Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 პროფესიული სიყვარულის ხანძარი
> ინფორმაცია > პროფესიული სიყვარულის ხანძარი

პროფესიული სიყვარულის ხანძარი


17-07-2015, 18:35. ავტორი: Amuri ბავშვობაში ყველა პატარა ბიჭი ოცნებობს, რომ დიდობაში რაიმე საგმირო პროფესიას აირჩევს: გამოვა პოლიციელი, ჯარისკაცი, მეხანძრე... ბატონ ერმიგონ (ნუგზარ) მახათაძეს ბავშვობაშიც კი არასდროს უფიქრია, რომ მომავალში სახანძრო სამაშველო სამსახურში იმუშავებდა. არადა, მარტში 27 წელი შესრულდება, რაც თითოეულ დღეს სახანძრო სამსახურით იწყებს და ასრულებს. თითქმის ყოველთვის წამყვანი თანამდებობა ეჭირა, ამჯერად სახანძრო, სამაშველო განყოფილების უფროსია.
ახლა ხუმრობს, რომ ამდენმა ხანძარმა კანის ფერი გაუმუქა...
სახანძროში 31 წლის ასაკში მოვიდა - პარტიული დავალებით, თითქმის ყველა სამსახური უკვე მოვლილი ჰქონდა. ჩვეულებრივი დავალება იყო, მინიმუმ ერთი წელი უნდა ემუშავა ამ სამსახურში, მერე ისევ შეეძლო ძველ, მშვიდ ცხოვრებას დაბრუნებოდა და სახანძროსთვის სამუდამოდ დაექნია ხელი. ვერ შეძლო, სახანძროს თურმე საოცარი შეჩვევა სცოდნია. დარჩა და დღეს უკვე შეუძლია, მარტო იმ 27 წელზე კი არ ისაუბროს, მან და სახანძრომ რომ ერთად გაიარეს, არამედ წინა წლებზეც.
ბატონმა ნუგზარმა გადმოცემით იცის ქალაქში ყველაზე დიდი ხანძრის ისტორია. ეს იყო 1924 წელს, ებრაელების უბანი რომ გადაიწვა.
„ეს არსად წერია. სახანძროს გაზეთის რედაქტორი ავთო მახარაშვილი ჩემი მეგობარია, მან ეძება ბევრი და ბოლოს დაადგინა: თითქმის მთელი შაუმიანი დაიწვა. 28 ადამიანი დაიღუპა. სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა სიმღერა, ქუთაისი გადამწვარა, რეროოოო“.
თითქმის ყველა გამოძახებაზეა ნამყოფი, თავიდან შიშის გრძნობა იყო, მერე გადალახა. 1985 წელს, მაუდის ფაბრიკის ხანძარი მისი პირველი ხანძარი იყო. „საშინელება იყო, დაიწვა ფაბრიკა, მოსახლეობის საცხოვრისი, მსხვერპლიც გვქონდა. ყველაზე ცუდად ეს მაგონდება. ემოციურად ყველაზე რთულია მუშაობა მაშინ, როცა შენობა იწვის და იქ ადამიანია, ამას ყველა მეხანძრე განიცდის. თუ, უბრალოდ, მხოლოდ ცეცხლი უნდა ჩავაქროთ, ამას მიჩვეულები ვართ, ისე როგორც გამოცდილი ქირურგი აღარ ნერვიულობს ოპერაციის დროს, ასეა მეხანძრე.“
სახანძროს ისტორიას პერიოდებად ჰყოფს. ადრე, გამართული მანქანები რომ ჰყავდათ და ქუთაისში ბევრი ფაბრიკა-ქარხანა იყო, ხანძარიც მრავლად ჰქონდათ, უფრო დატვირთულები იყვნენ, თუმცა - წელში გამართულები, წყალიც ჰქონდათ, მანქანაც და მეხანძრეც სათანადოდ იყო ჩაცმულ-დახურული.
„ყველაზე რთული პერიოდი 95 წლიდან გვქონდა. მართალია, ქარხნების დახურვასთან ერთად, ხანძრების რაოდენობამ იკლო, მაგრამ მოსახლეობიდან თუ იყო გამოძახება, ძალიან განიცდიდნენ მეხანძრეები. როგორია, მანქანა არ გყავს, ან, თუ გყავს, გაუმართავია და შეიძლება ხანძრის დროს წყალი არ მოგაწოდოს! ამ დროს გაბრაზებული მოსახლეობა მეხანძრეზე ამტვრევს ჯოხს. ბევრჯერ ყოფილა, შიშველი ხელებით შებრძოლებიან ხანძარს. კარგია, რომ ახლა თანდათან ყველაფერი იცვლება. ტანისამოსიც შევუძინეთ მეხანძრეებს და რამდენიმე მანქანაც.“
ისე, როგორც ყველა სახანძროში, დომინოს ისიც არაჩვეულებრივად თამაშობს. თუმცა, საუკეთესო მაჩვენებლები ამ თამაშში, სანამ სახანძროში დაიწ-ყებდა მუშაობას, მანამდეც ჰქონდა.
„ადრე აქ სახანძროს უფროსი იყო თბილისელი კაცი, გვარად ჭაბუკიანი. მან სიტყვიერი ბრძანება გასცა, სახანძროში დომინოს თამაში არ დავინახოო. მეც სადამსჯელო ღონისძიებებს ვატარებდი და, თუ დავინახავდი, რომ მეხანძრეები დომინოს თამაშობდნენ, კენჭებს ჩამოვართმევდი ხოლმე. ერთი 50 კაპიკიანი ცელოფნის პარკი მქონდა სავსე დომინოს კენჭებით, ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროში მივედი, მესმის დომინოს კენჭების ჭახა-ჭუხი, შევაღე კარი და... თვით კანცელარიის უფროსი არ თამაშობს? ჩამოვედი და ეს ამბავი ჩვენს უფროს მოვახსენე, მეხანძრეები კი არა, სამინისტროში თამაშობენ დომინოს-მეთქი. ასე დავიბრუნეთ დომინოს თამაშის ოფიციალური უფლება.“
ბატონ ნუგზარს ისეთი გამოცდილი თვალი აქვს, რომ ვერაფერს გამოაპარებ, როცა ახალი მეხანძრე უნდა მიიღონ, ერთი შეხედვით ხვდება, გამოდგება თუ არა. იმასაც ხვდება, ვინმეს ერთი წვეთი ალკოჰოლი მაინც თუ აქვს მიღებული.
„მეხანძრეები საოცარი ხალხია, ისინი რომ არ მოიფიქრებენ, ისეთი რა არის? ახალმიღებულ კადრს ყოველთვის უწყობენ გამოცდას. არადა, ზოგი ტრაბახობს, მე „კარენოი“ ქუთაისელი ვარ და არ შევცდებიო. რამდენიც გინდათ, იმდენს გაუბერავს პირით სახანძრო „შლანგები“: ძველი მეხანძრეები ატყუებენ, თუ ეს „შლანგი“ პირით არ გაბერე, ისე „მაგარი“ მეხანძრე ვერ დადგებიო. არადა, ვინ გაბერავს იმას?“
მეხანძრეები, როგორც ბატონი ნუგზარი ამბობს, ძალიან სწრაფები არიან, ყველაფერში - საქმეშიც და სიყვარულშიც. სისწრაფესთან ერთად - ძალიან განათლებული და მოაზროვნეები. „ჩვენი მეხანძრეებიდან ზოგი მასწავლებელია, ზოგიც ინჟინერი, ისინი მარტო დომინოს კი არ თამაშობენ, ყველაფერზე შეუძლიათ ისაუბრონ და იმსჯელონ.“
27 წელი გავიდა და ბატონი ნუგზარის სახანძრო სამსახურს მისი მეუღლე ვერ შეეჩვია, შვილები - ნაწილობრივ. შვილიშვილმა კი ჯერ არ იცის, ბაბუას რა მისია აკისრია.
„არადა, ვერსად ვეღარ წავიდოდი, სახანძრომ სხვანაირი შეჩვევა იცის, აქ სხვა კოლექტივია. ძველი მეხანძრეები ჩემი მეგობრები არიან და ისინი მეტყვიან ხოლმე, სახანძრო მანქანის ხმას რომ გავიგებთ, მთელი ღამე არ გვძინავს, მაგ ხანძარზე ვფიქრობთო. მეც მთელი ღამეები არ მძინავს, უკვე მნიშვნელობა არა აქვს, ხანძარი არის თუ არა.“

წყარო:http://psnews.ge

უკან დაბრუნება