სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერებების და მასალების ტრანსპორტირების ტექნოლოგიური პროცესებისათვის » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერებების და მასალების ტრანსპორტირების ტექნოლოგიური პროცესებისათვის

სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერებების და მასალების ტრანსპორტირების ტექნოლოგიური პროცესებისათვის


მუხლი 43. ძირითადი მოთხოვნები ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერებების და მასალების ტრანსპორტირებისას
1. ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერებების და მასალების გადაზიდვების ორგანიზებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი ტრანსპორტირებისათვის ნორმატიული აქტებით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა.
2. ტარა და შეფუთვა, რომლითაც ხორციელდება საშიში ტვირთების გადაზიდვა, უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სახეობის საშიში ტვირთის ტარისა და შეფუთვისათვის დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს.
3. ადვილაალებადი და წვადი სითხეების გადასაზიდი ავტოცისტერნები უნდა იყოს აღჭურვილი დამიწების საიმედო მოწყობილობებით, ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით და მარკირებული ტვირთის საშიშროების ხარისხის შესაბამისად, ხოლო გამოსაბოლქვი მილები უნდა იყოს მოწყობილი გამართული ნაპერწკალჩამქრობებით.
4. ფეთქებადხანძარსაშიში ტვირთების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ადგილებში აკრძალულია ღია ცეცხლის გამოყენება.
5. ხანძარფეთქებადსაშიში ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის დროს სამუშაოს შემსრულებლებმა უნდა დაიცვან მარკირების ნიშნებისა და შეფუთვებზე გამაფრთხილებელი წარწერების მოთხოვნები.
6. ხანძარფეთქებადსაშიში ნივთიერებების და მასალების ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს ასევე „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების მოთხოვნები.
მუხლი 44. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები სარკინიგზო სპეციალური ვაგონ-ცისტერნებით გათხევადებული ნახშირწყალბადის ტრანსპორტირებისას
1. რკინიგზის სადგურებზე, ჩასხმა-ჩამოსხმის ესტაკადაზე, გადასარბენზე, სამრეწველო საწარმოების ლიანდაგებზე, აგრეთვე სამანევრო სამუშოების ჩატარებისას გათხევადებული ნახშირწყალბადის ვაგონ-ცისტერნების მოძრავ შემადგენლობაში ხანძარსაშიში სიტუაციის წარმოქმნის ან ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სამანევრო სამუშაოების ხელმძღვანელები, დისპეტჩერები, მემანქანეები და სარკინიგზო ტრანსპორტის სხვა მუშაკები უნდა მოქმედებდნენ ხანძარსაშიში სიტუაციებისა და ხანძრების ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის გეგმის შესაბამისად.
2. ხანძარსაშიში სიტუაციების და ხანძრების ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის გეგმით წესრიგდება რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკების მოქმედებების თანმიმდევრობა გათხევადებული ნახშირწყალბადით სავსე ვაგონ-ცისტერნების ექსპლუატაციისას ხანძარსაშიში სიტუაციებისა და ხანძრის გაჩენის შემთხვევაში; ხანძარსაშიში სიტუაციების და ხანძრების ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის გეგმა უნდა იყოს შემუშავებული ხანძარსაშიში სიტუაციებისა და ხანძრების შესაძლო განვითარების პროგნოზის გათვალისწინებით.
3. ხანძარსაშიში სიტუაციების და ხანძრების ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის გეგმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად დებულებებს:
ა) სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისათვის და რკინიგზის უბნის დისპეტჩერისათვის ხანძრის შესახებ შეტყობინების გადაცემის წესს;
ბ) ხანძარსაშიში სიტუაციის ან ხანძრის გაჩენის ადგილზე სახანძრო და აღმდგენი მატარებლის გამოძახების წესს;
გ) მართვის რაიონების (უბნები) განსაზღვრის და სადგურის მუშაკებს შორის საშიში ზონიდან ვაგონების და შემადგენლობების გაშორიშორების და გაყვანის, აგრეთვე საწყის სტადიაზე ხანძარსაშიში სიტუაციის ან ხანძრის ლოკალიზაციის მოვალეობების გადანაწილების წესს;
დ) ობიექტის (რკინიგზის უბანი) ვრცელ სქემას (გეგმა) ყველა საჭირო მონაცემის აღნიშვნით;
ე) რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სამსახურის ურთიერთმოქმედების წესს;
ვ) სადგურის მუშაკების მიერ პირველი რიგის სამუშაოების ჩატარების ნუსხას.
4. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მისვლამდე ხანძარსაშიში სიტუაციის ან ხანძრის ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის სამუშაოებს ხელმძღვანელობს რკინიგზის შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი ან აღმდგენი მატარებლის უფროსი. სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მისვლისას ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელობა ევალება შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფლებამოსილ პირს. მოძრავი შემადგენლობის ევაკუაცია და გაშორიშორების სამუშაოები ხორციელდება სადგურის მუშაკების მიერ რკინიგზის შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მითითებით და ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
მუხლი 45. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები პიროტექნიკური ნაწარმის ტრანსპორტირებისას
1. პიროტექნიკური ნაწარმის გადაზიდვა სატრანსპორტო საშუალებებით უნდა განხორციელდეს ამ სატრანსპორტო საშუალებებისათვის მოქმედი საშიში ტვირთების გადაზიდვის წესების მოთხოვნათა შესაბამისად და გადასაზიდ პროდუქციაზე ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების დაცვით.
2. პიროტექნიკური ნაწარმის გადატანისას და ჩატვირთვა-ჩამოტვირთვის სამუშაოების ჩატარების ადგილებზე აკრძალულია თამბაქოს მოწევა და ღია ცეცხლის გამოყენება, აგრეთვე ჩატვირთვა-ჩამოტვირთვის სამუშაოების ჩატარება ავტომობილის ძრავის მუშაობის დროს.
3. პიროტექნიკური ნაწარმის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალება უნდა უზრუნველყოფდეს პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირებას. პიროტექნიკური ნაკეთობების დასაფიქსირებლად უნდა იქნეს გამოყენებული ნაპერწკალუსაფრთხო ინსტრუმენტები და დეტალები.
4. ჩატვირთვა-ჩამოტვირთვის სამუშაოების დროს აკრძალულია პიროტექნიკური ნაკეთობების აწევა-გადატანის ზღვრულად დასაშვები მასის გადამეტება და ტვირთზე დატანილი ამკრძალავი და მარკირების ნიშნების მოთხოვნების დარღვევა.
5. ტრანსპორტირების დროს შეფუთვის დაზიანებისას, პიროტექნიკური ნაკეთობის აალების თავიდან აცილების მიზნით, პროდუქცია დაზიანებული შეფუთვით უნდა იქნეს ამოღებული და ხელახლად შეფუთული ავტომობილიდან უსაფრთხო მანძილზე. დასახლებულ პუნქტებში აკრძალულია პიროტექნიკური ნაკეთობებით დატვირთული ავტომობილების გაჩერება და შეკეთება.
1223
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.