ვეტერანი მეხანძრეები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ვეტერანი მეხანძრეები


ოცდაათი წლის წინათ, 1950 წლის გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს 17 წლის ჭაბუკმა ნოდარ გურგენაძემ მოკრძალებით შეაღო სახანძრო რაზმის კარები და... აუხდა ოცნება ჩაირიცხა სახანძრო რაზმში მეხანძრედ. მას მუდამ ხიბლავდა მუქმუზარადებიან მეხანძრეთა გამბედაობა, თუმცა ახალბედა მეხანძრეს პირველ ხანებში გულიც კი წყდებოდა თავის არჩევანში, უმძიმდა მეხანძრის პროფესიის ათვისება.
- ზოგჯერ შიშით გული მიფანცქალებდა, როდესაც გამძვინვარებულ ხანძრებთან ათასგვარ ხიფათს ვაწყდებოდი,- იგონებს ნოდარი, ეს იყო სიჭაბუკის წლები. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ნოდარი ვაჟკაცდებოდა, იწრთობოდა და ოსტატდებოდა. აი, ასე გადიოდა მისი მუდამ მღელვარე ცხოვრების დღეები. არაერთხელ შებრძოლებია იგი ხანძრის სტიქიას სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებითაც კი. ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადაურჩენია ხანძრისაგან განადგურებას მშრომელი ადამიანის მიერ წლების მანძილზე შექმნილი დოვლათი.
სახანძრო დაცვის ისტორიაში ნათლადაა ასახული ნ. გურგენაძის მიერ განვლილი სასახელო გზები. მას არ ეშინია სტიქიის, ყოველთვის გაბედულად უტევს მას და კიდევაც ამარცხებს. 1967 წელს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მას გადაეცა მედალი „ხანძარზე მამაცობისათვის“.
1980 წლის მონაცემებით ნ. გურგენაძეს მიენიჭა „პროფესიაში საუკეთესოს“ წოდება გაზკვამლდამცველთა შორის. ფოთის სახანძრო დაცვის ისტორიაში ეს ერთადერთი შემთხვევაა და რა რიგ სასიხარულოა როდესაც რესპუბლიკის მრავალრიცხოვან მეხანძრეებს შორის ფოთელი მეხანძრე იმარჯვებს კონკურსში.
1981 წლის 13 აპრილს სტალინის სანაპიროზე ნავსადგურის ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე ხანძარმა იფეთქა. კვამლისა და ცეცხლის ალში გახვეულ ოთახებში შესვლა, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ჟანგბადმაიზოლირებელი აირწინაღის გარეშე შეუძლებელი იყო. მორგო რა აირწინაღი ნ. გურგენიძე გასაშლელი კიბის მეშვეობით ლულით ხელში მყისვე ჩაეშვა ფანჯრიდან ოთახში, მას მიჰყვა ყარაულის უფროსი ფ. ერმაკოვი.
იქ თავმოყრილ მრავალრიცხოვან საზოგადოებას ეგონა, რომ საცხოვრებელი სახლის განადგურება გარდაუვალი იყო, კვამლში გახვეული ცეცხლის ალი ფანჯრებიდან გამოდიოდა, ქვევიდან შემყურე ადამიანი იმასაც კი იფიქრებდა, რომ ორივე მეხანძრის სიცოცხლეც საფრთხეშიაო, მაგრამ ქართველი და რუსი მეხანძრეები მამაცურად უტევდნენ სტიქიას, უტევდნენ და კიდევაც სძლიეს. სწორედ ასეთ ადამიანებზე იტყვიან ხოლმე, ცეცხლზე ძლიერიაო.
ათეული, რომელსაც ნ. გურგენაძე ხელმძღვანელობს, საბრძოლო და პოლიტმომზადების ფრიადოსანია, ასეთი მეხანძრეები კი ფოთის სახანძრო რაზმში მრავლადაა, კერძოდ მას მხარს უმშვენებენ: ს. ვეტროვი, ს. გურგენაძე, ი. დოლგოვი, ი. კავიცკი, დ. სოფრომაძე, ა. გრიგოლია, ბ. ტყებუჩავა, პ. ბარანოვი, მ. კატრანოვი, ი. მოროზოვი, მ. შიროკოვი, ი.ჩერნიშევი, ვ. გვიჩია და სხვები.
დიდი წვლილი მიუძღვით ვეტერან მეთაურ მეხანძრეებს: ნ. გურგენაძეს, მ. ლემონჯავას, ლ. ჩხეტიას, ნ. გელაჭეიშვილს, ვ. ღადუას, ა. გვაზავას, მ. კუპრავას და მრავალ სხვას ხელქვეითების საბრძოლო პროფესიის დაუფლებისა და პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საქმეში.
ფოთის პროფესიული სახანძრო დაცვის მედალოსანთა ჯგუფს ახლახან კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატა - პირველი ნაწილის სახანძრო საბრძოლო ავტომობილის მძღოლი დიმიტრი ამბროსის ძე სოფრომაძე, რომელიც სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულობით დაჯილდოვდა მედლით „შრომითი მამაცობისათვის“. დიმიტრი 1966 წელს მოვიდა ფოთის სახანძრო დაცვაში და საბრძოლო ავტომანქანის მძღოლად დაიწყო მუშაობა. ხიფათით სავსე რთულმა პროფესიამ პირველად შეაკრთო იგი, მაგრამ შემდეგ ვაჟკაცობამ ყველაფერს სძლია.
სახანძრო დაცვაში ახალი მოსული ვიყავი, - იხსენებს დიმიტრი - როცა დეკემბრის სუსხიან შუაღამისას გაისმა განგაშის ხმა... 8 მარტის ქუჩაზე იწვოდა დამხმარე ნაგებობა, წვიმდა, ცივი, სუსხიანი ქარი ძვალსა და რბილში ატანდა, ჩვენ ერთნაირად სველი ვიყავით, ჭირდა სტიქიასთან ბრძოლა, მაგრამ ხანძარი სწრაფად ჩავაქრეთ, ნაწილში დაბრუნებულმა ტექნიკა-შეიარაღება წესრიგში მოვიყვანეთ, შემდეგ ცეცხლს მივუჯექით და სველ ტანსაცმელს ვიშრობდით, როცა მოულოდნელად კვლავ გაისმა განგაშის ხმა, ისვე ბრძოლა სტიქიასთან... დაღლილები დავბრუნდით ნაწილში, ამასობაში გათენდა კიდეც.
ვეტერანი მეხანძრეები

ეს სურათი 1967 წლის საგარნიზონო შეჯიბრების ერთ-ერთ მომენტს ასახავს. ბუმზეა ბუკია (მარცხნივ) და ნოდარ გურგენაძე (მარჯვნივ).

დღეს ფოთის სახანძრო დაცვაში ბევრი წარჩინებული მძღოლია, მაგრამ სულ სხვაა დუტუ სოფრომაძე. - ძლიერი, მუყაითი, თავდადებული და მეთაურების განკარგულებათა უყოყმანოდ შემერულებელი. სახანძრო საბრძოლო მანქანა, რომელიც მასზეა გაპირვნებული, ტექნიკურად მუდამ გამართულ მდგომარეობაშია.
მეცადინეობის საათები დამთავრდა, ყარაულის პირადი შემადგენლობა ისვენებს, დუტუ სოფრომაძე კი ახლაც თავს დასტრიალებს თავის მანქანას, ათვალიერებს, სინჯავს და როდესაც კიდევ ერთხელ დარწმუნდება მანქანის წესივრულობაში, მხოლოდ მაშინ ეძლევა სიმშვიდეს.
მან ზეპირად იცის ქალაქის ქუჩები, ხიდ-ბოგირები, წყლის წყაროები და მნიშვნელოვანი ობიექტები. როდესაც ხანძრისკენ მიემართება, მან უკვე იცის, თუ რომელი გზით წავდეს,სად არის წყლის წყაროები და სად დააყენოს მანქანა, რათა სწრაფად ჩაერთოს ხანძრის ქრობისა და პროფილაქტიკურ სამსახურში.

ბუკლეტი „ ქ.ფოთის პროფესიული სახანძრო რაზმი“ 1981 წელი გვ.16-20
2624
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.