ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახურის დებულება » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახურის დებულება

ფოთის სახანძრო სამაშველო სამსახურის დებულება

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №15/61
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო აღნიშნავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს უფლებამოსილებაა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურული ერთეულის – თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცება.
აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება, თანახმად დანართი 1-ისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის №4/56 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
დანართი 1
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვის მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. მათი შესრულების მიზნით სამსახური წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს.
3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ხოლო დებულების პროექტს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერი.
4. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დებულებას ბრძანებით ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე.
5. სამსახურის დაფინანსება ხდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
6. სამსახურს აქვს შტამპი თვითმმართველი ქალაქ ფოთის გერბის გამოსახულებით.
7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ფოთი, 26 მაისის ქ. №8.
მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა დაქვემდებარებულ დანაყოფებში ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობა, უზრუნველყოს ხანძრების ჩაქრობა, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში.
2. ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო სახანძრო დაცვის ზედამხედველობის განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, აგრეთვე სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტზე.
3. უზრუნველყოფს ხანძრების თავიდან აცილების ორგანიზაციას და ჩაქრობას, სამუშაოების შესრულებასა და მომსახურების გაწევას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში.
4. აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სამსახურისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციასა და განხორციელების წესის შესრულებას, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას.
5. ორგანიზაციას უწევს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას.
6. მონაწილეობას იღებს ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტექნიკურ სწავლებებში.
7. ატარებს საავარიო-სამაშველო სამუშაოებს ადამიანის სიცოცხლის, ქონების გადასარჩენად, აგრეთვე ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისათვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების შედეგების შესაძლო მინიმუმამდე დასაყვანად.
8. უზრუნველყოფს ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ადგილებიდან ადამიანთა ევაკუაციას.
9. ასრულებს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, რომელიც დაკავშირებულია საგანგებო სიტუაციების, ავარიების, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებით.
10. სახანძრო დაცვის და დახვეწის მიზნით აკონტროლებს და მეთოდურ დახმარებას უწევს დაქვემდებარებულ დანაყოფებს.
11. აანალიზებს ხანძრებზე სამსახურის დანაყოფების მუშაობას, ამზადებს წინადადებებსა და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისათვის.
12. ახორციელებს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიულ მართვას.
13. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერს წარუდგენს დაქვემდებარებულ დანაყოფებში ხარჯთა ნუსხის პროექტებს, ამზადებს წინადადებებს სამსახურის ორგანიზაციისათვის საჭირო რიცხვიანობისა და სტრუქტურულ საკითხებში სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების ექსპლუატაციის მდგომარეობას.
14. აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეიარაღების ექსპლუატაციის მდგომარეობას.
15. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ორგანიზაცია დაწესებულებებთან.
16. უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურისათვის.
17. უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისთვის წარდგენას.
18. უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ხანძრის ქრობის ცენტრის განყოფილება;
ბ) ხანძრის ქრობის ნაბადის განყოფილება;
ბ) სამაშველო განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში,მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერისა და სამსახურის უფროსის დავალებებს.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება წინამდებარე დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 4. სამსახურის ქონება

1. სამსახურის მთელი ქონება შეადგენს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკუთრებას.
მუხლი 5. დასკვნითი ნაწილი

1. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით და სამსახურის დებულებით დადგენილი წესით.
3594
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.