Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 როგორ მუშაობდა აფრიკელი შადენ შამბე თბილისის სახანძრო სამსახურში
> ეს საინტერესოა > როგორ მუშაობდა აფრიკელი შადენ შამბე თბილისის სახანძრო სამსახურში

როგორ მუშაობდა აფრიკელი შადენ შამბე თბილისის სახანძრო სამსახურში


1-01-2015, 20:12. ავტორი: Amuri თბილისში სახანძრო-სამაშველო სამსახური ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 20-იან წლებში ჩამოყალიბდა. ბუნებრივია, 1824 წელს, არც სახანძრო მანქანები იყო, არც აღჭურვილობა თუ მობილური ტელეფონები, თანაც ხის სახლებს ცეცხლი ხშირად ედებოდა და დიდ ტერიტორიას ანადგურებდა. დღეს ამ სამსახურს თავისი მუზეუმი აქვს, სადაც არაერთი საინტერესო ექსპონატი ინახება – იქნება ეს აღჭურვილობა, ფოტოები, თუ მეხანძრეთა სამოსი. თბილისის სახანძრო სამსახურის მატიანეს მუზეუმის თანამშრომელი, ქალბატონი ლაურა ოზაშვილი მოგვითხრობს.
ლაურა ოზაშვილი: თბილისის სახანძრო სამსახური მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა. მაშინ ხანძრის ჩაქრობას ხშირ შემთხვევაში ყარაჩოხელთა ამქარი საკუთარი ძალებით ცდილობდა. ქეიფობდნენ სადმე, ორთაჭალის ბაღში და დაინახავდნენ, რომ რომელიმე სახლს ცეცხლი უკიდია. მიდიოდნენ ცხენებით და ცეცხლის ჩასაქრობად ყოველგვარ ღონეს ხმარობდნენ. მაშინდელ პატარა ქალაქში წყალგაყვანილობის სისტემა არ იყო და წყალს თულუხჩები ყიდდნენ. თუ საერთოდ ლიტრი 5 კაპიკი ღირდა, ხანძრის შემთხვევაში, ერთი სამად მეტ ფასს ადებდნენ და ხეირს თვითონაც ნახულობდნენ. თბილისის მაშინდელმა მცხოვრებლებმა ყარაჩოხელებს „ხანძარი” შეარქვეს, რაც თურქული სიტყვაა და ქართულად, ცეცხლის ჩამქრობს ნიშნავს.
მოგვიანებით, 1824 წელს, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, შეიქმნა საგანგებო სახანძრო რაზმი, რომლის შემადგენლობაშიც სულ ხუთიოდ კაცი შედიოდა. სამწუხაროდ, მათი ვინაობა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ მეთაური რუსი ნიკოლაი კალმიკოვი იყო. ის იყო თბილისის პირველი ბრაგმაისტერი. მაშინდელი მეხანძრეთა ბრიგადა პოლიციის შემადგენლობაში შედიოდა, მას ექვემდებარებოდა და უნდა ითქვას, რომ პოლიციელები მეხანძრეებს ძალიან ცუდად, სასტიკადაც კი ეპყრობოდნენ. თუ პოლიციელი დაინახავდა, რომ მეხანძრე სამსახურში გაზეთს კითხულობდა, ან რაიმე სხვა საქმეს აკეთებდა, მას ფიზიკურადაც კი უსწორდებოდა. აი, ეს სცენა სურათზეც გახლავთ ასახული.
– ცეცხლის ჩაქრობა როგორ ხდებოდა?
– მოგეხსენებათ, მაშინ არ იყო სახანძრო მანქანები, არც სპეცტექნიკა. მიდიოდნენ ცხენებით, წყალი ტიკებითა და რუმბებით მიჰქონდათ. მაშინ სატელეფონო კავშირი არ იყო და იცით, როგორ შეატყობინებდნენ მეხანძრეებს ცეცხლის გაჩენის ამბავს? თბილისი პატარა ქალაქი იყო და არც ამდენი რაიონი ჰქონდა. ჰოდა, მოიფიქრეს ასეთი რამ: იდგა მაღალი კოშკურების მსგავსი ნაგებობა (ან ანძა), რომელზეც მორიგეობდა მეხანძრე. იქიდან მაშინდელი „ტიფლისი” ხელისგულივით მოჩანდა. სხვადასხვა უბნის მიხედვით სხვადასხვა ფერის ბურთებს ფენდნენ აივნიდან იმის მისანიშნებლად, რომ იქ ხანძარი გიზგიზებდა. ავლაბარში, მაგალითად, წითელ ბურთს ფენდნენ, სოლოლაკში ლურჯს და ასე შემდეგ, ღამით კიდევ ნათურებით სარგებლობდნენ, უფრო სწორად ფანრებით. მაგალითად, ავლაბარში ერთ ფანარს აანთებდნენ, სოლოლაკში სამს და ასე შემდეგ. ასე იყო ეს სისტემა აწყობილი. სხვათა შორის, თბილისის სახანძრო რაზმი რეგიონებშიც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობაში. განსაკუთრებით ხშირი იყო ხანძრები დასავლეთ საქართველოში, სადაც ხის ოდები ერთმანეთთან ახლო-ახლო იყო განლაგებული. თუ ერთი სახლი იწვოდა, ხშირად ცეცხლი მეზობელ სახლებსაც გადაედებოდა. ასე ნადგურდებოდა მთელი სოფლები. მაგალითად, ქუთაისში 1928 წელს მომხდარი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ებრაელების უბანი, ხოლო 1904 წელს ლეჩხუმში, სოფელი ლაილაში მთლიანად განადგურდა, დაიწვა 150 სახლი. საქართველოს წარმომადგენელმა რუსეთში, ვინმე პაიჭაძემ იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს დახმარებისთვის მიმართა, რომელმაც ფულადი სახსრები გამოყო ახალი სოფლის ასაშენებლად. არაფრით არ მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა, თან ზამთარი იყო, თოვლი და ყინვა მეხანძრეებს ძალიან უშლიდა ხელს მუშაობაში.
– ძველი მეხანძრეების ფოტოები თუ გაქვთ?
– კი ბატონო. აი, ბათუმის მეხანძრეთა რაზმი. ეს თბილისის მეხანძრეთა რაზმია 20-იან წლებში. ხედავთ, მაგირუსებით დგანან. მაგირუსები სახანძრო მანქანებია, რომლებსაც იყენებდნენ გასული საუკუნის 20-იან, 30-იან, 50-იან წლებშიც კი. 70-იანი წლებიდან რუსული მანქანები შეიძინეს, დღესდღეობით კი გერმანულსა და ამერიკულს ყიდულობენ. იყო სახანძრო კატერები და გემებიც, იმ შემთხვევებისთვის, როცა, ვთქვათ, ზღვაში ხდებოდა ნავთობის ჩაღვრა და მისი აალება. კატერი გამოიყენებოდა ფოთში, ხოლო გემები, ძირითადად, ბათუმის აკვატორიაში.
ამ ფოტოზე კიდევ ერთი სახანძრო რაზმია გამოსახული ჩაიკოვსკის ქუჩაზე. ჩვენს მუზეუმში ბევრი საინტერესო ექსპონატია. თავად მუზეუმი 1981 წლის 25 დეკემბერს დაარსდა. სხვათა შორის, ამ დღეს, საქართველოში მეხანძრის პროფესიული დღე აღინიშნება. ხშირად მოდიან სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. სხვათა შორის, ამ პატარებმა სახანძროზე იმდენი რამ იციან, გაკვირვებული ვრჩები.
– მეხანძრეთა სამოსი როგორი იყო?
– ჩვეულებრივ, მეხანძრეებს აირწინაღი ეკეთათ. თუმცა, სხვადასხვა დროს ფორმები სხვადასხვაგვარი იყო. მეხანძრეებს ეცვათ სპეციალური ცეცხლის ამრეკლი სამოსი, რომელიც უძლებდა 1 000 გრადუს ცელსიუსით.
– თბილისში ყველაზე გახმაურებული ხანძრების შესახებ გვიამბეთ, თუ შეიძლება.
– თბილისში ყველაზე გახმაურებული 2 ხანძარი საოპერო თეატრს უკავშირდება. ალბათ, იცით, ადრე ერევნის მოედანზე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) იდგა არაჩვეულებრივი, მთელ ევროპაში სილამაზით განთქმული ოპერის თეატრი, რომელიც იტალიელმა არქიტექტორმა, რასტრელიმ ააშენა. შენობის პირველ სართულზე განლაგებული იყო სომეხ ვაჭართა მაღაზიები, რომლებიც მთლიანად სომეხსავე სოვდაგარ თამამშევს ეკუთვნოდა. ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა, ბაზაზმა ლაზარევმა (ფართლეულით მოვაჭრე – ავტორი) საკუთარი მაღაზია დიდ თანხად დააზღვია და შემდეგ ამ თანხის მიღების მიზნით, მაღაზია გადაწვა. ბუნებრივია, ხელით ასეთ დიდ ხანძარს ვერ ჩააქრობდნენ და მართლა მსოფლიო მნიშვნელობის შენობა მთლიანად განადგურდა. სხვათა შორის, ეს ის ოპერაა, რომელიც ალექსანდრე დიუმას „კავკასიაში” აქვს აღწერილი და ამბობს: „ასეთი სილამაზის თეატრი არ მინახავსო,” ესკიზებიც აქვს ჩანახატების სახით.
მეორედ ოპერის თეატრი 1973 წელს, 9 მაისს დაიწვა. მე თვითონაც მახსოვს. ამ ამბის მომსწრე გავხდი. თუმცა, ამ თეატრის რესტავრაცია შემდგომში მოხერხდა. 5 ადგილას იდო პარტერში ცეცხლის წასაკიდებელი მასალა. მოარული ვერსიის მიხედვით, ვახტანგ ჭაბუკიანსა და მის მეტოქეს შორის უთანხმოება წარმოიშვა – ორივეს სურდა თეატრის ხელმძღვანელი გამხდარიყო. ამიტომ, ერთ-ერთმა შენობის აალება განიზრახა. სხვათა შორის, ამ ხანძრის მიზეზებს ჩვენი ლაბორატორია იკვლევდა. სურათების გამჟღავნების შემდეგ, ფოტოებზე ეს ორი ადამიანი აღიბეჭდა. შესაბამისად, ხანძარშიც ისინი იყვნენ ეჭვმიტანილნი. გარეთა ფასადი გადარჩა, დაიწვა პარტერი, სცენა, ფარდები... მაშინდელ ოპერაში არ იყო, ახლა კი არის ავტომატური ცეცხლსაქრობი მოწყობილობა, ავტომატური შეტყობინების სისტემა და რკინის სახანძრო ფარდა, რომელიც შენობის რესტავრაციის შემდეგ მოაწყვეს თეატრში. ეს რკინა-ბეტონის ფარდა 18, 5 ტონას იწონის. ხანძრის შემთხვევაში ის წუთ-ნახევარში ეშვება ქვემოთ და არ აძლევს ცეცხლს პარტერში შეღწევის საშუალებას. საერთოდ, თეატრში ხანძარი უფრო მეტად სცენას ეკიდება, ვიდრე პარტერს. ფარდის დაშვების შემდეგ, ირთვება ავტომატური სპლინკლერები და წყალი შხაპისებრი ნაკადით მოდის ზევიდან. სართიჭალის ნავთობსაქაჩ სადგურზე მოხდა დიდი ხანძარი 80-იან წლებში, რადგან ჩვენ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება, მეხანძრე-მაშველები ბაქოდან გამოიძახეს. საერთოდ, ხანძრისას, ნავთობსადგურზე ისევე, როგორც ატომური აფეთქებისას, წარმოიქმნება სოკოსებრი კვამლის ღრუბელი, რომელთანაც წყლის ჭავლის მიშვება არაფრით არ შეიძლება, უნდა მოიკვეთოს საგანგებო ქაფით.
– ხანძრის დროს მეხანძრეები ხშირად იღუპებოდნენ? მაშინ ხომ არ იყო ისეთი დონის სპეცტექნიკა.
– ვერ ვიტყვი. წელიწადში რამდენიმე შემთხვევა შეიძლება მომხდარიყო ასეთი. აი, აქ არის ხანძრის დროს დაღუპული მეხანძრეების ფოტოები. მაგალითად, იყო ასეთი მეხანძრე – სერგო ბაიდაშვილი, რომელიც გამსახურდიას პერიოდში, სამოქალაქო ომის დროს მუშაობდა და აქრობდა ხანძარს. დაპირისპირებულ მხარეთაგან რომელიღაცამ ესროლა. როგორ შეიძლება, სამედიცინო პერსონალს... ან მეხანძრეს ესროლო? დამიზნებით ესროლეს თან, ცოლ-შვილი დარჩა. აი, მეხანძრე ივანე ქსოვრელის ფოტო, რომელიც მთაწმინდის რაიონის ნაწილის უფროსი იყო. 1978 წელს საბავშვო ბაღში მომხდარ დიდ ხანძარს შეეწირა. ყველა ბავშვი გამოიყვანა ცეცხლმოკიდებული შენობიდან, ბოლოს შებრუნდა, რომ შეემოწმებინა, ვინმე ხომ არ დარჩა შენობაშიო, ამ დროს გავარვარებული ჭერი ჩამოინგრა და მეხანძრე ქვეშ მოიყოლა. იყო ჩემპიონი ბონდო შანიძე, რომლის სახელობის ტურნირი ტარდებოდა სახანძრო-გამოყენებით სპორტის სახეობებში.
პოლკოვნიკმა პადრინმა მაშინდელ პიონერთა სასახლეში ჩამოაყალიბა ნორჩ მეხანძრეთა რაზმი. ჰყავდათ თავიანთი მანქანა, სწავლობდნენ სასწავლო ხანძრის ჩაქრობას და ასე შემდეგ. სხვათა შორის, სახანძრო სამსახურს ჰყავდა ჯაზბენდი – „01”, რომელიც ფილარმონიის სცენაზეც გამოდიოდა.
– აი, ნახატზე შავკანიან ადამიანს ვხედავ, ხომ არ მეშლება? ვინ არის ტილოზე გამოსახული?
– ეს არის შადენ შამბე, აფრიკული, მავრული წარმოშობის, რომელსაც საინტერესო ისტორია ჰქონდა. შამბე ცარიზმის დროს ერთმა რუსმა „კნიაზმა” იყიდა, შემდეგ იმან კი მავან ქართველ თავადს აჩუქა. ზუსტად რომელი ქვეყნიდან იყო შამბე, ვერ გეტყვით. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, შამბეს ბატონი მენშევიკებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. შამბე არ გაჰყვა ბატონს, დარჩა თბილისში და სახანძრო სამსახურში დაიწყო მუშაობა. შეირთო რუსი ქალბატონი. სხვათა შორის, მისი შვილიც ჩვენთან მუშაობდა – მულატი, ქართულიც იცოდა და რუსულსაც კარგად ფლობდა. შამბეს შთამომავლები, თუ არ ვცდები, საქართველოში ცხოვრობდნენ. სხვათა შორის, შამბე ივანე პერესტიანის ცნობილ ფილმ „წითელ ეშმაკუნებში” თამაშობს.

ქეთი დიდებულიძე. ჟურნალი "თბილისელები" 2011-05-31

უკან დაბრუნება