სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები მკაცრდება » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები მკაცრდება

სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები მკაცრდება

სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობისთვის ფინანსური სანქციები იზრდება.
სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები თითქმის ათმაგდება. სანქციების გამკაცრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც პარლამენტს ინიცირებისთვის უკვე წარედგინა.

კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ამჟამად “ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსი“ 50-ლარიან და 200-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, შიდახანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგებისთვის, ელექტროდანადგარებისათვის, ელექტროტექნიკური პროდუქტებისა და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 100 ლარისა.

შენობა-ნაგებობაში საევაკუაციო გზებისათვის, საევაკუაციო და ავარიული გასასვლელებისათვის, ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის, ევაკუაციის მართვისა და კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით. დღეს აღნიშნული დარღვევისათვის 200-ლარიანი ჯარიმა არის გათვალისწინებული. ამასთან, იმ პირის მიერ, რომელსაც შეფარდებული აქვს აღნიშნული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელი, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, დამამზადებლის (მომწოდებლის) მიერ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის ხანძარსაშიშროების მაჩვენებლების შესახებ ან მათი გამოყენებისას მისაღები სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის შეტანის მოვალეობის შეუსრულებლობა, თუ აღნიშნულ დოკუმენტაციაში ასეთი ინფორმაციის შეტანა სავალდებულოა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისათვის და შენობა-ნაგებობიდან გასასვლელებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მესაკუთრის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან – 10 000 ლარამდე ოდენობით.
სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დადგენილი წესით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმითა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციის ზონაში დაგვიანებით გაგზავნა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

წყარო:interpressnews.ge
1002
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.