ცეცხლს შეჭიდებული ბიჭები » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

ცეცხლს შეჭიდებული ბიჭები

ავთანდი მახარაშვილი


უკვე დიდი ხანია სახლებში ჩაქრა სინათლეები და ქალაქზე დაეშვა ღამე. მხოლოდ ხანდახან სადღაც გაიქროლებს ავტომანქანა. მერე კი უცნაურ ქუჩაზე ისევ წვება ღამის მყუდროება, სრული სიჩუმე.
სახანძრო ნაწილს ეს წუთია დაუბრუნდნენ ცეცხლის ფრონტის მუშაკები შერუჯული წარბებითა და გაშავებული, საღებავ აყრილი მუზარადებით.
ძია არსენ, გვაჭამე რამე, თორემ გაგვძრა შიმშილით სული, - ხმის ოდნავი ამაღლებით წამოიძახა ერთ-ერთმა მებრძოლმა.
ძველისძველმა ყველასათვის საყვარელმა მეხანძრემ არსენ მარტიროსოვმა საქმიანად გაასავსავა ხელები ჰაერში და თადარიგი მისცა ახალგაზრდა კაცს, რომელიც მაგიდის გაწყობაში ეხმარებოდა.
მეხანძრეები გვიანი სადილის მოლოდინში ანთბულ ღუმელს შემოუსხდნენ და რაღაცზე დინჯად დაიწყეს მასალაათი.
ცარიელი მუცლით ცეცხლთან ვერ გათბებით, წამოდით პური გატეხეთ - სასადილოში მოუხმო მებრძოლებს ძია არსენამ.
ჭამით გული რომ იჯერეს, ძილმორეულმა მეხანძრეებმა იქვე, ვიწრო ტახტზე მონახეს განსასვენებელი და ღრმა ძილს მისცეს თავი.
გავიდა ხანი. ქანცგაწყვეტილ მებრძოლებს ისევე სწრაფად გამოეღვიძათ, როგორც ჩაეძინათ. განგაშის ავისმომაწავებელმა ხმამ ძილი მყისვე დაუფრთხო მათ. თითქოს ზამბარამ წამოაგდოთ, განზე გადაისროლეს ქურთუკები, ზედრო ეფარათ, წამოხტნენ და რამდენიმე წუთში სრულ მზადყოფნაში იყვნენ.
კარებში ზღურბლს იქით, მეელსმენე იდგა საგზურით ხელში - იწვოდა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
კიდევ რამოდენიმე წუთი და ღამის მყუდროება მეხანძრეთა ავტომანქნების სირენების გაბმულმა ხმამ დაარღვია...
ცეცხლმოდებულ სახლს, რომელიც ერთ-ერთ განაპირა ქუჩაზე, ძველ დაფერდებულ, ოდესღაც მწვანე, ამჟამად კი ჩარუხებულ მესერს იქით იდგა სახანძრო ავტომანქანა მიადგა. მეხანძრეებმა სწრაფად გაშალეს სახელურები. წყლის ძლიერი ჭავლი ეკვეთა მძვინვარე ცეცხლს.
ხანძარია, ცეცხლი ედება სახლს, იწვის ავეჯი, წლობით დაგროვილი ქონება, დაბნეული ადამიანები გარბი-გამორბიან და ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას.
როცა ცეცხლის ენები ჭერს მიწვდნენ ოთახები კვამლით აივსო. სახლის პატრონი მხოლოდ მაშინ გამოერკვა, თავსდატეხილი უბედურებისაგან დაბნეულმა ქალმა ვერ მოიფიქრა ბავშვის გარეთ გამოყვანა.
სახლის კიბე უკვე კარგა ხანია იწვოდა, გამოცდილმა მეხანძრემ გოგი ლონდარიძემ მაღლა აიხედა: კვამლი გამოდიოდა იმ ოთახიდანაც, სადაც ბავშვი უნდა ყოფილიყო. დახანება დაშავებას უდრიდა.
გოგი ცოტა ხანს შეჩერდა, გული გაიმაგრა, რასაც აპირებდა შეიძლება საკმაოდ ცუდად დამთავრებულიყო, შემდეგ სწრაფად აიჭრა სახანძრო კიბეზე, ჩაამტვრია ფანჯარა და თავგამოდებით შეხტა ოთახში. ამ მოქმედების დროს უშიშარმა მებრძოლმა ხელი დაიზიანა, მაგრამ ის უკვე ვერაფერს გრძნობდა.
ლადო სადა ხარ? კვამლით დაბნელებულ ოთახში ისმოდა გოგის გაბრაზული ხმა. მეხანძრემ ყველა კუთხე ინახულა, ოთახებიც და საკუჭნაოც, მაგრამ ბავშვი ვერ იპოვა. უცებ მოაფიქრდა: რა იქნება რომ საწოლის ქვეშ შეიხედოს.
ლადოს ფორმიანი კაცის დანახვაზე შიშმა გადაუარა. იგი იმედის თვალით უყურებდა მას და ეკითხებოდა:
- მიშველი.
- ჰო ჩემო პატარავ, - თვალზე ცრემლი მოაწვა გოგის. მან ხელში აიყვანა ბავშვი, გადაძვრა გატეხილ ფანჯარაში და გასაშლელი კიბის მეშვეობით დააღწია თავი მძვინვარე სტიქიას.
ეზოში მოუთმენლად ელოდა გოგის გამოჩენას ლადოს დედა, რომელსაც მეზობლები აკავებდნენ. გოგიმ გადარჩენილი ბიჭუნა მას ჩააბარა.
სიხარულით გონებადაბინდულ ქალს არც შეუხედავს მეხანძრისათვის მხოლოდ ლადოს სისხლიანი პერანგი შენიშნა.
- ხალხო მიშველეთ! - დაიყვირა შეშინებულმა.
- ნუ გეშინია ქალბატონო, ეგ ჩემი ჭრილობიდან წამოსული სისხლია - მორიდებით წარმოსთქვა გოგიმ და გაეშურა მეგობრების დასახმარებლად.
მალე ხანძარმა უკან დაიხია. ბიჭებმა ჩააქრეს ბოლო ნაპერწკალი. მეხანძრეებმა კარგად იმუშავეს. სახეზე ხვითქი გადასდიოდათ, მაგრამ დაღლილობა არ ეტყობოდათ. მათ სწრაფად აკრიფეს საბრძოლო იარაღი, შემდეგ დაიკავეს ადგილები სახანძრო მანქანაში და ნაწილისაკენ იბრუნეს პირი.
1281
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.