Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 უცნობი მაშველის დღიური
> მაშველის დღიური > უცნობი მაშველის დღიური

უცნობი მაშველის დღიური


23-06-2016, 14:49. ავტორი: Amuri უცნობი მაშველის დღიური რამდენიმე დღის წინ "პალიტრა მედიის" ნიუსრუმის ცხელ ხაზზე უჩვეულო ზარი შემოვიდა. მამაკაცმა, რომელიც გვირეკავდა, ვინაობის დასახელება არ ისურვა, უბრალოდ სურვილი გამოთქვა, ჩვენთვის პირადი დღიური გადმოეცა და იმ შემთხვევაში, თუ დღიურის შინაარსი ჩვენთვისაც საინტერესო იქნებოდა, მისი გამოქვეყნების უფლება მოგვცა. თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ დღიურში სიყვარულის ბანალური ისტორია იქნებოდა გადმოცემული, მაგრამ როდესაც გაცრეცილყდიანმა უბის წიგნაკმა ჩვენამდე მოაღწია, მასში სრულიად განსხვავებული ამბები ამოვიკითხეთ, რომელიც მეხანძრე-მაშველს ეკუთვნის.
დღიურს თან მცირე მინაწერიც ახლდა: "ყოველდღე ადამიანები ათასი წვრილმანის გამო ვწუწუნებთ, გამოვთქვამთ უკმაყოფილებას, სამყარო კი ჩვენ გარშემო სავსეა სამწუხარო მოვლენებით. ეს დღიურიც ჩემი პროფესიული საქმიანობის დროს ნანახმა და განცდილმა დამაწერინა". მაშ ასე, AMBEBI.GE უცნობი მაშველის ჩანაწერების გამოქვეყნებას იწყებს...
"პირველი დღეა... ექვსთვიანი სწავლების და ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების შემდეგ ახალი ფორმა მოვირგეთ მე და ჩემმა მეწყვილემ და მთელი დღე არ გაგვიხდია. ისიც ჩემსავით ახალბედაა. შედარებით ძველმა და გამოცდილმა თანამშრომლებმა ვითარებაში გაგვარკვიეს, დილით თეორიული და ფიზიკური გაკვეთილებიც გვქონდა. როგორც კი დასრულდა, წუთში სახანძრო და სამაშველო განგაში ჩაირთო, რაც იმას ნიშნავდა, რომ სადღაც ვიღაცას უჭირდა და ჩვენი შველა სჭირდებოდა. როგორც კი მანქანაში ჩავსხედით, პირველი რაც გამახსენდა აირწინაღი იყო, რომელიც მანქანის სავარძელის საზურგეზეა მიმაგრებული და მანქანაში დაჯდომისთანავე უნდა მოირგო. ნიღაბი გავიკეთე და მისი გამართულობა შევამოწმე. ჩემთვის ეს პირველი გამოძახება იყო და ძალიან ვნერვიულობდი.
შემოსული ინფორმაციის თანახმად, ხანძარი იყო ერთ-ერთი კლინიკის მე-6 სართულზე. ადგილზე მალევე მივედით. მანქანიდან ჩამოვხტი და პირველ ნომერ მეხანძრეს ლულა გადავუგდე. მე სახანძრო სახელურები ავიღე და შენობისკენ გავიქეცი. ვერავის ვამჩნევდი, ერთი მიზანი მქონდა - სახელურები დროულად ამეტანა ხანძრის კერამდე და წყალი გამოეშვათ, რომ ცეცხლი ჩაგვექრო. მეექვსე სართულზე ერთი ამოსუნთქვით ავირბინე. უკან რომ მივიხედე, დავინახე ჩემი მეწყვილე მომყვებოდა, რამაც ძალა მომცა და სახელურები მალევე გავშალეთ. ამ დროს ვიღაცამ დაიძახა: "აირწინაღიანები აქეთ შემოდითო!" ნიღბები გავიკეთეთ და კვამლში შევედით...
სიბნელესა და კვამლში მხოლოდ მაშველის ფორმის მწვანე ზოლის გარჩევას ვახერხებდი. ხანძრის კერიდან სამედიცინო პერსონალი უკვე ევაკუირებული იყო, თუმცა ერთი ექიმი არ შორდებოდა იქ მყოფ ახლადნაოპერციევ პაციენტს. როგორც გაირკვა, მოკლე ჩართვისგან გაჩენილმა სიმხურვალემ იმ ხელოვნური სუნთქვის აპარატის მილები დაადნო (დაკვამლიანებაც ამან გამოიწვია), რომელზეც პაციენტი იყო მიერთებული. ამ დროს პალატაში სამნი ვართ: მე, ჩემი მეწყვილე და ოცმეთაური. ასეთ სამეულს სახანძრო რგოლი ჰქვია - დაკვამლიანების დროს აირწინაღით აღჭურვილი სამი მეხანძრე რგოლს ქმნის და სამძებრო სამუშაოებს ატარებს. სწორედ ამ სტრატეგიით ვიპოვეთ პალატაში მყოფი პაციენტი და ექიმი, რომელიც ხელოვნურ სუთქვას უტარებდა და ფაქტობრივად აცოცხლებდა ახლადნაოპერაციევ მამაკაცს... ჰაერი უკვე თვითონაც აღარ ჰყოფნიდა, მუხლებზე იდგა. ოცმეთაურმა თავისი აირწინაღი მოიხსნა და ექიმს გაუკეთა, ჩვენ კი პაციენტის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა დაგვავალა.
...საკაცით სინათლეზე რომ გამოვიყვანეთ, შევამჩნიეთ რომ ჟანგბადის ნაკლებობისგან ხელ-ფეხი სულ გალურჯებოდა. შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩავუყევით კიბეს და პაციენტი იქვე მგდარ სასწრაფო დახმარების ავტომობილში მოვათავსეთ. ოცმეთაურიც ფეხდაფეხ მოგვყვა, რომელსაც დაზარალებული ექიმი მოჰყავდა და ისიც სასწრაფოში მოათავსა...
პირველი მორიგეობიდან დაბრუნებულს, დაღლილსა და ემოციებით დატვირთულს ძილი დიდი ხნის განმავლობაში არ მომეკარა. თავში რამდენიმე კითხვა მიტრილებდა: რა მოხდებოდა გამოძახებაზე ცოტაც რომ დაგვეგვიანა და შეძლეს თუ არა ექიმებმა იმ პაციენტის გადარჩენა?..
შემდეგ მორიგეობაზე მისულმა ოცმეთაურისგან გავარკვიე, რომ პაციენტი, რომელიც ჩვენ კვამლიდან გამოვიყვანეთ, გადარჩა. სწორედ მაშინ დამეუფლა პირველად გრძნობა, რომელსაც ვერაფერი შეედრება და რომელიც სიხარულის, ბედნიერების, კმაყოფილების და სიამაყის ნაზავს ჰგავს - გრძნობა, რომელიც მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენისას გეუფლება"...

გაგრძელება


წყარო: ambebi.ge

უკან დაბრუნება