სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები სასაწყობო დანიშნულების საწარმოო ობიექტებისათვის » Borbonchia - ცეცხლთან მებრძოლები
                                რეკლამა

საიტი შექმნილია მეხანძრეების მიერ, მეხანძრეებზე და მეხანძრეებისათვის. არამარტო მათზე და მათთვის.

» » სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები სასაწყობო დანიშნულების საწარმოო ობიექტებისათვის

სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები სასაწყობო დანიშნულების საწარმოო ობიექტებისათვის


მუხლი 30. სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები სასაწყობო დანიშნულების ობიექტებისათვის
1. ნივთიერებების და მასალების შენახვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი ხანძარსაშიში ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (დაჟანგვა, თვითგახურება და აალების უნარი ტენის მოხვედრისას, ჰაერთან შეხებისას და ა.შ.) და მათი ჩაქრობათვის გამოყენებულ ცეცხლმაქრ ნივთიერებებთან თავსებადობის ნიშნები.
2. აკრძალულია ერთ სათავსში კაუჩუკთან ან ავტომობილის საბურავებთან ერთად რომელიმე სხვა მასალის და საქონლის შენახვა. ავზები წვადი აირებით, ტარა ადვილაალებადი და წვადი სითხეებით, აგრეთვე აეროზოლური შეფუთვები უნდა იყოს დაცული მზის სხივებისა და სხვა სითბური ზემოქმედებისგან.
3. საწყობებში ტარის გახსნასთან, საქონლის გამართულობის შემოწმებასა და წვრილმან შეკეთებასთან, პროდუქციის დაფასოებასთან, ხანძარსაშიში სითხეების სამუშაო ნარევების მომზადებასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია უნდა განხორციელდეს შენახვის ადგილებიდან იზოლირებულ სათავსებში.
4. დაუშვებელია საწყობების შიგნით აირის ქურებისა და ელექტრო-გამახურებელი ხელსაწყოების ექსპლუატაცია და შტეფსელის როზეტების დაყენება, აგრეთვე მორიგე განათების მოწყობა.
5. საწყობის ელექტრომოწყობილობა სამუშაოს დამთავრების შემდეგ უნდა გაუდენურდეს. ელექტრომომარაგების გასათიში აპარატები უნდა განთავსდეს საწყობის გარეთ უწვ კედელზე ან ცალკე მდგომ საყრდენზე.
6. საწყობის სათავსებში ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი სანათიდან წვად ნივთიერებებსა და მასალებამდე უნდა იყოს არანაკლებ 0,5 მ.
7. ხანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიშროების „A“ და „B“ კატეგორიის საწყობების სათავსებში ლოკომოტივების შესვლა აკრძალულია.
მუხლი 31. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ადვილაალებადი და წვადი სითხეების სარეზერვუარო პარკებისათვის (ნავთობის ბაზა და ტერმინალი)
1. ადვილაალებადი და წვადი სითხეების სარეზერვუარო პარკების (ნავთობის ბაზა და ტერმინალი) გეგმარებითი გადაწყვეტები და მათი მოწყობილობის კონსტრუქციული შესრულება უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო და ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების მოთხოვნებს.
2. ნავთობის ბაზის, ტერმინალის (საწყობის), ჩამოსასხმელ-გადასაქაჩი სადგურის ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი არანაკლებ 2 მ სიმაღლის ღობით.
3. სასუნთქი, დამცავი სარქველები და ცეცხლშემზღუდები, რომლებიც უზრუნველყოფენ რეზერვუარში ალის შეღწევისაგან დაცვას უნდა მოეწყოს და პრიოდულად შემოწმდეს ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად. სასუნთქი არმატურის დათვალიერებისას საჭიროა სარქველების და ბადეების ყინულისგან გაწმენდა.
4. რეზერვუარებში ნავთობპროდუქტების სინჯების აღება და დონის გაზომვა უნდა განხორციელდეს ნაპერწკალუსაფრთხო მოწყობილობით. სინჯების აღებისა და დონის გაზომვის შემდეგ დაღვრილი ნავთობპროდუქტები უნდა იქნეს მოცილებული.
5. ადვილაალებადი და წვადი სითხეების შესანახ ობიექტებზე აკრძალულია:
ა) დაძრული (გადახრილი) და დაზიანებული ზედაპირის, გაუმართავი საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების და სტაციონარული ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარების, არაჰერმეტული ჩამკეტი და სასუნთქი არმატურის მქონე რეზერვუარების ექსპლუატაცია;
ბ) ნავთობპროდუქტების ჩასხმა-ჩამოსხმისას, ასევე ჭექა-ქუხილის დროს სინჯების აღება და დონის გაზომვა.
გ) ნავთობპროდუქტების ჩასხმა-ჩამოსხმა ჭექა-ქუხილის დროს;
დ) ნაპერწკალწარმომქმნელი ინსტრუმენტით და ფეხსაცმლით მუშაობა;
ე) რეზერვუარებსა და ცისტერნებში დაშვებულ ნორმაზე მეტი ნავთობპროდუქტების ჩასხმა.
6. ადვილაალებადი და წვადი სითხეების შესანახი ობიექტების ტერიტორია დროულად უნდა გაიწმინდოს ხმელი ბალახისაგან, წვადი მასალებისა და დაღვრილი ადვილაალებადი და წვადი სითხეებისაგან.
7. შემოზვინვები რეზერვუარების ირგვლივ, რეზერვუარების ჯგუფის (ცალკე განთავსებული რეზერვუარის) შემოღობვა, აგრეთვე მათზე გადასასვლელი კიბეები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში.
8. ადვილაალებადი და წვადი სითხეების სარეზერვუარო პარკების (ნავთობის ბაზა და ტერმინალი) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ამ მუხლის მოთხოვნებთან ერთად აუცილებელია „ნავთობის ბაზების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 15 იანვრის №65 საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნების გათვალისწინებაც.
მუხლი 32. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები საწყობებში წვადი და ადვილაალებადი სითხეების ტარით შენახვისას
1. მომხმარებლებზე ადვილაალებადი და წვადი სითხეების გაყიდვა უნდა განხორციელდეს ჰერმეტულად დახურული ტარით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ადვილაალებადი და წვადი სითხეების დაფასოებისათვის განკუთვნილი სათავსები უნდა იყოს მოწყობილი გამწოვი ვენტილაციის სისტემებით.
2. ადვილაალებადი და წვადსითხეებიანი ტარის საწყობების ექსპლუატაციისას აკრძალულია:
ა) ადვილაალებადი და წვადი სითხეების შენახვა ღია ან არაჰერმეტული ტარით;
ბ) ნაპერწკალწარმომქმნელი ინსტრუმენტით მუშაობა;
გ) ადვილაალებადი და წვადი სითხეების ჩამოსხმისა და გაცემის სათავსებში სარემონტო და ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარება პროდუქციის გაყიდვის დროს.
3. აკრძალულია ადვილაალებადი სითხეების ჩამოსხმა, აგრეთვე შესაფუთი მასალების და ტარის შენახვა უშუალოდ საცავებსა და შემოზვინულ მოედნებზე.
მუხლი 33. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები წვადი აირის ავზების შესანახი საწყობებისათვის
1. წვადი აირის ავზების საწყობის გარშემო 20 მ-ის რადიუსში აკრძალულია წვადი მასალების დაწყობა და ღია ცეცხლის გამოყენებით სამუშაოების ჩატარება. წვადი აირის ავზების საწყობის სათავსები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით.
2. წვადი აირის ავზების შესანახი სათავსები უნდა იყოს აღჭურვილი გამართული აფეთქებადამცავი (ადვილადდასაშლელი კონსტრუქციები, ადვილად-მსხვრევადი შემინვა, ადვილადამოსაგდები პანელები) მოწყობილობებით.
3. წვადი აირის ავზების საწყობების კარებზე უნდა იყოს გამოკრული სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი აღიარებული საერთაშორისო ნიშნები. წვადი აირის ავზების სასაწყობე სათავსებში აკრძალულია სხვა ნივთიერებების, მასალების და მოწყობილობების შენახვა.
4. ბუნიკებიანი წვადი აირის ავზები უნდა ინახებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში სპეციალურ ბუდეებში, გალებში და სხვა მოწყობილობებში, რომლებიც გამორიცხავენ მათ წაქცევას. ბუნიკების არმქონე ავზები უნდა ინახებოდეს ჩარჩოებზე ან სტელაჟებზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. შტაბელების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1,5 მ-ის, ხოლო სარქველები უნდა იყოს დაფარული დამცავი ხუფებით და მიმართული ერთ მხარეს. აირის გაჟონვის აღმოჩენისთანავე ავზები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი სასაწყობე სათავსებიდან.
5. ცარიელი ავზები უნდა ინახებოდეს სასაწყობე სათავსში, სავსე ავზებისაგან განცალკევებით. მათი განთავსების ადგილი (სტელაჟები, შტაბელები, ჩარჩოები) უნდა იყოს აღნიშნული წარწერიანი აბრებით „ცარიელი ავზები“, „სავსე ავზები“.
6. ჟანგბადის ავზების შენახვისა და ტრანსპორტირებისას დაუშვებელია ავზებზე ზეთის (ცხიმი) მოხვედრა და ავზის არმატურის გაზეთილ მასალებთან შეხება. ჟანგბადის ავზიების ხელით გადაადგილებისას დაუშვებელია სარქველებზე ხელის მოკიდება.
7. შენახული გათხევადებული ნახშირწყალბადის ავზების ვენტილების შტუცერებზე უნდა იყოს მოწყობილი სახშობები, ხოლო ავზების ყელზე უნდა იყოს ჩამოცმული დამცავი ხუფები.
8. გაუმართავი და არაჰერმეტული ავზებიდან გათხევადებული ნახშირწყალბადის ჩამოცლა უნდა განხორციელდეს ჩამოსასხმელ განყოფილებაში, სპეციალურად მოწყობილ ჰერმეტულ ჭურჭელში. აკრძალულია მათი ჩამოცლა საერთო ჭურჭელში, ღია ტარაში, თანაორმოებში, სამრეწველო კანალიზაციაში.
9. წვადი აირების ავზები უნდა ინახებოდეს ჟანგბადით, შეკუმშული ჰაერით, ქლორით, ფტორით და სხვა მჟანგავებით, აგრეთვე ტოქსიკური აირებით დატუმბული ავზებისაგან განცალკევებით.
10. ფეთქებადსაშიში კონცენტრაციის კონტროლისათვის, წვადი აირის ავზების საწყობის სათავსებში დამონტაჟებული უნდა იყოს აირანალიზატორები. სათავსებში აირანალიზატორების არქონის შემთხვევაში ობიექტის ხელმძღვანელი ვალდებულია დააწესოს საწყობის სათავსებში აირჰაერის გარემოს სინჯის აღებისა და კონტროლის წესი.
მუხლი 34. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები მარცვლეულის საწყობებისთვის
1. მარცვლეულის საწყობების ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდეების ღიობებში (მათ შორის, საწყობსა და მარცვლეულის საშრობს შორის) მარცვლეულის ტრანსპორტირების ადგილები უნდა იყოს აღჭურვილი ხანძარსაწინააღმდეგო სარქველებით ან სხვა მოწყობილობებით, რომლებიც გამორიცხავენ ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის გავრცელებას მომიჯნავე სათავსებში.
2. მარცვლეულის ყრილად შენახვისას მანძილი ყრილის წვეროდან გადახურვების წვად კონსტრუქციებამდე, აგრეთვე სანათებსა და ელექტრო-სადენებამდე უნდა იყოს არანაკლებ 0,5 მ. მოძრავი საშრობი აგრეგატი უნდა იყოს დაცილებული არანაკლებ 10 მ-ის მანძილზე მარცვლეულის საწყობიდან. საშრობების საცეცხლეების მოწყობილობა უნდა გამორიცხავდეს ნაპერწკლების გამოფრქვევას. საკვამლე მილები უნდა აღიჭურვოს ნაპერწკალსაქრობებით, ხოლო წვად კონსტრუქციებში მათი გავლის ადგილები მოეწყოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცილებით.
3. მარცვლეულის საწყობებში აკრძალულია:
ა) მარცვლეულთან ერთად სხვა მასალებისა და მოწყობილობების შენახვა;
ბ) საწყობების სათავსებში მარცვალსაწმენდების და სხვა შიგაწვისძრავიანი მანქანების გამოყენება;
გ) მოძრავ მექანიზმებზე მუშაობა, თუ საწყობის ჭიშკრები ორივე მხრიდან დახურულია;
დ) მყარ სათბობზე მომუშავე საშრობების დანთება ადვილაალებადი და წვადი სითხეებით, ხოლო თხევად სათბობზე მომუშავე საშრობების დანთება ჩირაღდნების გამოყენებით;
ე) ტრანსპორტიორის ლენტის დონის ზევით მარცვლის დაყრა და ტრანსპორტიორის კონსტრუქციებზე ლენტის ხახუნის დაშვება;
ვ) საშრობებზე მუშაობა საცეცხლეში (ელექტროანთების სისტემით ან მის გარეშე) ჩირაღდნის ჩაქრობისას საწვავის მიწოდების ავტომატური გათიშვის და ტემპერატურის კონტროლის ხელსაწყოების დაზიანების შემთხვევაში.
4. საშრობის მუშაობის დროს უნდა განხორციელდეს მარცვლეულის ტემპერატურის კონტროლი, რათა გამოირიცხოს მისი აალება საშრობში.
მუხლი 35. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები დახერხილი ხე-ტყის საწყობებისათვის
1. ნაფოტების ყრილად შენახვისას უნდა იყოს გათვალისწინებული მასში უწვი მასალის ჭების მოწყობა, ნაფოტის გახურების ტემპერატურის კონტროლის ხელსაწყოების მოსათავსებლად.
2. აკრძალულია ტრანსპორტირებისათვის მომზადებული პაკეტების დასაწყობება ან/და ხანგრძლივი დროით შენახვა ხანძარსაწინააღმდეგო მანძილებში, გასასვლელებსა და ხანძარსაწინააღმდეგო წყლის წყაროებთან მისასვლელებში.
მუხლი 36. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები ნახშირის და ტორფის საწყობებისათვის
1. ნახშირისა და ტორფის საწყობების ექსპლუატაციისას აკრძალულია:
ა) ახლადმოპოვებული ნახშირის დაწყობა ერთ თვეზე მეტი ხნის ყრილზე;
ბ) კონვეიერით ცეცხლმოდებული ნახშირის და ტორფის ტრანსპორტირება და მათი გადატვირთვა რკინიგზის ტრანსპორტში ან ბუნკერში;
გ) ნახშირის და ტორფის შტაბელების დაწყობა სითბოს წყაროებზე (ორთქლსადენები, ცხელი წყლის მილსადენი, გამთბარი ჰაერის არხები და ა.შ.), აგრეთვე ელექტროკაბელებსა და ნავთობ-აირსადენებზე;
დ) დაუშვებელია გადმოტვირთული სათბობის შენახვა ნაყარის სახით ორ დღე-ღამეზე მეტი ხნით.
2. სხვადასხვა მარკის ნახშირი და ტორფის ყოველი სახეობა (ნატეხი, ფრეზერული) უნდა დაეწყოს ცალკეულ შტაბელებად.
3. ნახშირის დაწყობისა და შენახვისას დაუშვებელია შტაბელებში ხის, ქსოვილის, ქაღალდის, თივის, ტორფის, აგრეთვე სხვა წვადი ნარჩენების მოხვედრა.
4. შტაბელების ძირის საზღვრიდან შემოღობვამდე ან ამწეების ლიანდაგების ფუნდამენტამდე უნდა იქნეს გათვალისწინებული გასასვლელების მოწყობა სახანძრო ავტომობილებისათვის.
5. საწყობებში ნახშირის და ტორფის შტაბელებში უნდა ხდებოდეს ტემპერატურის კონტროლი.
6. 60 0C-ზე ზევით ტემპერატურის მომატებისას უნდა მოხდეს შტაბელების შემჭიდროება ტემპერატურის მომატების ადგილებში, გაცხელებული ნახშირის და ტორფის ამოღება ან ტემპერატურის დაწევის სხვა უსაფრთხო მეთოდების გამოყენება.
7. აკრძალულია ნახშირის წყლით გაგრილება ან ჩაქრობა უშუალოდ შტაბელებში. ცეცხლმოდებული ნახშირის ჩაქრობა წყლით უნდა მოხდეს მხოლოდ შტაბელიდან ამოღების შემდეგ, აგრეთვე თვითანთებული ნახშირის ან ტორფის გაცივების ან ჩაქრობის შემდეგ მათი კვლავ შტაბელებად დაწყობა.
მუხლი 37. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები საყოფაცხოვრებო დანიშნულების პიროტექნიკური ნაკეთობების საწყობებისათვის
1. პიროტექნიკური ნაკეთობები უნდა ინახებოდეს ხანძარსაშიში და აფეთქებახანძარსაშიში „V“ კატეგორიის სასაწყობე შენობა-ნაგებობებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით.
2. პიროტექნიკური ნაკეთობების საწყობების და ჩასატვირთ-გადმოსატვირთი ადგილების იატაკი უნდა იყოს უწვი მასალის და გამორიცხავდეს ნაპერწკალწარმოქმნას.
3. საწყობების შენობების (სათავსები) შიდა ხელოვნური განათებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული ნაპერწკალუსაფრთხო ნათურები (სანათები). გამანაწილებელი ფარები, ამომრთველები და სხვა ელექტროტექნიკური მოწყობილობები უნდა იყოს ნაპერწკალუსაფრთხო. ისინი უნდა განთავსდეს საწყობის სათავსებს გარეთ.
4. სასაწყობე სათავსში პიროტექნიკური ნაკეთობების შტაბელებად დაწყობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საევაკუაციო გზებისა და გასასვლელების მოწყობა. შტაბელები უნდა დაეწყოს ისე, რომ არ დაიშალოს და არ დაზიანდეს პროდუქციის შეფუთვა.
5. პიროტექნიკური ნაკეთობების ჩასატვირთვა-გადმოსატვირთვის სამუშაოები ერთდროულად სრულდება მხოლოდ ერთ ავტომობილზე. სხვა პიროტექნიკური ნაკეთობებით დატვირთული ავტობომილები უნდა იმყოფებოდნენ არანაკლებ 20 მ მანძილზე. აღნიშნული ავტომობილების მძღოლები ნაკეთობების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პერიოდში უნდა იმყოფებოდნენ ავტომობილის კაბინაში.
6. პიროტექნიკური ნაკეთობების საწყობში თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს გამოკრული ინსტრუქცია სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ და აბრა პიროტექნიკური ნაკეთობების ნორმით დაშვებული რაოდენობის მითითებით.
მუხლი 38. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები აეროზოლური პროდუქციის საწყობებისათვის
1. პროდუქცია აეროზოლური შეფუთვებით უნდა ინახებოდეს დადგენილი მარკირების მქონე ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ ტარაში აეროზოლური პროდუქციის შენახვის (სახანძრო საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით) მოთხოვნების შესაბამისად და შესაბამისი აეროზოლური პროდუქციის სახანძრო საშიშროების დონის მიხედვით (პირველი დონე, სადაც შიგთავსის წვის შედეგად გამოყოფილი სითბო არის 20 მგჯ, მე-2 დონე, სადაც შიგთავსის წვის შედეგად გამოყოფილი სითბო არის 20-30 მგჯ, მე-3 დონე, სადაც შიგთავსის წვის შედეგად გამოყოფილი სითბო არის 30 მგჯ-ზე მეტი)
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მარკირების არმქონე პროდუქცია უნდა ინახებოდეს სახანძრო საშიშროების მე-3 დონის აეროზოლური შეფუთვებისათვის წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო პირველი დონის სახანძრო საშიშროების აეროზოლური შეფუთვები – წვადი მასალების შენახვის წესების მოთხოვნების შესაბამისად.
3. აეროზოლური შეფუთვების დაწყობა მრავალსართულიან საწყობებში დასაშვებია მხოლოდ ბოლო სართულზე, ხანძარსაწინააღმდეგო ნაკვეთურებში ასეთი შეფუთვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150000 ცალს.
4. სახანძრო საშიშროების მე-2 და მე-3 დონის აეროზოლური პროდუქცია უნდა ინახებოდეს ცალკე მდგომ შენობებში ან ასეთი შენობების ხანძარსაწინააღმდეგო ნაკვეთურებში. სახანძრო საშიშროების მე-2 და მე-3 დონის აეროზოლური პროდუქციის შენახვა სხვა საქონელთან ერთად უნდა განხორციელდეს ცალკე სათავსებში ან სპეციალურად გამოყოფილ უბნებზე, რომლებიც ირგვლივ შემოღობილია არანაკლებ 3 მმ ფოლადის მავთულის, არანაკლებ 50 მმ უჯრებიანი ბადით. კარები აეროზოლური პროდუქციის შესანახი სათავსების ღიობებში უნდა იყოს აღჭურვილი თვითჩამკეტი მოწყობილობით.
5. ღია მოედნებზე ან ფარდულებში აეროზოლური შეფუთვების შენახვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ უწვ კონტეინერებში. ხანძარსაწინააღმდეგო მანძილი მე-2 და მე-3 დონის სახანძრო საშიშროების აეროზოლური შეფუთვების შტაბელებიდან შენობა-ნაგებობებამდე უნდა იყოს არანაკლებ 15 მ.
1393
    

კომენტარები -
0

ინფორმაცია

მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.