Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/classes/templates.class.php on line 162  Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/npjlazmm/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 110 სახანძრო რაზმის შექმნა
> ბროშურა ფოთი > სახანძრო რაზმის შექმნა

სახანძრო რაზმის შექმნა


17-02-2018, 09:01. ავტორი: Amuri
ლევთერ ჭოჭუა

1924 წელს ქ.ფოთში მოხალისეთა სახანძრო რაზმეულის ბაზაზე შეიქმნა პროფესიული სახანძრო რაზმი 12 კაცის შემადგენლობით. ამავე წელს მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ დაშვებულ იქნა ოთხი შოფრის საშტატო ერთეული და მახარაძის ქუჩაზე გამოიყო ერთოთახიანი ფარდული. სახანძრო რაზმს გადაეცა ქალაქის საბჭოსთან არსებული სასულე ორკესტრი 12 კაცის რაოდენობით. ორკესტრის შემადგენლობა ითვლებოდა მოხალისეთა სახანძრო რაზმეულის წევრებად და მორიგეობდნენ სახანძრო რაზმში, როგორც შტატიანი მებრძოლები.
1925 წლამდე ნავსადგურში არსებობდა მოხალისეთა სახანძრო რაზმი, რომელსაც ქალაქის პროფესიული სახანძრო რაზმის შეიარაღების მსგავსად ჰქონდა ორცხენიანი ოთხთვალა წყლის კასრებით და ხელის საქაჩავი ტუმბოთი. ნავსადგურის რაზმს 1926 წელს შეემატა კატერი „მუშა“, რომლის შეიარაღებას მხოლოდ ხელის ტუმბო წარმოადგენდა.
1926 წელს მიღებულ იქნა კაპიტალური რემონტიდან გამოყვანილი „ფიატის“ ტიპის სახანძრო ავტომანქანა. ამავე პერიოდში ნავსადგურში მოხალისეთა სახანძრო რაზმის ბაზაზე შეიქმნა ნავსადგურის დაცვა ხუთი კაცის შემადგენლობით, სახანძრო მანქანაზე სამუშაოდ ქ.ბათუმიდან გადმოყვანილი იქნა ორი შოფერი.
იმდროინდელ სახანძრო რაზმს ძნელ და აუტანელ პირობებში უხდებოდა მუშაობა, რადგან არ ჰქონდა საჭირო ინვენტარი, არსებულიც მოძველებული იყო. არ გააჩნდათ სათანადო დეპო, მეხანძრეებისათვის მოსაცდელი ბინა (იყო მხოლოდ ერთი პატარა ჩამონგრეული ფარდული). მიუხედავად ამისა, რაზმში სისტემატურად ტარდებოდა პრაქტიკული მეცადინეობები.
1927 წლისათვის რაზმის მთლიანი შემადგენლობა განისაზღვრებოდა 18 პროფესიონალი მეხანძრით. რაზმის კანტორა (ანგარანი) ამ პერიოდში მოთავსებული იყო ქალაქის ცენტრში, ე.წ. კოშკში. ამჟამად აქ ნ.ნიკოლაძის სახლ-მუზეუმია. მეხანძრეებს ორ-ორი საათი უხდებოდათ სათვალთვალო კოშკზე სამორიგეოდ ყოფნა, კოშკზე მოთავსებული იყო საათი და ზარი. მორიგე მეხანძრის მიერ ზარის დარეკვა მოსახლეობაში ხანძრის გაჩენის ნიშანი იყო.
იმდროინდელი სახანძრო რაზმი ვერ უზრუნველყოფდა მის წინაშე დასახული ამოცანების გადაწყვეტას. ხშირი იყო ხანძრები, ზოგჯერ ხანძარი ერთი სახლიდან მეორეზე გადადიოდა და მასიურ ხასიათს ღებულობდა. სახანძრო რაზმი კი პირადი შემადგენლობისა და ტექნიკური შეიარაღების სიმცირის გამო ვერ უმკლავდებოდა გართულებულ და ზოგჯერ ახლად დაწყებულ ხანძარსაც კი.
ამიტომ ქალაქის საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით დამატებით შეიქმნა მოხალისეთა სახანძრო რაზმეულები, რომლებშიც გაერთიანდნენ ქალაქში არსებული სასულე ორკესტრის წევრები, სულ 32 კაცი.
1932 წელს რაზმს გამოეყო ერთი სახანძრო ავტომანქანა და ჩამოყალიბდა სათანადო სამმართველო. მასში გაერთიანდნენ ქალაქის, ნავსადგურის და რკინიგზის სახანძრო ნაწილები, რომლებიც წინათ დამოუკიდებლად არსებობდნენ. 1938 წელს სამმართველომ დამატებით მიიღო სამი სახანძრო ავტომანქანა. აქედან ერთი „ამო“-ს ტიპისა, ხოლო ორი ავტოტუმბო.
1933 წლის 1 იანვრიდან სახანძრო სამმართველოს უფროსად დაინიშნა კ.მეძმარიაშვილი. მეხანძრეთა მომზადების დონის მკვეთრად ამაღლების მიზნით იმავე წლის აგვისტოში ქალაქის საბჭომ და სახანძრო სამმართველომ გახსნეს სამთვიანი სახანძრო ტექნიკური კურსები, ეს ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სახანძრო დაცვისათვის, ვინაიდან ცოტად თუ ბევრად მაინც ამაღლდა მეთაურთა კადრების ცოდნა, გაუმჯობესდა რაზმის საბრძოლო მომზადების დონე და ქალაქის სახანძრო უშიშროების საქმე.

სახანძრო რაზმის შექმნა

ქალაქ ფოთის სახანძრო სამმართველოს სამთვიანი სახანძრო ტექნიკური კურსების I გამოშვება
5 აგვისტო 1934 წელი

მიუხედავად ამისა, მაინც რთული იყო მეხანძრეთა წინაშე დასახული ამოცანების განხორციელება. დღითიდღე იზრდებოდა ქალაქის მოსახლეობა, სამრეწველო ობიექტები და მისი ეკონომიური პოტენციალი. კვლავ დაისვა საკითხი საქალაქო საბჭოს აღმასკომის წინაშე პროფესიული სახანძრო რაზმის სტრუქტურის გაუმჯობესებისა და საშტატო ერთეულის 53 კაცამდე გადიდების შესახებ. ქალაქის საბჭოს აღმასკომმა დაამტკიცა სახანძრო რაზმის საშტატო ერთეული 48 კაცის რაოდენობით. იმ დროისათვის მეხანძრეებს შრომა რთულ პირობებში უხდებოდათ, ანაზღაურებაც მცირე იყო, ამიტომ დაშვებული შტატი მთლიანად ვერ იქნა დაკომპლექტებული. მაგალითად, 1937 წელს საშტატო ერთეულში ითვლებოდა 40 კაცი, 1938 წელსაც იგივე რაოდენობა, ნაცვლად შტატით გათვალისწინებული 48 კაცისა.
იმ ხანებში მწვანედ დადგა საკითხი ახალი სახანძრო დეპოს მშენებლობის აუცილებლობაზე, რაც დადებითად იქნა გადაწყვეტილი. 1936 წელს საფუძველი ჩაეყარა ქალაქის პირველი სახანძრო რაზმის მშენებლობას და უკვე 1938 წელს საექსპლოატაციოდ გადაეცა სამსართულიანი კაპიტალური ნაგებობა.
1938 წლის დამლევისათვის სახანძრო რაზმის საშტატო ერთეული შეადგენდა 53 კაცს. 1940 წლისათვის სახანძრო დაცვას კვლავ დაემატა 9 საშტატო ერთეული და მთლიანმა შტატმა 62 კაცს მიაღწია.
1942 წელს ქალაქის სახანძრო დაცვას გამოეყო მეორე სახანძრო რაზმი, რომელიც გადაყვანილი იქნა ნაბადის უბანში, ჯერ კიდევ სათანადოდ მოუწყობელ დროებით ნაგებობაში. მის განკარგულებაში იყო ერთი სახანძრო ავტომანქანა თავისი შეიარაღებით, 31 საშტატო ერთეულით მათ შორის რაზმის უფროსი პოლიტხელი, რაზმის უფროსის მოადგილე პროფილაქტიკის დარგში, ყარაულის 3 უფროსი, ამდენივე ათმეთაური და ათმეთაურის თანაშემწე, პირველი თანრიგის 14 და მეორე თანრიგის 10 მებრძოლი, 2 მძღოლი და 3 მეელსმენე.
1943 წლის იანვრიდან ქალაქის სახანძრო დაცვის საშტატო ერთეული 147 გაიზარდა. ამავე პერიოდში შეიქმნა მესამე სახანძრო რაზმი, რომელიც კუნძულის უბანს უწევდა მომსახურებას.

ბუკლეტი „ ქ.ფოთის პროფესიული სახანძრო რაზმი“ 1981 წელი გვ.3-7

უკან დაბრუნება