ხანძრის თავიდან აცილება » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» ხანძრის თავიდან აცილება

ხანძრის თავიდან აცილება

ხანძრისაგან თავის დაცვისა და მისგან აცილებისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს ის ძირითადი მიზეზები, რაც ხელს უწყობს ხანძრის წარმოშობას და განვითარებას:

- ღია ცეცხლთან მოუფრთხილებლობა: კოცონის გაჩაღება და მისი უყურადღებოდ დატოვება ან მიტოვება ჩაუქრობლად, წვადი მასალების გაცხელება ღია ცეცხლით ელექტრო ან გაზქურაზე და ა.შ;
- საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა: ტელვიზორის ჩადგმა არაგანიავებად ავეჯში ე. წ. ,,კედელში“, ერთ როზეტში ჩართულია დასაშვებზე მეტი ელექტრომომხმარებელი, გაუმართავი მოწყობილობების გამოყენება და სხვა;
- გამათბობლების (ბუხარი, შეშის ან გაზის ღუმელი და .ა.შ.) არასწორი ექსპლუატაცია, ცეცხლის დასანთებად ბენზინის გამოყენება, საკვამურების არასწორად მოწყობა და „გაჭედვა“ გაუწმენდაობის გამო და ა. შ;
- ბავშვების ცელქობა: საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში ასანთით თამაში, დღესასწაულებზე ე. წ. მაშხალებით და ტკაცუნებით თამაში და ა.შ;

მოყვანილი ჩამონათვალით არ ამოიწურება ხანძრის გაჩენის მიზეზები, მაგრამ ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომელებიც ძირითადად განაპირობებს ხანძრის წარმოშობას. ანუ, ეს არის ცეცხლთან მოუფრთხილებლობა.

ხანძრის საწინააღმდეგო მოქმედებები იყოფა სამ ეტაპად:
1. ხანძრის გაჩენის შესაძლებლობის შემცირება, რასაც ვუწოდებთ პრევენციას ან მოქმედებებს საგანგებო სიტუაციამდე;
2. შესაძლებლობის და კომპეტენციის ფარგლებში (ყოველგვარი თვითმოქმედებების გარეშე) ჩაქრობა, თვითგადარჩენა და სხვათა გამორიდება ხანძრის კერიდან !!!(აქ უნდა ვიცოდეთ, რომ ხანძრის დროს უმეტეს შემთხვევაში პატარა ბავშვები იმალებიან კარადებში, მაგიდის ქვეშ, სააბაზანოში, ტუალეტში და დაძახილზე,როგორც წესი არ პასუხობენ)!!!. საგანგებო სიტუაციების სამსახურის გამოძახება "112" ნებისმიერი ტელეფონით. ამას ვუწოდებთ საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებებს;
3. მოქმედებები საგანგებო სიტუაციების შემდეგ - ხანძრის დროს ეს არის ნახანძრალ ადგილებში დაბრუნების სიფრთხილე ხანძრისშემდგომი შედეგების გათვალისწინებით, სიტუაციის შეფასება.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხანძრის წარმოშობა, კარგად უნდა ვიცოდეთ რა არ შეიძლება. ,,ამკრძალავი“ პუნქტების შესწავლისას კონკრეტულად უნდა წარმოვიდგინოთ რა შეიძლება გავაკეთოთ ამა თუ იმ სიტუაციაში.
არ შეიძლება:
- თვითნაკეთი ელექტრომოწყობილობების გამოყენება და დარღვეული იზოლაციის მქონე შნურებისა და გამტარების გამოყენება;
- გაუმართავი გაზის და ელექტრო ქურების გამოყენება და დაზიანებული როზეტებით სარგებლობა;
- საყოფაცხოვრებო გაზის და ელექტრო მოწყობილობების არამიზნობრივად გამოყენება და ქარხნული ინსტრუქციებში მოცემული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა;
- ერთ როზეტში სამ ელექტრომომხმარებელზე მეტის ჩართვა. ან თუ მომხმარებელი დიდი სიმძლავრისაა (უთო, ელექტროქურა, ელექტროჩაიდანი და სხვა), ერთზე მეტი;
- ელნათურების შემოხვევა ქაღალდით ან ნაჭრით;
- ქსელში ჩართული ელექტრო მოწყობილობების უმეთვალყუროდ დატოვება (უთო, ტელევიზორი, ქურა);
- ღია ცეცხილს კერასთან ან ელექტრულ მოწყობილობებთან ახლოს ხანძარსაშიში მასალების და ადვილადაალებადი სითხეების დადება და შენახვა (ბენზინი, გამფრქვევი ბალონები საღებავების და ლაქების შემცველობით და ა.შ.);
- გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში ღია ცეხლით ან ელექტრომოწყობილობით სარგებლობა;
- გაზის ქურებთან, გავარვარებულ ელექტროქურასთან და ღუმელთან სარეცხის შრობა;
- ნაძვის ხესთან ბენგალური სანთლების (მაშხალების), სანთლების ანთება და ფეიერვერკების და თვითნაკეთი ,,ტკაცუნების“ აფეთქება;
- შეშის ღუმელების ჩაუქრობლად მიტოვება ან ბავშვებზე მათი მინდობა;
- საცხოვრებელ სახლებში და საზოგადოებრივ შენობებში საამქროების, საცხობების და სხვა წარმოების მოწყობა;
- გასასვლელების, სხვენში ასასვლელების, კიბის უჯრედების და მარშების, აივნების, კორიდორების და სარდაფების ჩახერგვა უსარგებლო ავეჯით ან სხვა ნივთებით.
აუცილებელია ან სასურველია:
- აუცილებელია შევქმნათ უსაფრთხო ზონა სახლსა და აალებად მცენარეებს შორის;
- აუცილებელია სახლთან ახლოს მდგომი ხეების გასხვლა სამი მეტრის სიმაღლეზე;
- აუცილებელია ცეცხლსაშიში ნივთიერებები შევინახოთ სპეციალურ კონტეინერებში;
- აუცილებელია წინასწარ შევიმუშავოთ კომუნიკაციის გეგმა, იმ შემთხვევისთვის თუ ხანძარი გამოიწვევს ჩვენს იზოლირებას;
- აუცილებელია შევიმუშავოთ ევაკუაციის გეგმა შენობიდან და მისი შემოგარენიდან გასასვლელად;
- სასურველია გვყავდეს ოჯახის მუდმივი მეკავშირე (მეზობელი ან ნათესავი);
- სასურველია გვქონდეს სათადარიგო ევაკუაციის გეგმები;
- სასურველია გვქონდეს კვამლის დეტექტორები;
- სასურველია გვქონდეს ცეცხლმაქრები და ვიცოდეთ მისი გამოყენების წესები.
1124
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.