიერთმოქმედების წესის გათვალისწინებიით.
18. ავტოგასამართი სადგურების და კომპლექსების ხანძარსაშიში სიტუაციებისა და ხანძრების ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის გეგმა უნდა გადამუშავდეს ავტოგასამართი სადგურების და კომპლექსების რეკონსტრუქციის ან/და გადაიარაღების, მოწყობილობის ტექნოლოგიის, საპროექტო-გეგმარებითი გადაწყვეტების, ექსპლუატაციის წესის შეცვლის დროს, აგრეთვე სხვა ავტოგასამართ სადგურებზე ხანძარსაშიში სიტუაციების და ხანძრების წარმოშობის შესახებ ახალი მონაცემების არსებობისას.
19. ავტოგასამართი სადგურის და კომპლექსების მომსახურე პერსონალს და ავტოცისტერნების მძღოლებს არანაკლებ 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტერდეს ტრენინგები ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო სიტუაციების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, თითოეული კონკრეტული სიტუაციის გავარჯიშებით და შესაბამისი შედეგების სპეციალურ ჟურნალში დარეგისტრირებით.
20. ავტოგასამართი სადგურის და კომპლექსის ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა აკრძალულია. მძღოლებისა და მგზავრების სერვისული მომსახურების შენობებსა და სათავსებში თამბაქოს მოსაწევად დასაშვებია სპეციალური ადგილების მოწყობა.
მუხლი 26. სახანძრო უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნები აირის ავზების მქონე სატრანსპორტო საშუალებების აირგასამართ, აირსავსები საკომპრესორო სადგურების და კომპლექსების ექსპლუატაციისას
1. გათხევადებული აირების ჩამოსხმა ავტოცისტერნიდან უნდა განხორციელდეს სადგურის ორი თანამშრომლის მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც წესი დღის საათებში, დასაშვებია აირის ჩამოსხმა ღამის საათებშიც, სამუშაო ადგილის სათანადო განათების უზრუნველყოფის პირობით.
2. სადგურზე გადასატანი აირანალიზატორების გამოყენებით უნდა იქნეს ორგანიზებული აირჰაერის გარემოს აზომვების ჩატარება და სინჯების შერჩევის წერტილების განლაგების სქემა-გრაფიკის შემუშავება.
3. აირის გაჟონვის აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა სადგურის ტერიტორიიდან უცხო პირთა გაყვანა და მისი საზღვრებიდან 50 მ-ის რადიუსში ყველა ავტომობილის ძრავას გაშვების აკრძალვა, შესაბამისი ზომების მიღება გაჟონვის ლიკვიდაციის მიზნით.
4. ავტომობილების აირგასამართ სადგურებსა და ავტომობილების აირსავსებ საკომპრესორო სადგურებზე დაუშვებელია:
ა) საყოფაცხოვრებო აირის ავზების დატუმბვა;
ბ) ავზების დატუმბვა ტექნიკური შემოწმების ვადის ამოწურვის შემთხვევაში;
გ) სამუშაოების შესრულება, რომლებიც არ არის დაკავშირებული ავტომობილების აირგასამართი სადგურებისა და ავტომობილების აირშემვსები საკომპრესორო სადგურების ექსპლუატაციასთან;
დ) ავტომობილების აირის ავზების შევსება ავტოცისტერნიდან გათხევადებული აირის ჩასხმის დროს (ამ შემთხვევაში საჭიროა ობიექტის ტერიტორიაზე შესვლის ამკარძალავი ნიშნის დაყენება);
ე) გათხევადებული ჰაერის მილსადენების გამოყენება დამიწების დენსარინების სახით;
ვ) გათხევადებული აირების გადასაქაჩი ტუმბოების და კომპრესორების ექსპლუატაცია, თუ ჩობალის ან შუბლას შემჭიდროებები არაჰერმეტულია;
ზ) აირის ავზების მქონე ავტომობილების გამართვა ძრავის მუშაობის დროს;
თ) ავტომობილის საბარგულში განთავსებული აირის ავზების გამართვა, თუ ავტომობილის კაპოტი არ არის ახდილი და საბარგულის კარები ღია;
ი) ქანჩების ან შეერთებების მოჭიმვა, წნევის ქვეშ მყოფი აპარატურასა და მილსადენებზე ლითონის საგნების მირტყმა.
5. შემვსებ ვენტილზე გასამართი შლანგის მიერთებას ან მოხსნას, გასამრთი ვენტილების მართვას და გამართვის დასრულების მომენტის განსაზღვრას ახორციელებს ავტომობილების აირგასამართი სადგურის ოპერატორი. ავზები უნდა იტუმბებოდეს მათი გეომეტრიული მოცულობის არაუმეტეს 85 %-ზე. გამართვის დასრულების შემდეგ ოპერატორი ვიზუალურად უნდა დარწმუნდეს, რომ შემვსები მილი დახურულია. ძრავას შეფერხებით მუშაობის შემთვევაში საჭიროა მისი გათიშვა და ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
6. ავტოგასამართი სადგურების და კომპლექსების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ამ თავის მოთხოვნებთან ერთად აუცილებელია „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 15 იანვრის №60 საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნების გათვალისწინება.
1625
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.