Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 ვასილ ბარამიძე. სახანძრო საქმის განვითარება ძველად საქართველოში (II ნაწილი)
> საქართველოს სახანძრო ისტორია, წ.ცეცხლთან ბრძოლა > ვასილ ბარამიძე. სახანძრო საქმის განვითარება ძველად საქართველოში (II ნაწილი)

ვასილ ბარამიძე. სახანძრო საქმის განვითარება ძველად საქართველოში (II ნაწილი)


21-09-2015, 13:04. ავტორი: Amuri ვასილ ბარამიძე.   სახანძრო საქმის განვითარება ძველად  საქართველოში (II ნაწილი)... „სახელმწიფო ექსპედიციამ ბრძანებულებით გვაცნობა, რომ ფული არა აქვს. და თუნდაც გაეცა ფული იმ საშტატო განაკვეთის მიხედვით, რომელიც ხელახლა დამტკიცებულია მეფის მიერ, მაშინაც თითოეულ რიგითზე მივიღებდით 7 მანეთსა და 12 კაპიკს. აქ კი განსაკუთრებით ძვირია ყველაფერი. ამასთან არ იშოვება ბევრი რამ, მაგალითად, ქუდები, მაუდი, ჩექმებისათცის საჭირო მასალა ასე, რომ ამ ფულით შეუძლებელია ფორმის ტანსაცმლით პოლიციელთა უზრუნველყოფა. ან საიდან უნდა მივიღოთ თოფები და საჭურველი? ყოველივე ამის შესახებ პატივი მაქვს ვუპატაკო თ.აღ.“.
გენერალ კნორინგს მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ ქალაქის კომენდანტის ნაღვლიანი პატაკი „დაემშვიდებინა“ ასეთი რეზოლუციით „ყურადღება მიექცეს შესაფერის დროს“. დრო კი არ იცდიდა ბედის ანაბარად მიტოვებული ქალაქი ხშირად ხანძრის მსხვერპლი ხდებოდა.
1802 წლის 16 ნოემბერს თბილისში აგიზგიზდა უზარმაზარი ხანძარი, რომელმაც გაანადგურა ნაგებობანი და დარაბები „დახურულ ბაზარსა“ და სიონის ქუჩაზე.
ამ ხანძრის შესახებ საქართველოს მმართველმა კოვალენსკიმ შემდეგი მოახსენა კნორინგს: „16 ნოემბერს თბილისში გაჩნდა ხანძარი, რომლის შესახებ ქალაქის კომენდანტმა პოდპოლკოვნიკმა ჩერნოვმა პატაკით მაცნობა, რომ ხანძარი დაიწყო საღამოს 10 საათზე, აქაურ დუქანში ვაჭარ მუნტოევის მოსამსახურე ბიჭის გაუფრ-თხილებლობის შედეგად. ბიჭს დუქანში სანთელი აუნთია და დაუძინია. ცეცხლი წაეკიდა ბამბას. ღამის გუშაგებმა შეამტვრიეს დუქნის კარი და გამოიყვანეს მძინარე ბიჭი. იმის გამო, რომ ქუჩა გადახურულია, ცეცხლი ზევით კი არ ავიდა, არამედ სავაჭროთა რიგების გასწვრივ გავრცელდა. იგი მძვინვარებდა 4 საათის განმავლობაში. ხანძარი ჩამქარლი იქნა ხალხისა და ჯარისკაცთა ერთობლივი ბრძოლით. დაიწვა ქვის 62 დუქანი მთელი საქონლით და თავად სარდალ ორბელიანის ყმა გლეხი. სწარმოებს ძიება ვაჭრების ზარალის ოდენობის დასადგენად“.
თითქოსდა ამ შემთხვევას უნდა გამოეფხიზლებინა ქალაქის ხელისუფალნი, აეძულებინა ისინი ოდნავი ყურადღება მაინც მიექციათ ხანძრისაგან ქალაქის დაცვის საქმისათვის. როგორც ჩანს, ეს ასე არ მოხდა: ქალაქის ახალი კომენდანტი მაიორი სააკაძეც, რომელმაც პოდპოლკოვნიკი ჩერნოვი შესცვალა, 1802 წელს მომხდარი ხანძრიდან ერთი წლის შემდეგ ჩივის, რომ მოუწესრიგებელია მისადმი მინდობილი ქალაქის საპოლიციო დაცვა და თავის პატაკში აღწერს ახალ ხანძარს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1803 წლის 23 აგვისტოს.
„მიმდინარე წლის მაისის მესამედის გამოკლებით, - ამბობს სააკაძე,- საჭიროა ასისთავები და ათისთავები დაკმაყოფილდნენ ჯამაგირით, რომელიც მათ არ მიუღიათ იანვრის მესამედშიც კი, რაზედაც მე 28 აპრილს პატაკით მოვახსენე სახაზინო ექსპედიციას და გამოვითხოვე აღნიშნული ფული. სახანძრო ექსპედიციამ მიპასუხა, რომ ამის შესახებ მან მოახსენა მის ბრწყინვალებას საქართველოს მთავარსარდალს თავად ციციანოვს, მაგრამ დრო გადიოდა და ზემოთაღნიშნული მსახურნი, უმრავლესობა ცოლ-შვილიანი, კვლავ არ იღებდნენ კუთვნილ ჯამაგირს, განიცდიდნენ საჭმლისა და ტანსაცმლის ნაკლებობას, ზამთარში სიცივისაგან ითოშებოდნენ ქუჩებში და, სასოწარკვეთილებამდე მისულნი, ხშირად ტოვებდნენ სამსახურსაც, კუთვნილ ჯამაგირსაც და სხვაგან მიდიოდნენ საარსებო სახსრების საძებნელად. იმისათვის, რომ არ ჩაშლიიყო პოლიციის საქმიანობა, ზოგჯერ მათ იძულებით ვაკავებდით სამუშაოზე...“
„...ზემოთაღნიშნული გარემოების გამო, - იუწყება შემდგომ სააკაძე, - არ შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პოლიციელები უანგაროდ შეასრულებენ სამსახურს... ხოლო მათი დათხოვნა შეუძლებელია, რადგან ამჟამად ყოველ საპოლიციო, ნაწილზე მიმაგრებულ 5-5 მორიგე სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის რამდენიმე უკვე გარდაიცვალა, არ შეუძლიათ საპოლიციო სამსახურის შესრულება... რაც მთავარია, ქართული ენის უცოდინარობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ საპოლიციო ნაწილს ჰყავს თარჯიმანი... ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯარისკაცთა ეს რაოდენობაც უაღრესად არა-საკმარისია, რასაც მოწმობს 23 აგვისტოს ხანძრის შედეგები.“
კომენდატების ყველა ამ მოთქმა-ვაების ქალაქის კეთილმოწყობის მოშლის შესახებ მუდამ თან სდევდა უფროსთა უპასუხისმგებლო შეხსენება იმის შესახებ, რომ კომენდანტის „წმიდათა წმიდა“ მოვალეობათ ქალაქში დაამყაროს წესრიგი, მყუდროება და უშიშროება.
ქალაქის ცხოვრებაში უაღრესად დიდი მონდომებით კვლავ ინერგება ხანძრის თავიდან აცილების საშუალო საუკუნეობრივი ღონისძიება - ღამით სინათლის ანთების აკრძალვა, რაც უამრავ უხერხულებას ქმნიდა მოსახლეობისათვის. ასე, მაგალითად, საქართველოში ახალი მთავარსარდალი, გენერალი ციციანოვი ქალაქში წესრიგის დამყარებისათვის განკუთვნილ თავის საკმაოდ მოზრდილ წერილობით ბრძანებაში ქალაქის კომენდანტის სახელზე, მოაგონებს კომენდანტს იმის შესახებაც, „ რომ ყველა დუქანი დაკეტონ 7 საათზე უშიშროების მიზნით ჩააქრონ ცეცხლი.“
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ქ. თბილისის კომენდანტ კომჩენის განცხადება ქალაქის მოქალაქეებისადმი, სადაც ლაპარაკია მოსახლეობის სახანძრო ბეგარის შესახებ“
„...ხანძრის დროს ყოველი სახლიდან თითო კაცი ნაჯახით, ნიჩბით და წყლით უნდა გაეშუროს შემთხვევის ადგილისაკენ, როგორც ეს ევალება ყოველ სახლს უბნის ოფიცრის მიერ წინასწარ შედგენილი განწესით.“
შემდეგ კომენდანტი დარიგებას აძლევს აგრეთვე უბნის ოფიცრებს, ე.ი. უბნის ბოქაულებს. მათ ეკისრებოდათ გაერკვიათ თითოეული სახლის მცხოვრებთათვის, რომ ხანძრის დროს ვალდებული იყვნენ გამოეყოთ თითო კაცი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მოვიდოდნენ წყლით, ნაჯახით და ნიჩბით, ამასთანავე, ეს პირნი მუდამ ერთდროულად უნდა ჰყოლოდათ მზადყოფნაში...“
ძნელი წარმოსადგენი არაა ის აურზაური და პანიკა, რასაც ქალაქში სახანძრო განგაში იწვევდა. ამ დროს განგაშის ხმაზე ყველა შემთხვევის ადგილისაკენ გარბოდა, რითაც ხელს უშლიდნენ ერთმანეთს. ყველაფერი ეს საბოლოო ანგარიშით მხოლოდ ცეცხლის დამღუპველ მოქმედებას აძლიერებდა.
თუ სახანძრო უშიშროების დაცვის საქმე თბილიში, ასეთ მდგომარეობაში იყო, ადვილად გასაგებია, როგორ იქნებოდა დაყენებული ეს საქმე საქართველოს პროვინციებში, სადაც მას სამაზრო პოლიციის თვითნება უფროსები განაგებდნენ.
1809 წელს თბილისში ცხოვრება თითქოს ოდნავ გამოცოცხლდა. გაჩაღდა სამუშაოები აღა-მაჰმად-ხანის მიერ ჯერ კიდევ 1795 წელს დანგრეული ძველი უბნების აღსადგენად.
შედგენილი იქნა თბილისის გეგმა გარეთუბნის ჩრთილოეთი ნაწილისა და საპროექტო ქუჩების აღნიშვნით.
იმავე ხანებში თბილისის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მთავარსარდალმა გენერალმა ტორმასოვმა საქართველოს მმართველს გენერალ ახვერდოვს თანხმობა მისცა საყასბოები და თევზეულის მაღაზიები ქალაქის სამხრეთით, აბანოების ალაყაფის კარს იქეთ, გადაეტანით. სიონის ქუჩაზე გაჩენილი ახალი ხანძრის მსხვერპლთა შესახებ ტორმასოვმა ბრძანა: თბილისის მცხოვრებთ, რომლებსაც დუქნები ჰქონდათ თბილისის სიონის ტაძრის მოპირდაპირე მხარეს და დაჰკარგეს ისინი ხანძრის შედეგად, დუქნების ასაგებად ადგილი გამოეყოთ მტკვრის პირას, სახელმწიფო სახლის პირდაპირო.
თბილისის მშვიდობიანი ზრდის მაჩვენებელი იყო 1817 – 1818 წლებში, მტკვრის ორივე ნაპირის განაშენიანობა ახლანდელი პლეხანოვის პროსპექტის რაიონში და გარეთუბნის მარჯვენა ნაპირის ახალი უბნისა, რომელიც უფრო გვიან თბილისის ევროპული ნაწილი გახდა.
ამიერიდან ქალაქის ცხოვრება დაიძრა მკვდარი წერტილიდან. თბილისი თანდათანობით კვლავ დასავლეთიდან აღმოსავლეთისა და სამხრეთისაკენ მიმავალი სავაჭრო გზების დიდი კვანძი ხდება.
როგორც საარქივო ცნობებით დასტურდება, 1818 წლიდან თანდათანობით იწყება „საქალაქო პოლიციის“ ფუნქციების დაყოფა საკუთრივ საპოლიციო ნაწილებად და სახანძრო სამსახურად.
საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა სახანძრო რაზმის პაწაწა ბირთვ- ის. შეკოწიწებას, სახანძრო ხელსაწყოებისა და აღალის შეძენას. ეს საქმე ორ წელიწადს ჭიანურდებოდა. წამოყენებულ იქნა მრავალი წინადადება, ვარაუდი, შედგენილი იქნა უამრავი უწყისი, ხარჯაღრიცხვა და გეგმა. ბოლოს, 1820 წელს, როგორც იქნა შეიქმნა თბილისის სახანძრო რაზმი რვა საშტატო ერთეულით: ორი ბრაჰდმეისტერის მოწაფე, რომლებსაც ევალებოდათ ხელსაწყოთა მართვა და ექვსი მოსამსახურე წყლის მოსაზიდათ.
ამ სახანძრო რაზმს, როგორც ვხედავთ, არ ჰყავდა განსაკუთრებული უფროსი - ბრანდმეისტერი. ჯერჯერობით რაზმი უშუალოდ პოლიცმეისტერს ემორჩილებოდა. მისი ტექნიკური აღჭრვილობა პრიმიტიული იყო. რაზმის მთელ ავლადიდებას შეადგენდა“ 2 დიდი მილი, სამი საშუალო მილი, 2 მანქანა, 1 საშუალო მილი, 8 მცირე ხელის მილი, 15 სპილენძის ვედრო, 1 რკინის ხოკერი, 1 ღუზა რკინის სამაგრით, 2 კასრი, 6 კიბე, 3 რკინის დიდი ბანჯი, 1 საშუალო ბარჯი, 19 პატარა ბარჯი; 3 დიდი ფიწალი, 10 ძალაყინი, 20 ნიჩაბი და 20 წერაქვი.
რაზმის სააღალო გამწევ ძალას შეადგენდა 6 ცხენი.
აი ასეთი იყო ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები თბილისში 1820 წელს, როცა ქალაქის მოსახლეობა 20. 000 კაცს აღემატებოდა.
რასაკვირველია, ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის საქმის ასეთი დაბალი დონის პირობებში არ შეიძლებოდა ქალაქის მკვიდრთა განთავისუფლება სახანძრო ნატურალური ბეგარისაგან. სახანძრო განგაშის შემთხვევაში ღარიბი მოქალაქე ძველებურად უნდა გაქცეულიყო ხანძრის ადგილისაკენ პოლიციის მიერ მითითებული ხელსაწყოთი.
მაგრამ ხანძარსაწინააღმდეგო საბრძოლო ტექნიკის რამდენადმე დაუფლებულ მეხანძრეთა ასეთი მცირე რიცხვის არსებობაც კი უკვე იყო მნიშვნელოვანი ძვრა და იმის დადასტურება, რომ ცეცხლის წინააღმდეგ უფრო ქმედითი ბრძოლა დაიწყო.
რუსეთის იმპერიაში 1820 წელი ხანძართან ბრძოლის მოულოდნელი გამოცოცხლების წელი გახდა. ამ ძვრების მიზეზი იყო ხანძარი პოლტავაში, რომელმაც უდიდესი ზარალი მიაყენა ხაზინას. პოლტავის ხანძრით ძლიერ შეშფოთებულმა მეფემ გამოსცა ბრძანებულება. რათა საგუბერნიო ქალაქებში შექმნილიყო სახანძრო ხელსაწყოთა ფაბრიკები; ამასთანავე ბრძანებულება მოითხოვდა, რომ სახანძრო ხელსაწყოების მართვა-ხმარება შეესწავლათ შიგა სა-გუბერნიო ბატალიონების დაბალ ჩინებსაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველმა 1820 წლის 13 აგვისტოს მეფის ეს ბრძანებულება ცირკულარული მიწერილობით აცნობა მაშინდელი საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორს გენერალ ხოვენს.
მინისტრის ცილკულარში მოყვანილ იყო ინსტრუქცია, რომელიც ქალაქის სახანძრო ნაწილის რეორგანიზაციას ითვალისწინებდა.
ამ ცირკულარის თანახმად, ადმინისტრაციას უნდა განესაზღვრა სახანძრო მილებისა და ხელსაწყოების საჭირო რაოდენობა ქალაქში სახლების რაოდენობისა და მისი ტერიტორიის ბუნებრივ თავისებურებათა მიხედვით. იქვე მითითებული იყო ქალაქები: პეტერბურგი, მოსკოვი, კიევი, ხარკოვი, ყაზანი, რიგა და ვილნო. სადაც სახანძრო მილების შეძენა შეიძლებოდა.
სახანზრო საქმეში ძირეულ გარდატეხას წამოადგენდა ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის სწავლებასა და ხანძრების ქრობაში შიგასაგარნიზონო ბატალიონების დაბალი ჩინების ჩაბმა.
თავიანთ სამხედრო ნაწილებში მყოფი ეს მეხანძრე - ჯარისკაცები ვალდებული იყვნენ ხანძრის მაუწყებელი განგაშისთანავე გამოცხადებულიყვნენ წინასწარ დანიშნულ შესაკრებ ადგილზე ან სახანძრო ხელსაწყოების ცეიჰგაუზთან, სადაც მათ ხელმძღნელობას ბრანდმეისტერი ან პოლიცმეისტერი გაუწევდა.
სახანძრო დაცვის საქმეში სამხედრო ნაწილების ჩაბმამ ბიძგი მისცა ნატულარული სახანძრო ბეგარისაგან თბილისის მცხოვრებთა თანთადანობით განთავისუფლებას. ამ ღონისძიებამ ხანძარ-საწინააღმდეგო ტაქტიკაში დისციპლინა და შეთანხმებული მოქმედება შეიტანა. ყოველივე ამით დასაბამი მიეცა კადრის მეხანძრეთა მუდმივი შტატის დაკომპლექტებას და სათანადო რეზერვების შექმნას.
ამ ღონისძიებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო პოლიცია მაინც ინტერტუალობას იჩენდა თავის მოთხოვნებში. მაგალითად, საქართველოს უმაღლესი მთავრობის აღმასრულებელი ექსპედიციის შეკითხვაზე მაშინდელმა ქალაქის პოლიცმეისტერმა კახანოვმა, რომელსაც სახანძრო სამსახური ექვემდებარებოდა. უპასუხა, რომ ზედმეტად მიაჩნია მის განკარგულებაში მყოფი სახანძრო ხელსაწყოების კომპლექტის გადიდება. ამას იგი იმით ასაბუთებდა, რომ რაც არის, ისიც საკმარისია აქაური ქალაქისთვისო. მან დამატებით მხოლოდ ორთვალა ფორანზე დადგმული სამი კასრი და ექვსი ცხენი მოითხოვა, ვინაიდან, მისი აზრით, ხანძრის შემთხვევაში, შუძლებელი იქნებოდა წარმატების მიღწევა არსებული ექვსი ცხენით, რომლებსაც ძლივს-ძლივობით გადაჰქონდათ ისეთი ხელსაწყო-იარარები, როგორიცაა: მილები, კიბეები, ვედროები, ბარჯები და ა.შ.
კასრების რიცხვისა და საჭაპანო ტრანსპორტის გადიდება რომ აუცილებელი იყო, ამას კახანოვი იმით ასაბუთებდა, რომ თბილისის პირობები საერთოდ აძნელებს წყლის მიწოდებას, რომ აქ საკმაო რაოდენობით არაა ჭები, ცუდია მდინარე მტკვართან მისასვლელი გზები, თვით მდინარე დიდი მანძილითაა დაცილებული ქალაქის ზოგიერთ უბნისაგან და სხვ.
სამი კასრისა და ექვსი ცხენის მომატებამ, ცხადია, გამოიწვია კადრის მეხანძრეთა შტატის გადიდება, რომელშიც ნაცვლად 8 კაცისა, უკვე ერთ რაზმად გაერთიანებული 12 მუდმივი მეხანძრე ირიცხებოდა.
გარდა ამისა, კახანოვმა მოითხოვა მისთვის უფლება მიეცათ, რომ გამოეყენებინა შიდა საქალაქო გარნიზონის ნაწილების 70 დაბალი ჩინი, რომლებიც, როგორც შტატზევითი მეხანძრე- მებრძოლები, ვალდებულები იქნებოდნენ შემთხვევისათვის მუდამ მზად იქნებოდნენ.
თბილისის სახანძრო რაზმის ისტორიაში შემდგომი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 1825 წელი. ამ წელს მოხდა თბილისის შტატიანი სახანძრო რაზმის შექმნისათვის გათვალისწინებული ყველა საცდელი ღონისძიებისა და პროექტის შედეგების შეჯამება. მათი განხორციელება ჯერ კიდევ 1818 წელს დაიწყო.
1825 წლის 24 დეემბერს საბოლოოდ დამტკიცდა თბილისის სახანძრო რაზმის მტკიცე შტატი, რომლის შემადგენლობაც, ბრანდმეისტერის მეთაურობით, 25 კაცით განისაზღვრა. დაწესდა თითეოეული მეხანძრის წლიური ჯამაგირი. ასე მაგალითად, ბრანდმეისტერს დაენიშნა 200 მანეთი, ბრანდმეისტერის ორ მოწაფეს - 75-75 მანეთი, სახანძრო ხელსაწყოების შემკეთებელ და ცხენების დამჭედ მჭედელს - 75 მანეთი, სახანძრო ცხენების მეთვალყურე და ხელსაწყოების მოქმედებაში მომყვან 22 ფურმანს, სურსათისა და ამუნიციიც ჩათვლით, 20 – 30 მანეთი თითოეულს.
განისაზღვრა აგრეთვე 18 სახანძრო ცხენის შესანახი და სახანძრო ხელსაწყოების შესაკეთებელი ხარჯები შესაბამისად 900 და 150 მანეთის ოდენობით. სულ მთელი სახანძრო ნაწილისათვის გამოიყო 1915 მანეთი წელიწადში.
რასაკვირველია, მაშინდელი თბილისისათვის, როგორც, საგუბერნიო ქალაქისათვის, რომელიც მხარის მსხვილი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრი ხდებოდა, ასეთ სახანძრო რაზმს არ შეეძლო დაეკმაყოფილებინა ნამდვილი ხანძარსაწინააღმდეგო თავდაცვის ნორმალური მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, თბილისის სახანძრო ნაწილის შტატის დამტკიცება იმ დროს დიდ მიღწევასა და ქალაქის ხანძრებისაგან დაცვის საქმეში წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა.
თბილისის ისტორიაში 1825 წელი უსათუოდ ღირსსახოვარი თარიღია, რადგანაც სწორედ ამ წელს მოხდა პირველი სახანძრო რაზმის მტკიცედ გაფორმება.
მაგრამ, თბილისის ქალაქის ადმინსტრაციამ გადაჭარბებით შეაფასა ამ ღონისძიებათა მნიშვნელობა ქალაქის ხანძარსაწინააღმდეგო კეთილმოწყობის დარგში. ამის დამადასტურებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ღონისძიებათა ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, 1827 წლის 19 თებერვალს, პოლიცმეისტერმა მელნიკოვმა შუამდგომლობა აღძრა საქართველოს უმაღლესი მთავრობის წინაშე, რათა მას გადაესინჯა სახანძრო ნაწილისათვის გამოყოფილი სახარჯთაღრიცხვო ასიგნებანი და შეემცირებინა იგი. კერძოდ, მან მოითხოვა, რომ სახანძრო ცხენების რიცხვი 18-დან 10-მდე შემცირებულიყო, რათა იმ 900 მანეთიდან, რაც სახანძრო ცხენების შესანახად იყო გამოყოფილი, 300 მანეთი პოლიციის მოსამსახურეთა შტატის გასადიდებლად გამოეყენებინა.
მეფის მიერ დამტკიცებულ შტატში ასეთი შესწორების შეტანას საქმოსანი პოლიციელი კანცელარიის მოსამსახურეთა გადატვი-რთვითა და პოლიციის შტაბის მუშაკთა გადიდების აუცილებლობით ამართლებდა, მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარად იყო. აქ თბილისის პოლიცმეისტერი თავისი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. მას, როგორც მეფის ერთგულ მსახურს, ახლა ხანძრის საქმე ოდნავადაც არ აწუხებდა. მას მხოლოდ ის აფიქრებდა და აშინებდა, რომ 1825 წლის დეკემბრის აჯანყების შედეგებს საქართველოს საგუბერნიო ქალაქშიც არ ეჩინა თავი.
ქალაქის ხელისუფალთათვის ამ ეტაპზე უფრო აუცილებელი იყო პოლიციელთა რაოდენობის გაზრდა, რათა მორჩილებაში ჰყოლოდათ „ურჩნი“, ხოლო ქალაქის სახანძრო უსაშიშროებაზე ზრუნვა „უკეთესი დროისათვის გადაედოთ“.
ფაქტები თბილისის სახანძრო რაზმის ისტორიიდან იმაზე მეტყველებდნენ, რომ საქართველოს უმაღლესი მთავრობის მიერ პოლიცმეისტერ მელნიკოვის თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. უფრო მეტიც, 1825 წელს შექმნილი სახანძრო ნაწილის შტატი, თავისი უმნიშვნელო ტექნიკური მოწყობილობებით, თითქმის უცვლელი დარჩა 1840 წლამდე, როდესაც განხორციელდა ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო დაწესებულებათა შეზღუდული გარდაქმნა.
უაღრესად საჭირბოროტო საკითხის - ხანძარსაწინააღმდეგო საქმის ასეთი ქრონიკული უგულებელყოფა რამდენადმე იმითაც იყო გამოწვეული, რომ თბილისი შედარებით იშვიათად ზარალდებოდა ცეცხლისაგან. ასეთი „ღვთისკალთაგადაფარებულობა“, თბილისის ნაგებობათა შექუჩებულობისა და სივიწროვის პირობებში, განსაკუთრებით ძველ უბნებში, ნაწილობრივ საქალაქო კულტურის თავისებური აღმოსავლური წყობითაც იყო განპირობებული. კერძოდ, თბილისის შედარებითი უშიშროება ეფუძვნებოდა იმას, რომ ქალაქის სახლების უმრავლესობა ქვისა და აგურის იყო. ნაგებობის სახურავად უფრო თიხატკეპნილ ბრტყელ ძელჭერს ან კრამიტს იყენებდნენ. სახლებს ცეცხლისაგან იფარავდა აგრეთვე ღუმელების-ბუხრების თავისებური მოწყობილება, რაც გაძლიერებულ ხურებას არ მოითხოვდა. ამასთანავე აქ ღამით განათებისათვის თაფლის სანთლის გამოყენება ჯერ კიდევ სუსტად იყო განვითარებული, რადგანაც ეს დიდ ფუფუნებად ითვლებოდა და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მოსახლეობის შეძლებული ფენისათვის. ქალაქის ქუჩებში დაბინდებისთანავე კვდებოდა ცხოვრება, ასევე ადრე ეხვეოდა წყვდიადში ღარიბთა და ხელოსანთა-თბილისის ძირითად მკვიდრთა, ქოხმახები. მაშინდელი ქალაქური ყოფაცხოვრება და სოციალური წყობა ხელს უწყობს იმას, რომ პოლიცია უდარდელობასა და გულგრილობას იჩენდა ხანძართან ბრძოლის საქმეში.
უკან დაბრუნება